გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს - კვირის პალიტრა

გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს

2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ, თუმცა პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის პროექტი, რომელიც აღნიშნული ვადის 2019 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

“დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა. ამათგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი ხატიძე და მერაბ ქვარაია.

"ინტერპრესნიუსი"