არიან თუ არა ნამყოფი ჯარში ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა როგორც დედისერთა არ წამიყვანეს..." - კვირის პალიტრა

არიან თუ არა ნამყოფი ჯარში ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა როგორც დედისერთა არ წამიყვანეს..."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას, ლევან იზორიას მიმართა და დეპუტატების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სურვილი გამოთქვა.

"დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით", - მიმართა თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, არიან თუ არა ქართველი დეპუტატები ჯარში ნამყოფი. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 90%-ს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ხოლო კონკრეტულად ვის რა სამხედრო უნარ-ჩვევები აქვს შეძენილი, ამას თავად დეპუტატებისგან შეიტყობთ.

კახა ოქრიაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

უნივერსიტეტში სწავლის დროს 2-თვიანი სამხედრო კათედრა გავიარე ბათუმში და მივიღე სამედიცინო ლეიტენატის წოდება. სხვათა შორის, ძალიან მომწონდა ეს სწავლების პერიოდი. ახლა რეზერვისტებში დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი და წელიწადში ორი კვირით წავიდოდი.

ზაზა ხუციშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც სამხედრო კათედრა გავიარე და 40-დღიან წვრთნებზე ვიყავი ახალქალაქში.

აკაკი ზოიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მაშინ სტუდენტებს არ იწვევდნენ. მისი დამთავრების შემდეგ ჯარი აღარ იყო. მაშინ საბჭოთა კავშირის დრო იყო და ჯარი კი არა, ქვეყანაც აღარ იყო.

სიმონ ნოზაძე, მაჟორიტარი დეპუტატი:

სამხედრო კათედრაზე ვსწალობდი და შემდეგ 2-თვიანი შეკრება გავიარე, სადაც გვასწავლეს და მოგვამზადეს ლეიტენატებად. ასევე გავლილი მაქვს უშიშროების 6-თვიანი უმაღლესი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი შეკრება ზაფხულში აზერბაიჯანში გავიარე და თაკარა მზის ქვეშ ვცხოვრობდით, მაინც კარგად მახსენდება. ბევრნი ვიყავით, თუმცა ძალიან მობილიზებული და შეკრულები ვიყავით. კვება არ ვარგოდა, მაგრამ მოტივირებულები ვიყავით ჩვენი საქმე გვესწავლა. ასე, რომ ცოტა ყველაფერი ვიცოდით. ტაქტიკური მომზადება, რა სტარეგიული ამოცანები დგას ჯარის წინაშე, ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ფრონტების და არმიების კავშირი.

ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

როგორც თადარიგის ოფიცერი „ზბორებზე“ ვარ ნამყოფი. როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაშინ გვამზადებდნენ თადარიგის ოფიცრებად და გავდიოდით სპეციალურ სწავლებას სამხედროში. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ ყველა მამაკაცი ასე თვლის. საინტერესოა იმ უნარების და ჩვევების დაუფლება, რაც უნდა ჰქონდეს ყველა მეომარ მამაკაცს.

მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში არ ვარ ნამყოფი. სტუდენტობის დროს უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა იყო და ეს კათედრა გავიარე. ერთთვიანი სამხედრო მომზადებით ჩავაბარე გამოცდა და თადარიგის ოფიცრის წოდება მივიღე. როგორც მახსოვს, რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჩინი გაუქმდა და სხვა წოდება მიენიჭა. არ დაგიმალავთ, არ იყო ეს ის სამხედრო მომზადება, რაც საჭიროა. ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მაშინ ამას. ასე რომ, არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს გართობის საშუალებად იყო ქცეული, თუმცა ელემენტარული რაღაც მაინც ვისწავლე. განაგრძეთ კითხვა