"არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ..." - როგორ არჩევენ ცნობილი დედები ძიძებს? - კვირის პალიტრა

"არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ..." - როგორ არჩევენ ცნობილი დედები ძიძებს?

"სხვის გაჩენილ შვილებზე რომ ასეთ ამბავში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარ სახლში რას იზამდნენ?"

ერთ-ერთ ბინაში, ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ 6 თვის ტყუპ და-ძმაზე ძიძის ძალადობის მძიმე კადრები აღბეჭდა, რამაც საზოგადობა აღაშფოთა. მომხდარის თაობაზე მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ამ ოჯახში ძიძად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვებს სისტემატურად სცემდა. 47 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირინა ონაშვილი, მოდელი: - ძიძების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ძალიან მაშფოთებს. ამ დროს, პატარამ შესაძლოა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს და არც კი ვიცი, რა ზომის სასჯელი შეიძლება იყოს საკმარისი, ასეთი ადამიანების დასასჯელად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჭკუას თუ ვერ ისწავლის, შესაძლოა, იგივე გაიმეოროს, თუმცა, თვითონ პრეცენდენტი, რომ დაისჯება, უკვე კარგია.

საზოგადოების ფონია რაღაცნაირი, ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და არ ვიცი, რა ხდება. ბევრს აქვს ნერვული აშლილობა. ალბათ, ცოტა გამართლებაზეცაა, როგორი ძიძა შეგხვდება და მაგალითად, მე, ქუჩიდან ვერ ავიყვან ადამიანს, თუ არ ვიცი, როგორი ოჯახი აქვს, მანამდე სად უმუშავია, იქ რამდენად კმაყოფილები იყვნენ, სხვა ბავშვებს როგორ ექცეოდა და ა.შ. თუმცა, ესეც ვერ გამორიცხავს კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შეიძლება, გამოცდილ ადამიანსაც დაემართოს რამე. პირადად მე, კამერა არ მიყენია და ამაზე არც მიფიქრია, ჩემს ძიძას ვენდობი, სხვანაირი მენტალობის ადამიანია და ჩემამდე, ჩემს მეგობრებთან მუშაობდა.

არ ვიცი, კამერა რამდენად შეიძლება იყოს ბერკეტი იმისა, რომ ძიძა შიშის ქვეშ იქნება და ამის გამო, ნორმალურად მოიქცევა. ფსიქოს მოთხოვნაც კარგი იქნებოდა. ამ თემას სერიოზული განხილვა სჭირდება და სამწუხაროდ, ბევრი ფაქტია, რომლებიც გახმაურებული არ არის. ხშირად, მშობელი თვითონაც ძალადობს ბავშვზე ფიზიკურად იქნება ეს, თუ ემოციურად. აქედანაც რომ დავიწყოთ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი, ძალიან კარგი იქნებოდა. ზომები უნდა მივიღოთ, ამ პრობლემის გარშემო ყველა გავერთიანდეთ და კამპანიები წამოვიწყოთ. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და ბავშვების ცემა-ტყეპა და ხელების ქნევა, ნორმალურად არ მიმაჩნია.

განო მელითაური: - თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ინცინდენტია, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ? უპირველესი მშობლის კომპეტენციაა, რომ მან ზედმიწევნით ყურადღებით შეარჩიოს ადამიანი, რომელსაც თავისი შვილის სიცოცხლეს ანდობს. ვისაც ძიძის აყვანის ფუფუნება აქვს, აუცილებლად უნდა მოახერხოს კამერის დამონტაჟება, რაც არც ისე ძვირია. ალბათ ეს არის ის მინიმალური, რაც ყველა მშობელმა უნდა ააკეთოს, როცა საკუთარ შვილს უცხო ძიძას ანდობს.

აუცილებელია, ფსიქოლოგიური ტესტი ჩააბაროს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მსავსი ტიპის ვაკანსიაზეა პრეტენდენტი. ჩემი უმცროსი გოგონა 2,5 წლისაა, ძიძების დიდი გამოცდილება მაქვს და ერთ-ერთ მათგანს, ვთვლი, რომ ნერვული აშლილობა ჰქონდა. კარგია, რომ იგი დროულად გამოვააშკარავე და ამაში ჩემი უფროსი ქალიშვილი დამეხმარა.

არასდროს დამავიწყდება ის სტრესი. თანაც, ტრაგედია უკვე მომხდარი იყო ჩვენს თავს და ძიძა განსაკუთრებული სიფრთხილით ავარჩიე, ბევრეტაპიანი გასაუბრება გავატარე, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მაინც გამომეპარა და შევცდი. მისი ძალადობრივი დამოკიდებულება ვერ გამოვავლინე. არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ ეს იყო ტონის აწევა და აგრესიული დამოკიდებულება, მულტფილმის ხმაც კი აღიზიანებდა და ართვევინებდა.

მხოლოდ მოქალაქეების რეაგირება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა, სწორი კანონმდებლობა. ძიძების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგად უნდა გამოიკვლიონ და მოძალადეები შესაბამისადაც დაისაჯონ. ფსიქოლოგიური შემოწმება უნდა ხდებოდეს და შესაბამისი საბუთი ეძლეოდეთ. ეს სფერო ძალიან დასალაგებელია.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- ჩემი აზრით, რაიმე კანონი უნდა არსებობდეს და ძიძებმა ფსიქო წარადგინონ. მაგალითად, როგორც მძღოლებს მოგვეთხოვება ისე. ოღონდ, ამ საბუთის ნაცნობობით აღება არ უნდა ხდებოდეს. მე ვიტყოდი, რომ ფსიქო მასწავლებლებისთვისაც ძალიან საჭიროა სკოლაში. დიდი ბოდიში, ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გარკვეულ ძალადობის ნიშნებს, შეურაცხყოფებს პედაგოგების მხრიდანაც ვაწყდებით. კანონით უნდა რეგულირდებოდეს, რომ ძიძად მუშაობის უფლება ყველას არ ეძლეოდეს, მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და წლების განმავლობაში ერთი ძიძა გვყავდა, მისი მადლიერი ვიყავი ყოველთვის და ვთვლი, რომ გამიმართლა, როცა ის შემხვდა. როგორც წესი, ძიძა ვიღაცის რჩევით აგვყავს, გავიკითხავთ, ასე თუ ისე ვაკონტროლებთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად მე, გამოვიძიებდი, თვითონ თუ ჰყავს შვილები? დიდი შანსია, რომ მათზეც ასე იძალადებდა. სხვის გაჩენილ შვილებზე რომ ასეთ ამბავში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარ სახლში რას იზამდნენ?

- თქვენი ძიძა თუ გადაგიმოწმებიათ? - არა, ვენდობოდი და ნამდვილად გამიმართლა.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)