"შეცდომა დავუშვი, მაპატიეთ. გეგა" - კვირის პალიტრა

"შეცდომა დავუშვი, მაპატიეთ. გეგა"

ტოტალიზატორების მოყვარული თბილისელები თურმე კარგა ხანია შეპყრობილი ყოფილან "მაზავშჩიკობის" სენით. ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, რამდენიმე წლის წინ მოხდა და სავალალო შედეგით დასრულდა.

- ისეთი ალღო მაქვს, შანსი არ არის, გავმაზო. დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ, შენ  ოღონდ ფული იშოვე, - არწმუნებდა 18 წლის გეგა მეგობარს.

- ასე ადვილია ფულის შოვნა? ვინ მომცემს, ბიჭო, ათას დოლარს? - უკვირდა დათუნას.

- მიდექ-მოდექი. ამდენი ნაცნობი გყავს, ამდენი მდიდარი ნათესავი და მე მეკითხები,  სად ვიშოვოო?

- მაინც რა ვთქვა, რა მოვიგონო? - უმწეოდ იკითხა დათუნამ.

- თქვი, რომ მეგობარს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება და საძმაკაცო ვუგროვებთ ფულს, ერთი თვის შემდეგ კი ჩაგასესხებთM-თქო. მე და შენ 500-500-ს დავდებთ, 10. 000-ს მოვიგებთ და შუაზე გავიყოფთ. ზაფხული მოდის, მაგარ დროს გავატარებთ, - ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობდა გეგა, თითქოს დოლარები უკვე ჯიბეში  ედო.

დათუნამ კარგად იცოდა, რომ გეგა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მასაც უყვარდა ეს სპორტი, მაგრამ გეგასავით არ იცნობდა ყველა კლუბსა და გუნდს. მართალია, გეგა 18 წლის იყო, მაგრამ ფეხბურთის ისტორია ისე კარგად იცოდა, სასწავლო საგანი რომ ყოფილიყო, გამოცდაზე უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებდა.

დათუნას ბევრი აღარ უფიქრია, ჩამოუარა რამდენიმე ახლობელს და მეგობრისთვის "დახმარება" სთხოვა.

თან ეფიცებოდა, ვალის დაბრუნებას ერთ თვეს არ გადავაცილებო. მოაგროვა თუ არა, მაშინვე გახარებული გავარდა გეგასთან და ფული ჩაუთვალა... გამართლდა გეგას ვარაუდი.  მართლაც მოიგეს და "მაზავშჩიკების" თავკაცმა ათი ათასი გადასცა ბიჭებს, თან მოწონების ნიშნად ცერა თითი დაანახა და უთხრა: - მაგრები ხართო! დათუნას უნდოდა ეთქვა, - მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი გეგაა, ის არის ფეხბურთის მცოდნეო, მაგრამ გეგამ მუჯლუგუნი გაჰკრა და სიტყვა პირზე შეაცივდა...

ამის შემდეგ ისინი "მაზავშჩიკების" ჯგუფის აქტიურ წევრებად იქცნენ. ბიჭები მოგებული თანხის ნახევარს ისევ "მაზავშჩიკებთან" დებდნენ, მეორე ნახევრით კი დროს ტარებას არ იკლებდნენ. გეგა საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, რომ "მაზიანს" ყოველთვის მოიგებდა. შესაშური სიზუსტით გამოიცნობდა ხოლმე მატჩის შედეგებს.

ბიჭებს ნელ-ნელა ფული დაუგროვდათ და  მაღაზიისათვის ფართი იქირავეს, სპორტული საქონელი შეიტანეს და ორი გოგონა გამყიდველებად დაიქირავეს.

გეგას და დათუნას მშობლები უსაზღვროდ გახარებულები იყვნენ - ამ პატარა ბიჭებმა ცხოვრებას "ალღო" აუღეს და ბიზნესი წამოიწყესო. გეგა დათუნას "ყოვლისშემძლე" ბიძას ასახელებდა მათი ბიზნესის ხელშემწყობად, - მან მოგვცა მაღაზიის გასახსნელი და საქონლის შესაძენი ფულიო, დათუნა კი პირიქით - გეგას ნათესავს "აბრალებდა" თავიანთ იღბლიან საქმიანობას. სამწუხაროდ, არც ერთის და არც მეორის მშობლებს აზრად არ მოსვლიათ, რომ ბიჭების ნათქვამი გადაემოწმებინათ.

ერთხელ ხელი მოეცარათ. ცდუნება დიდი იყო - "მაზავშჩიკი" თუ მოიგებდა, საკმაოდ სოლიდურ თანხას იდებდა ჯიბეში, ეს კი ძალიან კარგ და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავდა. გეგას კინაღამ სისხლი გაეყინა ძარღვებში, როცა სრულიად მოულოდნელი შედეგით დამთავრდა ის მატჩი, ასი პროცენტით რომ იყო დარწმუნებული თავის ვარაუდში. წაგებულ ვეებერთელა თანხას ახლობლები ვერ გადაიხდიდნენ. ბანკიდან კი უკვე გამოტანილი ჰქონდათ სესხი. ბიჭები საგონებელში  ჩაცვივდნენ - სად ეშოვათ, ან ვის მისდგომოდნენ. ფულის მიტანა რომ დაუგვიანდათ, მაშინვე შეეხმიანენ, - თქვენ რომ იგებდით, მაშინ ხომ კარგი იყო ფულის ჩაბარება, ახლა სხვებს რატომ უგვიანებთო?!

სამ დღეში გეგას შინ მიადგნენ:

- "მაზავშჩიკების" გადაგდება ასე იოლი რომ იყოს, ყველა წაგებული მაგაზე იჩალიჩებდა. კიდევ ერთ კვირას გაძლევთ. არ მოიტანთ და მერე თქვენს თავს დააბრალეთო, - უთხრეს გაფითრებულ გეგას და წავიდნენ.

დათქმული დრო იწურებოდა, ფულს კი ვერ შოულობდნენ. დათუნას სახლში  დილაუთენია სატელეფონო ზარი გაისმა. გულმა ცუდი KvirisPalitra.Geუგრძნო. დედა მივიდა ტელეფონთან, ყურმილი აიღო და:

- ვაიმე, რას ამბობ, რატომ?  - იკივლა ქალმა, დათუნა მიხვდა, რომ საშინელება მოხდა...

მერე შეშლილივით მივარდა დედას. ქალი  სულს ძლივს ითქვამდა:

- გეგამ  თავი მოიკლა...

გეგას მამამ დათუნას ორად მოკეცილი ქაღალდი მიაწოდა და გაბზარული ხმით ჰკითხა, - ეს რას ნიშნავსო. დათუნამ ქაღალდი გაშალა. გეგას წერილი იყო: "შეცდომა დავუშვი, რაც სიცოცხლის ფასად დამიჯდა. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, მაინც მომკლავენ... დათუნას უშველეთ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ გადარჩეს. მაპატიეთ. გეგა".

დათუნამ ყველაფერი უამბო გეგას და თავის მშობლებს. დათუნას დედ-მამას ბევრი აღარ უფიქრიათ, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ბინა უყოყმანოდ დათმეს და "მაზავშჩიკებს" ფული გაუგზავნეს, დარჩენილი თანხით ბინა დაიგირავეს. გადაწყვიტეს, საზღვარგარეთ წასულიყვნენ სამუშაოდ, რომ როგორმე ბინის ფული ეშოვათ. ექიმები იყვნენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდები.

ამერიკაში წავიდნენ. მაგრამ იქ ექიმებად ვინ ამუშავებდათ? თავიდან, მომვლელებად იყვნენ, მერე ერთ საავადმყოფოში სანიტრებად მიიღეს, ახლა ქალი ექთანია, კაცმა კი რამდენიმე გამოცდა ჩააბარა, რომ ექოსკოპიის აპარატთან მუშაობის უფლება მიეცათ. ახლაც იქ არიან და  ერთადერთ ვაჟს,  იქიდან ეხმარებიან.

დათუნა დაოჯახდა, თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ გეგაზე ფიქრი გამუდმებით  უღრღნის გულს...