"ჩვენს ქვეყანაში არ უდებენ გოგოებს თავში იმ აზრს, რომ თავად შეუძლიათ განაგონ თავიანთი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში არ უდებენ გოგოებს თავში იმ აზრს, რომ თავად შეუძლიათ განაგონ თავიანთი ცხოვრება"

თანამედროვე მშობლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის. გადატვირთული, სტრესული სამუშაო დღის დასასრულს ვეღარ ახერხებენ ბავშვებს დაუთმონ საკმარისი დრო. ამ მხრივ საინტერესო იქნება გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება ქალბატონმა ანა დოლიძემ, რომელიც 10 წლის ვაჟის დედაა და კარიერის განმავლობაში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უწევდა მუშაობა. ამჟამად კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

ანას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ამიტომ დავინტერესდით, როგორ ზრდიდნენ მას მშობლები და როგორი მიდგომები აქვს საკუთარი შვილის მიმართ.

- ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ოჯახებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში "ტექნიკურ ინტელიგენციას"

ეძახდნენ. მამაჩემი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, მათემატიკოსი ვალერი დოლიძე, დედა ინჟინერი გახლდათ. ორივე მათგანი სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ორ ფასეულობას - რეჟიმს და შრომას. რაც მახსოვს ჩემი ბავშვშვობიდან, ეს იყო ძალიან სერიოზული აქცენტი დისციპლინაზე, მოახლოვდებოდა თუ არა ცხრა საათი, ვიძინებდით. სულ გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი შენით უნდა გააკეთო და მოიპოვო. მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ რაც დაგვჭირდებოდა, ყველალფერი ჩვენით უნდა გვეყიდა სწავლის და ცოდნის მეშვეობით.

ძალიან შეძლებული ოჯახი არ გვქონია, პირიქით, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი ვიყავით. ახლანდელი თაობის ბავშვებისგან განსხვავებით, ჩემი ბავშვობის დიდ პლუსი იყო დიდი სათამაშო სივრცე, ეზო... დღეს ბავშვებს არდადეგები აქვთ და სახლში არიან გამოკეტილნი, ვამბობ, ეს ბავშვები ეტყობა

აივანზე უნდა გამოვფინოთ-თქო. ყველგან მანქანებია, წერილის დაწერა მინდა სათაურით "ტროტუარი ჩვენი არსობისა", ეზო კი არა, სასიარულო სივრცეც აღარ გვაქვს უკვე.

ჩვენ კი სკოლიდან რომ მოვიდოდით და დავალებებს შევასრულებდით, ეზოში ვთამაშობდით. მეთვალყურეობაც ადვილი იყო, მშობლები კორპუსებიდან გვადევნებდნენ თვალს. სტადიონიც გვქონდა, საქანელებიც... ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან პირობები მქონდა კარგად სწავლისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სახლში სიმშვიდე სუფევდა...

- გადატვირთული დღის წესრიგის გათვალისწინებით, რამდენად ახერხებთ იყოთ თქვენი შვილის, ანდროს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული?

- ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში დავამკვიდრო, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების გამგებელი, ჩვენს ქვეყანაში არ უდებენ გოგოებს თავში იმ აზრს, რომ თავად შეუძლიათ განაგონ თავიანთი ცხოვრება, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დაოჯახებამდე ჩვენს საქმეებში ერევიან მშობლები, შემდეგ კი მეუღლე . ყოფილა შემთხვევები, საბჭოს სხდომაზე მითქვამს, რომ ბავშვს აქვს ან ღონისძიება, ან ექიმთან არის წასაყვანი და არ მოსვულვარ. ხშირად მესმის ცნობილი ადამიანების შვილების პრეტენზიები, "მე სულ არ მაინტერესებს სამშობლო უნდა გადაგერჩინა, თუ ომი უნდა მოგეგო, მინდოდა მოგეხედა ჩემთვის". ირაკლიც ძალიან ჩართულია ანდროს აღზრდის პროცესში. მიმაჩნია, რომ შვილი არის ჩემი პირველი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტი არის კარიერა და არა პირიქით.

მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო მის ყოველდღიურობაში ჩართული. უკეთესი იქნებოდა, 6 საათზე სახლში ვიყო, ამიტომ ვცდილობ, შაბათ-კვირას ავანაზღაურო დანაკლისი. სხვათა შორის, რაც ამერიკელ და კანადელ ხალხს არ აქვს, ჩვენ გვაქვს. ეს არის სოციალური მხარდაჭერა. ჩვენთან არსებობს ტრადიცია, რომ ქალს დედა, დეიდა, ბებია, მამიდა, ახლობლები დაეხმარონ ბავშვის აღზრდაში განაგრძეთ კითხვა