როგორია წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 19 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 19 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტია გადაყვანილი.

"11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი "ჯეო ჰოსპიტალსის" მცხეთის ფილიალში. ორ პაციენტს უტარდება ოპერაცია, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ასევე "ჯეო ჰოსპიტალსში", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში განუცხადეს, 8 პაციენტიდან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის-საშუალო სიმძიმის. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ჯამში 19 პირია დაშავებული, რომელთა ნაწილიც მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.