სათნოების ანგელოზები - კვირის პალიტრა

სათნოების ანგელოზები

"ჩვენს ქვეყანაში ვერ ნახავთ ოჯახს, ვისთვისაც ომს ტკივილი არ მიეყენებინოს. პირადად ჩემს მაგალითზე ვიტყვი - ჩემი ორივე ბაბუა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ბებიები შორს რომ დაგვიგულებდნენ, მოთქმით დასტიროდნენ შინმოუსვლელ ქმრებსა და ძმებს. მომდევნო თაობებს აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომები წამოეწია, რომელშიც ასევე ძმა დავკარგე და არა მხოლოდ მე. რატომ ვიხსენებ იმ ტკივილიან დროს? უპირველესად იმიტომ, რომ ის ხალხი გავიხსენოთ, ვინც ქვეყნისთვის იბრძოდა, ქვეყანამ კი დაივიწყა. მათ უჭირთ. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც ყველამ მივატოვეთ, გარდა კეთილი ადამიანებისა. ერთ ქალბატონს ვიცნობ, თამარ გარსევანიშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ურთიერთობაში უამრავ სითბოსა და ენერგიას ხარჯავს; მათთან კარდაკარ დადის, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ მცირე სიხარული მიანიჭოს - გაესაუბროს…რამდენიმე ხნით გარეთ გაიყვანოს. ერთხელ ვკითხე, შვილმკვდარ დედას (მისი შვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და თბილისში დაბრუნებისას მოკლეს) ამდენი სიარულისთვის ძალა როგორ გყოფნის-მეთქი? ჩემი შვილის ნაცვლად ვეტერანთა კავშირის წევრი იმიტომ გავხდი, რომ ეს საქმე მეკეთებინა. განა მარტო მე, საბურთალოს მთელი ვეტერანთა კავშირი ასე კარდაკარ დადის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთანო.

მოკლედ, ხანდახან ჩვენ გვავიწყდება, მაგრამ სიკეთე არსებობს - ეს ხალხი სათნოების ანგელოზები არიან, რომლებმაც თვითონვე გადაიტანეს წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ იმდენი შეძლეს, რომ დღეს ტკივილს სხვას უამებენ. იქნებ მათზე დაწეროთ? იქნებ ამით გაახსენოთ მავანთ, რომ არსებობს ადამიანური ვალდებულებები, რომელთა შესრულება ყველას ვალია, მათ შორის, ხელისუფლებისაც. მით უფრო, რომ ამ დღეებში სწორედ საბურთალოს კავშირის ვეტერანი, არქიპო ნამგალაძე გახდა ასი წლის. ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაში სწორედ ამ სათნოების ანგელოზებსაც უდევთ წვლილი. ნინო ლობჟანიძე".

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ საბურთალოზე ვეტერანთა კავშირს ვესტუმრეთ. ჩვენი დანახვა იმდენად გაუკვირდათ, რომ თავმჯდომარემ, თემურ სიმონიშვილმა გულახდილად მკითხა, როგორ მოხდა, რომ მოხვედითო?

- ბატონო თემურ, როგორ ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - მათ წინაშე ქვეყანას დიდი ვალი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვალი მხოლოდ 9 მაისის გახსენებით ამოიწურება ხოლმე.

- არც ერთს არ ულხინს, არც მატერიალურად, არც მორალურად. მოქმედი ადვოკატი ვარ და არაერთხელ მიმიმართავს მათ გამო სასამართლოსთვის; სხვებს ფიზიკური ძალა მაინც გვაქვს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს კი აღარაფერი. გულიც სტკივათ, სიცოცხლის ბოლო წლებში უთხრა ზოგიერთმა, თქვენ რა ომი გქონდათ, საბჭოთა სახელმწიფოს იცავდით და არა სამშობლოსო! სიტყვა ტყვიაზე ძლიერია, გულს მოუშუშებლად ჭრის. ზოგიერთს შვილებმაც კი უღალატეს, იმასღა ელოდებიან, მამის ქონება როდის დარჩებათ. ზოგიერთს კარგი შვილებიც ჰყავს, მაგრამ ცხოვრება ისე რთულია, რომ დრო აღარ რჩებათ მშობლების მოსაფერებლად. არადა, განა რამდენი არიან? 676 კაცია დარჩენილი. ნუთუ ასე დიდ დროს მოითხოვს, რომ კარი შეუღო და მოიკითხო? ჩვენც ამას ვაკეთებთ, სხვას არაფერს.

- ყველაზე მეტად, ალბათ, მედიკამენტები სჭირდებათ...

- ყველაზე მეტად ადამიანური თანაგრძნობა სჭირდებათ. ზოგს იმდენად მძიმე პირობები აქვს, მათი სახლებიდან ჩვენები თვალცრემლიანები ბრუნდებიან ხოლმე.

- სამსახურს კი ეძახით, მაგრამ თურმე ვეტერანთა კავშირებს ხელფასი არა გაქვთ და ამ ადამიანების მხოლოდ კეთილი ნებით ჰპატრონობთ, ზოგჯერ პენსიების ხარჯზეც კი. განა რამდენი პენსია გაქვთ?

- ბევრი არაფერი. ხანდახან ისეც ხდება რომ, ადამიანს მხოლოდ პურის ფული უდევს - 80 თეთრი; აქედან 10 თეთრს ლიფტში რომ დახარჯავს, პურის ფული აღარ რჩება, მაგრამ პურზე ძვირფასი ის სიხარულია, რასაც ამ ადამიანებს ვანიჭებთ. ბევრჯერაც დავღლილვართ, მაგრამ ეს ბედნიერების განცდაც არის. ამიტომაც არ შემიძლია. არ ჩამოვთვალო საბურთალოს ვეტერანთა კავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეები, რომლებიც თავიანთი უბნის ვეტერანებს ასე გულით ემსახურებიან: ჩვენი გამგეობის მდივანი: თამარ გარსევანიშვილი, ლია საყვარელიძე, ირაკლი გაბრიელიშვილი, ვახტანგ დოლიძე… ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიკეთით გვევსება გული მაშინ, როცა ვეტერანებისთვის დახმარებას გაიღებენ. ზოგიერთი ხელს აგვიქნევს, - თავი დამანებეთო, მაგრამ ბევრი გვეუბნება, - აბა, რის ადამიანები ვართ, ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთო… კიდევ კარგი სიკეთე არსებობს და მასზე უკეთესს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ჩვენს ვეტერანებს განა ბევრი რამ სჭირდებათ, პატარა სიკეთეც ბავშვივით ახარებთ.

- ყველაზე ხნიერი რა ასაკის გყავთ?

- ყველაზე ხნიერი არქიპო ნამგალაძეა, 100 წელი შეუსრულდა. ეროვნულ ბიბლიოთეკას ვთხოვეთ და იუბილესთვის დარბაზი უფასოდ დაგვითმო; მერე იუბილე ფუნიკულიორზეც აღვუნიშნეთ… ეს ყველაფერი…მას ხომ უზომოდ უხაროდა, ჩვენც შევხაროდით მის კარგად ყოფნას.

წარწერა ფოტოზე: ლია საყვარელიძე, თამარ გარსევანიშვილი, ირაკლი გაბრიელიშვილი, არქიპო ნამგალაძე, ვახტანგ დოლიძე, თემურ სიმონიშვილი