გაუტეხელი თუში
მთაში ამბობენ, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ იმას, როგორ მოკვდებიო. მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძეც ასე ფიქრობდა. ცოტა ხანს იცოცხლა, სულ რაღაც 23 წელი, მაგრამ კაცურად გალია თავისი წილი წუთისოფელი.

ალვანელი თუში ბიჭი ცხვარსაც მწყემსავდა და დედასთან ერთადაც შრომობდა, უვლიდა ოჯახს...  ერაყიც მოიარა, როგორც მშვიდობისმყოფელმა, 2008 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო.

მაკა ჩიკვილაძე, გიორგის ქვრივი: "6 აგვისტოს მე და ჩვენი შვილი ლევანი გორის რაიონში,
სოფელ ძევერაში გაგვგზავნა დასასვენებლად. რა იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. 7 აგვისტოს  გამთენიისას დავურეკე, შინ იყო, ეძინა. ვთხოვე, გული ცუდს მიგრძნობს, არეულობაა და თუ გამოგიძახებენ, თავს გაუფრთხილდი-მეთქი".


...ის ვაჟკაცურად დაიღუპა. ტყვედ ჩავარდნილმა სამაგალითო გმირობა გამოიჩინა. მისი წამების ფაქტები ჯალათებმა უკვდავყვეს - ერთ-ერთ სეპარატისტს მობილური ტელეფონით გადაუღია
ამაზრზენი ვიდეოკადრები: ქართველ ტყვეთაგან ყველაზე მაღალს, ვაჟკაცური გარეგნობით გამორჩეულს მისცვივდებიან სეპარატისტები, მოსთხოვენ, დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. არ ემორჩილება და დაუზოგავად ურტყამენ სახეში (გვამს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა შერჩენილი), მოითხოვდნენ, მტრის ინტერესების მიხედვით მიეცა ჩვენება. კადრებში გარკვევით ისმის დაკითხვის ტექსტი.

ერთ-ერთი ტყვის სიმტკიცის გამო გაოცებას ვერ ფარავს და კადრში ისმის, ძალიან ძლიერი ბიჭიაო. ზოგი თავის მოჭრას უპირებს, ზოგი დახვრეტას, ვიღაც ცდილობს, მისი მოკვლა გადააფიქრებინოს ბანდას, იქნებ ინფორმაცია გამოვტყუოთ, ნუ მოვკლავთო, მაგრამ გიორგის გაუტეხელობა მოთმინების ფიალას უვსებს მხეცებს. ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოს ღობესთან მიაგდებენ და ჯერ რიგრიგობით შესდგებიან წიხლით, მერე კი...

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს გაუჩინარდა ცხინვალის ომში. 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით, გადმოსვენებულ ათ ქართველთაგან ერთ-ერთი მისი ცხედარი აღმოჩნდა. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.

"როდესაც მისი სიკვდილი დადასტურდა და ის საშინელი ვიდეოკადრები გავრცელდა, მხოლოდ წამების დასაწყისის ნახვა შევძელი და დავრწმუნდი, რომ გიორგი აღარ მყავდა, მაგრამ დღემდე ველოდები, ელოდებიან გიორგის დედა და ჩემი შვილები - ლევანი, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი თვის იყო და ანა, რომელიც მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგიმ სქესი არ იცოდა, ოცნებობდა ქალიშვილზე და აუხდა... საუბედუროდ, სტრესმა თავისი ქნა - გოგონა ტრავმული დაიბადა, ცალი ფილტვი თვე-ნახევარი არ ეხსნებოდა და აპარატზე იყო მიერთებული", - იხსენებს მაკა.

გიორგის დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა აგვისტოს ომთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და დახვრეტას ეხება.

"მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ გიორგის წამება მისი ეთნიკური წარმოშობითაც იყო განპირობებული. მას არ აპატიეს, რომ საქართველოს მოქალაქე იყო. იურისტების განმარტებით, დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნები.

იმ ამაზრზენ კადრებში ჩანს ჯალათების სახეები. მოვითხოვთ მათ დასჯას და რუსეთისგან მორალურ და ფინანსურ კომპენსაციას. ამბობენ, რომ სტრასბურგში სარჩელის განხილვას წლები სჭირდება. ჩვენ დაველოდებით და ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მიღებამდე. იოლი არ არის ჯარისკაცის ცოლობა, არც გმირის ცოლობაა იოლი და კიდევ უფრო რთულია გმირის ქვრივობა. მეც მმართებს გმირობა და ახლა შვილებთან ერთად ამისთვის ვიბრძვი", - ამბობს მაკა.


"გმირი - ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა ამქვეყნად"
უილ როჯერსი

ლანა
07 აგვისტო 2013 02:32
ახლა ვუყურე იმ კადრებს და... შენს საფლავს ვენაცვალე, გიორგი, შენს მშობლებს ვენაცვალე, რომ ასეთი გმირი გაგზარდეს...
მაქვს მომენტები, როცა მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება... აი, ახლა კი, ამ კადრების ნახვის შემდეგ, მჯერა, რომ იბერია გაბრწყინდება! უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს სულს ზეციურ საქართველოში დავითისა და თამარის გვერდით.
მეამაყება, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელმაც შენნაირი გმირები გამოზარდა.
ძალიან მინდა შენს მშობლებს, მეუღლეს და შვილებს ჩავეხუტო და მთელი ქვეყნის სახელით ვუთხრა მადლობა შენი არსებობისთვის...
kartt
27 ოქტომბერი 2011 04:33
აი ეგ არის ქართველობა!!! იმას ვენაცვალე
civl
09 აგვისტო 2010 04:37
აცხონოს უფალმა მისი სული, ჩვენ პენსილვანიასჰი ქართულ ეკლესიაში მისი სადGერძელო დავლიეთ - გმირი თუშის.

ღმერტი ზემოდან იხედება და ყველას თავისას მიუძGვნის

კიდევაც დაიზრდებია ალგეტს ლეკვები მგლისანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა