მთავარია, სისხლი დუღდეს... - კვირის პალიტრა

მთავარია, სისხლი დუღდეს...

"ეს ბიჭი შენია... ეს გოგო - ჩემია..."

დილა ესემესით იწყება, წინადღეც ასე  დამთავრდა. შეხვედრიდან შეხვედრამდე არ აცივებ მობილური ტელეფონის კლავიშებს. აბა, რა ვქნათ, ასე იცის სიყვარულმა, თანაც პაემნის დრო და ადგილი ხომ უნდა შევარჩიოთ. რამდენიმე ვარიანტი განიხილება, იდეები იცვლება, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრის ადგილი უცვლელია, იგივეა, რაც გუშინ, გუშინწინ... ისევ შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველსო, ხომ გაგიგიათ. ჰოდა, უარესებს შორის საუკეთესო ირჩევა: რომელიმე კოხტა პარკი, სადაც მშვიდად შეიძლება ათასგვარ საკითხზე საუბარი... პრინციპში, არა მარტო საუბარი.

პარკებში მართლაც მშვენიერი სიტუაციაა: თითქმის ყველა სკამი მოალერსე წყვილებით არის  დაკავებული. ვის არ შეხვდებით აქ: მერვეკლასელ ბავშვებს, ჯიბეგაფხეკილ სტუდენტებსა თუ უკვე ოცდაათს გადაცილებულ, ჯერ კიდევ დასაოჯახებელ თუ დაუოჯახებელ ადამიანებს... თითქოს ვერავინ ვერავის ამჩნევს, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე:

იქვე, მახლობლად, აუცილებლად დასეირნობენ "პირქუში" ბებიები და ბაბუები, რომლებიც თავიანთ პირდაპირ მოვალეობად დედამიწაზე უმსგავსობის აღკვეთას და იმ გარყვნილების“გმობას მიიჩნევენ, რომელიც მათ ირგვლივ სუფევს. ჰოდა, უკეთეს შემთხვევაში მორიგ წყვილთან ჩავლისას თავისთვის ჩაიბუტბუტებენ ერთ-ორ სალანძღავ სიტყვას. ყველაზე თამამები კი არც პირში წყევლა-კრულვას აკლებენ "ქვეყნის უღირს შვილებს". მოალერსე წყვილები კი ჯერ გაოცებულნი შესცქერიან თავიანთ "მსაჯულთ", შემდეგ კი უხმოდ ტოვებენ მყუდრო ადგილს, რომელსაც შესრულებული მისიით კმაყოფილი და გამარჯვებული ბებო ან ბაბუ იკავებს.

ამ პარკში უკვე აღარ დაედგომებათ, შესაბამისად თავიდან იწყება სჯა-ბაასი, რომლის მთავარი კითხვაა - სად წავიდეთ?“ მართალია, არც საკუთარი ავტომანქანის გასაღები ჩხრიალებს ჯიბეში და არც საფულეა მაინცდამაინც გასკდომაზე, მაგრამ მთავარია, სისხლი დუღდეს და ყველაფერს ეშველება...

აჰა, ათასი ვარიანტია: შეიძლება დაჰკრა ფეხი და ნახევარი ქალაქი სეირნობა-სეირნობით მოიარო, მაგრამ ძალიან დამღლელია. მაშინ სხვა პარკს მიაკითხავდა კაცი... არა, იქაც იქნება ვინმე აბეზარი "მისიონერი"...

რომელიმე მეგობართან სტუმრობაც შეიძლება, მაგრამ ეგ მერე იყოს, დღეს მესამე პირი ზედმეტია. ჰოოო, მაშინ შეიძლება ნებისმიერ შემხვედრ ავტობუსში ახვიდე და გაჰყვე, სადამდეც წავა, აქ მაინც არ დაიკარგები და... მერე რა, რომ უკვე საღამოა, იმავე მარშრუტს გამოჰყვები და ეგაა.

ავტობუსში, ყოველი შემთხვევისთვის, ბილეთის აღებაა საჭირო: შორი გზაა, რა იცი რა ხდება, ათასი კონტროლიორი დადის. ტრანსპორტი კი მიდის, მიდის, არ ჩერდება, უკვე ნაცნობ ადგილებს კარგა ხანია, გასცდა, მაგრამ სისხლადუღებულ შეყვარებულებს განა ეს ადარდებთ? ბოლო გაჩერებაზე იძულებული ხარ ჩამოხვიდე - აღმოჩნდა, რომ ავტობუსი უკან აღარ ბრუნდება.

ესეც პრობლემა. თუმცა, რა პრობლემა, განა შეყვარებულებისთვის ამქვეყნად რამე პრობლემა არსებობს? მერე რა, რომ რომელიღაც მიყრუებულ უბანში ამოჰყავი თავი, სადაც ალაგ-ალაგ ერთი-ორი ლამპიონი თუ ანათებს და ისიც მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსში. მერე რა, რომ ირგვლივ საეჭვო გარეგნობის უცნობები ინტერესით გაყოლებენ თვალს? მერე რა, რომ ირგვლივ ტაქსიც არ ჩანს, რომ უკანასკნელი გროშები გადაიხადო, რათა როგორმე ქალაქში ჩამოაღწიო? მთავარია, ისევ და ისევ, სისხლი დუღდეს და ყველაფერს ეშველება.

...სახლში დაბრუნებისთანავე ესემესები ისევ ახლდება. რა თქმა უნდა, განვლილი დღე დაწვრილებით განიხილება... რომელი გეგმა დარჩა შეუსრულებელი, რომელი„შესრულდა გადაჭარბებით და ა.შ. ამასთან, ახალი დღეც იგეგმება - რომანტიკული ოცნებებითა და ფერადი სურვილებით. ფონად კი მზიან სანაპიროზე ოცნება გასდევს, სადღაც მიკარგულ კუნძულზე უცვლელი ფრაზით, "ნეტავ, როდის წავალთ?" ოცნების მორევი ისე გვითრევს, უკვე ზღვის ნაპირას ვსხედვართ, მხოლოდ ჩვენ ორნი.

მოთამაშე ტალღებს შევცქერით და ერთმანეთს ყურში ჩავჩურჩულებთ: "მიყვარხარ, მიყვარხარ, შენ გჩუქნი ამ ზღვას, ამ მზეს, ამ გულს - ყველაფერი შენია, ეს ბიჭიც შენია... ეს გოგო - ჩემია..."

ეჰ, რა დრო გასულა ესემესების წერაში. გათენებამდე წუთებიღა დარჩა, ე.ი. უკვე ძილის დროა. არა, ძილი არ მინდა, რა დამაძინებს,  რა დროს ძილია!.. ჩვენ ისევ სანაპიროზე ვსხედვართ და ერთმანეთს ვეალერსებით, ყველაფერი ცხადშია, მთავარია, სისხლი დუღდეს...

გიორგი გოგუა