ჯონ ლასო ქართველი და ტიფლისურ- ბათუმური უბნები ვაშინგტონში
25-06-2018
ჯონ ლასო ქართველი და ტიფლისურ- ბათუმური უბნები ვაშინგტონში
დაუჯერებელია, მაგრამ ტიფლისისა და ბათუმის დასახლებები საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკის კონტინენტზეც არსებობს. ოფიციალური დოკუმენტებით ეს დასახლებები ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს. ცხოვრობენ თუ არა დღეს იქ ქართველები, ამის გასარკვევად ემიგრანტმა, მეცნიერმა ოთარ იოსელიანმა გადაწყვიტა ამერიკული ტიფლისი და ბათუმი თავისი თვალით ენახა.

რაჭველი მიწის მუშები და ქართული დასახლებები ამერიკაში

ოთარ იოსელიანი: "როდესაც ვაშინგტ­ონის შტატში ჩამოვედი, დავიწყე ძებნა, და ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ ამავე შტატში არსებობდა ტიფლისი. დავ­იწყე მოკვლევა... ამერიკული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს დასახლება
კავკასი­ე­ლებს დაუფუძნებიათ, შემდეგ აღმოვაჩ­ინე დასახლება ბათუმიც და გამგზავრება გადავწყვიტე. ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ტიფ­ლისში ჩავედი. ეს დასახლება დღესაც­ არსებობს და ძირითადად, ფერმერთა რამდენიმე სახლი დგას. სამწუხაროდ, ქართ­ველების კვალს ვერ მივაგენი, მხოლ­ოდ მექსიკური წარმოშობის ფერმერებს შევხვდი. შემდეგ გეზი ბათუმისკენ ავიღე. ის ტიფლისზე ნაკლებად დასახლებული გამოდგა. ქართველთა მიერ
დაფუძნებული ეს დასახლებები ვერ განვითარდა, თუმცა რუკაზე მათი პოვნა დღესაც შესაძლებელია".
ვაშინგტონის შტატში ტიფლისისა და ბათუმის შექმნის ვერსია ქართველი ისტ­ორიკოსების ვერსიასაც ემთხვევა. ისინი ამერიკაში ქართველების პირველ ემიგრაციას 1820 წელს უკავშირებენ, მაგრამ რაჭველი მიწის მუშები მასობრივად 1910-13 წლებში ჩავიდნენ. ბევრი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში, ზოგი დაიღუპა, ზოგი ქალაქ სიეტლსა და მის მიდამოებში დასახლდა.

ტიფლისისა და ბათუმის დასახლებ­ებსა და ქალაქ სიეტლს შორის 330 კილომეტრია. ტიფლისი ხშირად ფიგურირებს­ სარკინიგზო კომპანიის საბუთებში. შემო­რჩე­ნილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკიც.

ლასე არეშიძე ბრუს ლის საფლავის გვერდით­ განისვენებს

რაჭველი მუშების ემიგრაციის პერიოდში­ ჩავიდა იმერეთიდან ჯერ ალასკაზე, შემდეგ კი სიეტლში ქართველი ემიგრანტი ლასე (ლასო) არეშიძე, რომელმაც ქართველების ყურად­ღება ერთი მიზეზით მიიპყრო - სიეტლის­ ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე ლასო არეშიძე ბრუს ლის საფლავიდან 60 მეტრში­ განისვენებს, რომ არა საბრძოლო ხელოვნების თაყვანისმცემელი ოთარ იოსელიანი,­ რომელმაც ეს საფლავი შემთ­ხვევით, ბრუს ლისთვის პატივის მიგების შემდეგ შენიშნა, შესაძლოა არაფერი გვცოდნოდა ქართველი ემიგრანტის შესახებ. საფლავის ქვას ლასო არეშიძე ქართულადაც აწერია.

მას შემდეგ, რაც ოთარ იოსელიანმა საფლავის ფოტო გამომიგზავნა, მე ჩემი ძალებით მოკვლევას შევუდექი, რომ გამეგო, ვინ არის სიეტლში დაკრძალული ქართველი. სასაფლაოს ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მივმართე, ამავე დროს დავიწყე ისტორიკოსებთან გაკითხვა ქართველი ემიგრანტის შესახებ. გამიმართლა და ისტორიკოსმა რუსუდან დაუშვილმა ლასო არეშიძის, იმავე ჯონ ლასოს შთამომავლის, თეა ინწკირველის ნომერი მომცა.
-"გამარჯობა, თქვენ სიეტლში დაკრძალული ლასო არეშიძის, იმავე ჯონ ლასოს შთამომავალი ხართ?" - ვეკითხები ქალს.
"- კი, ლასო ჩემი დიდი ბებიის ძმა გახლდათ - მპასუხობს იგი.

მოგვიანებით თეა ინწკირველმა ლასო არეშიძის შესახებ მიამბო: - 4 წლის წინ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა აკაკი­ სურმავამ და ვოლტერ რეხვიაშვილმა მაპოვნინეს ბაბუაჩემის საფლავი. ლასო არეშიძეს­ ჰყავდა ძმები: ვიქტორი, ნესტორი და ივლიანე და და, აკვირინე, ჩვენ აკვირინეს შთამომავლები ვართ.

1900-იან წლებში ემიგრირებული ლასოს მეგობრის, ვანო რეხვიაშვილის შვილი ვოლტერი თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს ლასო არეშიძის ცხოვრებას:

"ლასო ქუთაისელ არისტოკრატთა ოჯახიდან იყო. ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, როცა საქართველოდან ვლადივოსტოკში გაემგზავრა. ფული შემოაკლდა, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, გაეძარცვათ ადგილობრივი სამეფო ჯარის გარნიზონის საგადასახადო უწყების კურიერი...
ლასო და მისი მეგობარი ერთ ბნელ ღამეს დახვდნენ კურიერს და წაართვეს ერთი ტომარა ფული. ლასოს თანმხლებს იმ კაცის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ლასომ დაარწმუნა, რომ საკმარისი იყო კურიერის გათოკვა, ფულის აღება და იქაურობიდან გაცლა... გათოკეს კურიერი, გაიქცნენ და ფული გადამალეს.

ცოტა მოშორებით ცხენები იპოვეს და მათი გზებიც გაიყარა. მალე ლასო დაიჭირეს... სასამართლოზე უნდოდათ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თუ არ დააბრუნებდა ფულს და არ დაასახელებდა თანამონაწილეს... ამ დროს მოსამართლემ შემოიყვანა კურიერი, რომელიც მოჰყვა, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გაძარცვა...
ლასოს ადვოკატმა კურიერს მიმართა, თუ თქვენ მიერ მიცემული ჩვენება მართალია, მაშინ გამოდის, ლასოს გადაურჩენია თქვენი სიცოცხლე და მისი მადლიერი უნდა იყოთო. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ კურიერმა სასამართლოს მოახსენა, რომ იმ ღამეს ძალიან ბნელოდა და კარგად ვერ გაარჩია თავდამსხმელები, მისი აზრით, ლასო მათ შორის არ უნდა ყოფილიყო.

გათავისუფლებულმა ლასომ გადამალული­ ფული ამოიღო და ჩრდილო ციმბირისკენ გაუდგა­ გზას. 1909 წელს, როგორც კი ალასკაზე ჩავიდა, ფულის დიდი ნაწილი­ დოლარებზე გადაცვალა... ორიოდე წლის შემდეგ კი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გადავიდა, სადაც ბევრი სხვა ქართველი ცხოვრობდა...

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ლასოს უკვე ჰქონდა ხუთი თუ ექვსი კლუბი, ეს კლუბები არალეგალ­ურად არსებობდნენ და ამიტომ ლასო არსად უჩვენებდა თავის შემოსავალს. მთავრობა კი ამბობდა, რომ ეს გადასახადი შეადგენდა დაახლოებით ორ მილიონ დოლარს. ამერიკის ხელისუფლება მოითხოვდა, რომ მას გადასახადები გადაეხადა და ლასოც იძულებული გახდა სასამართლოზე გამოცხადებულიყო. ისიც ძონძებში გამოეწყო და მოსამართლეს ჰკითხა: "ვგავარ მე მილიონერს?" რამდენიმე თვის მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ლასო გადაიხდიდა 250.000 დოლარს და საქმე ამით დამთავრდებოდა. ეს დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო მომდევნო კვირას, მაგრამ ლასო თავის მეგობარ ლუკა გავაშელიშვილთან ერთად კალიფორნიაში კოვბოების როდეოზე მყოფი გულის შეტევით გარდაიცვალა...

მთავრობამ კონფისკაცია გაუკეთა მის ქონებას, საბანკო ანგარიშების ჩათვლით, გარდა იმ ანგარიშებისა, რომელიც მას ფიქციურ სახელებზე ჰქონდა გაფორმებული".

სიეტლის სასაფლაოს ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია ლასო არეშიძის შესახებ ორი თვის შემდეგ გამომიგზავნა, სადაც ლასოს ბიოგრაფიული ცნობების გარდა, ნათქვამია: "ლასო 1900-იან წლებში­ დასახლდა სიეტლში, თუმცა იქამდე, მან ნავით გადაცურა ბერინგის სრუტე და ჩავიდა ქალაქ ნომში, ალასკაზე. ჯონ ლასოს არ ჰყავს შთამომავლები".

რაც შეეხება ლასოს ქონებას, შთამომავლებს მხოლოდ მოგონებები და ფოტოები შემორჩათ... თბილისისა და ბათუმის დასახლებები ვაშინგტონის შტატში კი შესაძლოა სწორედ ლასოსა და რაჭველი ემიგრანტების დაარსებული იყოს.

კანადელი რაჭველები


კანადელ ქართველებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ "ურთიერთდახმარების სისტემა". მაგალითად, ვანკუვერში მცხოვრებ 25 ოჯახს (მარტოხელებსაც), დაახლოებით 200-მდე ქართველს, რაჭაში შემორჩენილი ტრადიციის მიხედვით, შეუძენია დიდი სახლი და ერთად დასახლებულან. ამ სათემო საზოგადოებას კანადელები გაუოცებია მათი მეგობრობით. დიდი ოჯახების მსგავსად, რომლებსაც სათავეში უხუცესები ედგნენ და ყველა წევრს უნაწილებდნენ საქმეს, ვანკუვერის თემობასაც შეუქმნია უხუცესთა საბჭო, ქალთა კომიტეტი, სალარო, განათლების სექცია, გართობისა და კულტურის ჯგუფი და სხვა. თემი ერთ მძლავრ სამეურნეო-ეკონომიკურ ერთეულად იქცა, რომელიც სამშობლოში ახლობლებს და ადგილობრივ მოსახლეებსაც ეხმარებოდა. დროთა განმავლობაში ეს ერთობა დაიშალა, თუმცა ბევრს დღემდე ახსოვს თავისი წარმოშობა, მათგან აღსანიშნავია კანადის ოქროსა და ალმასის მოპოვების ერთ-ერთი პიონერი დიმიტრი მეტრეველი (მაიკ მიტო) და მისი ვაჟი ავგუსტ მიტო, რომელიც XX საუკუნის ბოლოს ამ დარგის ორი დიდი ფირმის მფლობელი იყო.


ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით