"მამა "ჩარეცხილების" სიაში მოხვდა, მთაწმინდაზე მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ" - კვირის პალიტრა

"მამა "ჩარეცხილების" სიაში მოხვდა, მთაწმინდაზე მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"

"მიხეილ გიორგაძემ მითხრა, ბიუჯეტია შემცირებული და რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეოდ მხოლოდ ბუკლეტის გამოცემას შევძლებთო... საბოლოოდ ისიც არ გამოსცეს" - რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ

რამაზ ჩხიკვაძის სამსახიობო კარიერა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მის მიერ განსახიერებული როლებისა და სახეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს - ასეულობით სპექტაკლი და ათეულობით ფილმი, სადაც იგი ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული იყო თავისი არტისტიზმით, პროფესიონალიზმით, ხმით, მანერითა და თვისებებით. მის გენიალურობას არა მარტო ქართველი, მსოფლიო კრიტიკოსებიც კი აღიარებდნენ და მასზე უცხოურ პრესაშიც არაერთი სტატია დაბეჭდილა. სწორედ რამაზ ჩხიკვაძე გახლდათ ის ადამიანი, ვისზეც შექსპირის ქვეყანაში დაიწერა, - ახლა დავინახეთ ინგლისელებმა, თუ როგორ უნდა ითამაშო რიჩარდ მესამეო. ბევრი ქართველი მსახიობისთვის ბატონი რამაზი ყოველთვის მისაბაძ არტისტად დარჩება. მისი გამორჩეული იუმორი კი ახლობლებსა და მეგობრებს ტკბილ მოგონებად გაჰყვათ ცხოვრების გზაზე...

ფოტოგალერეა

წელს მისი 90 წლის იუბილე იყო. რამაზ ჩხიკვაძეზე მისი შვილი - ალექსანდრე ჩხიკვაძე გვესაუბრება, რომელიც თვლის, რომ მამის ღვაწლი არასათანადოდ დაფასდა და ამის გამო, სინანულს გამოთქვამს:

- მამა ამბობდა, მსახიობი სხვა პროფესიის ადამიანებისგან იმით განსხვავდება, რომ ცაზე ვარსკვლავივით უცებ აკაშკაშდება და მალე ქრებაო. ხშირია, როცა ახალგაზრდა თაობას უკვე აღარ ახსოვს ის არტისტები, ვინც თავის დროზე, მართლაც ვარსკვლავები იყვნენ. დამეთანხმებიან ალბათ, რომ რამაზს ქართული თეატრისა და კინოსთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ინგლისელებმა იგი ლოურენს ოლივიესაც კი შეადარეს.

ამას წინათ, უცხოელი სტუმრები მყავდა და მთაწმინდის პანთეონში წავიყვანე. იქ უდიდესი მსახიობები განისვენებენ - აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე. მეგონა, რამაზ ჩხიკვაძე ნამდვილად იმსახურებდა მათ გვერდით დაკრძალულიყო. მესმის, რომ შეზღუდულია, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი დაკრძალეს. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ იმდროინდელ მთავრობასთან მთელ ოჯახს ურთიერთობა გვქონდა გაფუჭებული და მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა.

ცხადია, მე ისედაც უარს ვეტყოდი, გასაგები მიზეზის გამო - რამაზისა და ნატაშას დაშორება როგორც აქ იყო შეუძლებელი, ასევე იმ ქვეყნადაც ერთად უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ რამაზის პანთეონში დაკრძალვა აზრად არავის მოუვიდა.

სადაც მამა ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისივე სახელი ეწოდა, მოგვიანებით კი, ჩემი მეგობრის, შალვა ოგბაიძის დიდი ძალისხმევით, ყოფილ ძოწენიძის ქუჩას, სადაც სასტუმრო-სახლი "ვილა ბერიკა" მდებარეობდა, რამაზ ჩხიკვაძის სახელი დაარქვეს.

- თებერვალში ბატონი რამაზის 90 წლის იუბილე იყო, როგორ აღინიშნა ეს თარიღი? - აქაც ცოტა უხერხული მომენტი იყო... ბატონ მინისტრს - მიხეილ გიორგაძეს ველაპარაკე და მითხრა, ბიუჯეტია შემცირებული და ჩვენ მხოლოდ ბუკლეტის გამოცემას შევძლებთ, ასევე, სამინისტროს თხოვნით თეატრი თვითონ გააკეთებს საღამოსო. ზუსტად იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რომელიც ამ თარიღს დაემთხვა. დღესაც არ ვიცი, მცირე დარბაზში რა გაკეთდა, ვინაიდან სათანადოდ არავის გაუშუქებია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერც სატელევიზიო სიუჟეტი და ვერც სხვა გადაღებული მასალა ვერსად ვნახე. საღამო რომ გააკეთეს, ამაზეც დიდი მადლობა. რაც შეეხება ბუკლეტს, რადგან ოჯახს დიდი არქივი გვაქვს, შევთავაზე დახმარება, მაგრამ არავინ შემეხმიანა და ბუკლეტიც არ გამოსულა. ჩემთვის ეს გასაკვირია. ალბათ, უფრო სერიოზული საქმეები ჰქონდათ და ვერ მოიცალეს.

ბატონმა ზურაბ წერეთელმა უდიდესი რამ გააკეთა - თბილისს რამაზის ძეგლი აჩუქა, რომლისთვისაც თავიდან, რომელიღაც უცნობი ბაღი იყო გამოყოფილი, მაგრამ დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ "აზდაკი" 9 აპრილის ბაღში დაიდგა... დღეს ყველა პოლიტიზებულია, რაღაცისთვის იბრძვის, ერთმანეთში მტრებს ეძებენ და არ სცალიათ. თქვენ რომ ინტერვიუ მთხოვეთ, ბევრი ვიფიქრე, ჩემი გულისტკივილი საჯაროდ გამომეთქვა თუ არა. ახლა თუ არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ რამაზ ჩხიკვაძის სახელი თაობებს დაამახსოვრდეთ, ათეულობით წლების შემდეგ, ის ერთეულებს გაახსენდებათ.

ნატაშაზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, ოჯახს და სამეგობროს, ახლო წრეს ახსოვს მხოლოდ. ეს მხოლოდ ჩემი მშობლების შემთხვევაში კი არაა ასე, დიდუბის პანთეონში ხშირად დავდივარ და ვაკვირდები, იგივე ხდება იმ უდიდესი ქართველების საფლავებზე, ვინც იქ განისვენებს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები უნდა ატარონ იქ, რომ თაობებმა იცოდნენ, ვინ ვინ არის.

- თქვენს ოჯახში ყოველთვის უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა თავს და მათთან ერთად გატარებული ყოველი საღამო ალბათ, დღესასწაული იყო თქვენთვის... - სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერც აღვიქვამდი, რომ რამაზი ცნობილი ადამიანი გახლდათ და ის სიტუაციები ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო. "მოხეტიალე" ოჯახი ვიყავით, რადგან ბინა დიდხანს არ გვქონდა და ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ჩემი მშობლებისთვის ადვილად არაფერი კეთდებოდა, ყველაფერს დიდი შრომის ფასად, ნელ-ნელა აღწევდნენ. ბევრი მოსაგონარი მაქვს. 1961 წელს, სამ-ნახევარი წლის რომ ვიყავი, მე და მამა სოჭში მარტოები წავედით და მიუხედავად იმისა, რომ ასე პატარა ვიყავი, მახსოვს, თებერვლის თვეში ზღვაში ვბანაობდით და ხალხი გაოცებული გვიყურებდა.

- როგორ გზრდიდნენ მშობლები - მკაცრად თუ განებივრებული იყავით? - მამა წესრიგიანი და ენით ვერ აღვწერ, ისეთი მკაცრი იყო, ფუფუნება არ უყვარდა. მასწავლიდა ურთიერთობებს, უფროს-უმცროსობას, ადათ-წესებს. ერთადერთი, სიმღერა ვერ შემასწავლა. ხშირად ერთადაც ვმღეროდით, მაგრამ არ გამომდიოდა. უმცროს რამაზს კი სიმღერის ნიჭი უფრო მეტად გამოჰყვა. მამას გარდაცვალებამდე, ბოლო წლებში, ერთად დიდ დროს ატარებდნენ, რამაზი ქართულ სიმღერაზე გიჟდებოდა და რამაზიკოსაც სულ ასწავლიდა.

ერთ ამბავს გავიხსენებ: ადრე საქართველოში ბევრი დასასვენებელი სახლი იყო, რომელიც თეატრალურ და კინოელიტას ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ასეთი, ბიჭვინთაში გახლდათ. მამაჩემის კოლეგებისა და მეგობრების შვილებთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთხელაც, ბიჭებმა დამირეკეს, ბიჭვინთის "ტვორჩესტვაში" მივდივართ და წამოდიო. მაშინ ალბათ, მამაჩემის ერთი ზარიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ჩემთვის ადგილი გამოენახათ. როცა მამას წასვლის შესახებ ვუთხარი, მითხრა: ფული გინდა? მოგცემ, რა პრობლემააო. "ტვორჩესტვა" რომ ვუხსენე, ხმა არ ამოუღია... მერე კიდევ რამდენჯერმე გავუმეორე. ბოლოს გაბრაზდა და ვინა ხარ შენო?! - მკითხა. - საშა ვარ-მეთქი, - გაოცებულმა ვუპასუხე... - მსახიობი ხარ, რეჟისორი, სცენარისტი, გამნათებელი, სცენის მუშა თუ ვინ ხარო? ის სახლი იმისთვისაა აშენებული, რომ პროფესიონალმა ადამიანმა, რომელიც მთელი წლის მანძილზე შრომობს, ზაფხულში დაისვენოს, მე კი იმდენად უნამუსო უნდა ვიყო, რომ მას ის ადგილი წავართვა და გაგიშვა შენ, რომელსაც ამ საქმესთან არაფერი საერთო არ გაქვს?..

მე თუ წავალ, როგორც ოჯახის წევრს, კი, ბატონო, წაგიყვანო. იმწუთას, საშინლად გავბრაზდი, მაგრამ რას ვეტყოდი?! კარგად დაფიქრდი ჩემს ნათქვამზეო, - მითხრა. მაშინ ვერაფერიც ვერ გავიგე, მაგრამ წლები რომ გავიდა და მე თვითონაც მამა გავხდი, მერე მივხვდი. რამაზი სხვანაირი ვერ იქნებოდა, ძალიან თავმდაბალი იყო.

- თქვენს ცხოვრებაში თუ ერეოდა, თუნდაც, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას?

- არა, არასოდეს. თუმცა, წინააღმდეგი იყო, რომ მე სამსახიობო გზით წავსულიყავი და მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე "დაბადებულ" ყველა ბავშვს ეს "ავადმყოფობა" ემართება, მსახიობობის სურვილი დიდად არც მე მქონია. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, რამაზის მეგობარი ჩეხოსლოვაკიის ფილმ-ექსპორტის თავმჯდომარე - ირჟი რიბინი და მისი მსახიობი მეუღლე იყვნენ ჩამოსულები. მამა მაშინ "ნერგების" გადაღებაზე იყო იმერეთში (მოგეხსენებათ, ეს მისი ერთ-ერთი სერიოზული როლი იყო - დაახლოებით 50 წლის კაცი, 90 წლის ბაბუას თამაშობდა, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო გახლდათ...) სტუმრებს ზღვაზე უნდოდათ დასვენება. დედამ რამაზს რომ უთხრა, როგორ წამოვალ, - ბავშვი უმაღლესში აბარებსო, მან უპასუხა - საშა აბარებს, შენ ხომ არაო? დედაჩემიც ადგა და მათთან ერთად წავიდა, მე კი მარტო დავრჩი. მამა თვლიდა, - თუ მაგ საქმისათვის მზად ხარ, თავადვე უნდა ჩააბაროო. მაშინ ჩაწყობებიც იყო, მაგრამ რამაზი ასეთი საქმეებისგან შორს გახლდათ. გაგრძელება

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "მზად იყო, სიკვდილს სიცილით შეჰგებებოდა..." - პურმარილი ხმელა პურის ამარა და რამაზის ყრუ ზვიგენი