"შორეული თავისიანი" - კვირის პალიტრა

"შორეული თავისიანი"

2 აგვისტოს - ილიაობას, საგურამოში დიდი ლხინი იმართებოდა. საპატიო სტუმართა შორის ქართველი ერის მეგობარს არტურ ლაისტსაც შეხვდებოდით. "შორეული თავისიანი" უწოდა ჯერ კიდევ უცხოეთში მოღვაწე არტურ ლაისტს ილია ჭავჭავაძემ.

გთავაზობთ ორ მოგონებას ილია ჭავჭავაძეზე არტურ ლაისტის წერილების კრებულიდან - "საქართველოს გული", რომელიც სრულად გამოქვეყნდება ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ერთ-ერთ უახლოეს ნომერში.

პირველად ილიასთან

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე და გავიცანი 1885 წელს, მაშინ პოეტი მხოლოდ 45 წლისა იყო. კვლავ ძლიერი ჰქონდა გონება, ნიჭი, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული, მშვენიერების შეცნობისა და მისით აღტაცების უნარი. როცა ილიას დავუახლოვდი, შევიგენი - რაოდენ დიდი სულისა და ნათელი ჭკუის კაცი იყო. ხალხში, ჩვეულებრივად, სრულ სიმშვიდეს იჩენდა. არასოდეს ცდილობდა უცნობ საზოგადოებაში ვინმე თავისი ცოდნითა და გონებით მოეხიბლა. ერთი სიტყვით, არ სურდა თავი ვინმესთვის მთლიანად გაეცნო. სულ მოკლე ხანში ჩემთვის ნათელი გახდა მისი მდიდარი ბუნება. ჩვენი ერთგული, შეუბღალავი მეგობრობა ილიას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გვაერთებდა.

მასთან ყოველდღე დავდიოდი, ამიტომაც შემთხვევა მეძლეოდა გავცნობოდი ყველა მაშინდელ ლიტერატორს და ბევრ სხვასაც. ილია იმ ხანებში გულგრილად ეკიდებოდა თავისი ყოველთვიური ჟურნალის, "ივერიის" გამოცემას, მაგრამ როდესაც "დროების" დახურვის შემდეგ, "ივერია" ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა, ილიას ახალგაზრდობამ კვლავ გაიღვიძა, პოეტი სრულიად გამოიცვალა და დიდი მხნეობით შეუდგა ახალი გაზეთის რედაქტორობას.

ქართველთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში "ივერიამ" სიცოცხლის ახალი ნაკადი შეიტანა. გაზეთში თანამშრომლობა დაიწყო ბევრმა ახალმა პოეტმა და ლიტერატორმა. "ივერიამ" შესამჩნევად გააფართოვა გაზეთის მკითხველთა წრე. აქ იბეჭდებოდა არა მარტო კარგი მეთაური წერილები, არამედ საინტერესო ფელეტონები და ხშირად საინტერესო ლექსებიც. მათ ილია აღტაცებით მიკითხავდა ხოლმე.

უხაროდა, რომ ქართულ ლირიკას ასე მკვიდრად გაედგა სასიცოცხლო ფესვები. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი თანამემამულე ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე, ჩვენ ორთავენი გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს. იმხანად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ გახლდით, ამიტომ ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად არ ამახინჯებდა არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი პირველი კრებულის დიდი ნაწილი საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე. აქედან ერთი მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქედი მოჩანს, მეორე მხრით საგურამოს მთებია ამართული.

ნეტარხსენებულნი არიან ეს დღენი!.. ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს ლექსებზე მიკითხავდა, დროდადრო თავისი სამშობლოს პოეზიის სილამაზეზე მიმითითებდა. წყნარად, დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში, აღმოსავლეთის იმ ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობამდე მიზიდავდა. ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე თარგმნას და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებებზე შეუდგებოდა საუბარს, ან რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი შუაღამემდე მიატანდა, ვიდრე ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა.

შორიდან არაგვის ხმაური ისმოდა. ილიას ხმა და ღირსშესანიშნავი აზრები ჩემს გულს განსაკუთრებულ სიამეს ჰგვრიდა. ძლიერ უყვარდა მწერლობა, მთელი საათობით დაუსვენებლად შეეძლო ყური ეგდო ლიტერატურული საუბრისათვის. დიდი გულისყურით მისმენდა, როცა სიტყვას პოეტებზე ჩამოვაგდებდი. მთხოვდა, განმეგრძო მასთან საუბარი, გამეზიარებინა ნაფიქრი და ნაგრძნობი.

KvirisPalitra.Geამ შთაბეჭდილებათა გამო, მე მალე შემიყვარდა ეს ლამაზი კუთხე საქართველოსი; საგურამო ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი გახდა ამ ქვეყანაზე. ეს ტყით მოსილი მთები, რომლებიც მიდამოს განსაკუთრებულ იერს აძლევენ და მთელი წლის განმავლობაში ნაირგვარი სილამაზით ხიბლავდნენ ადამიანის თვალს. განსაკუთრებული იყო საგურამოს ზაფხული. ამ დროს აქ ბულბულის სტვენა გახშირდებოდა და შორიდანაც მთის წყაროთა საიდუმლო ლიკლიკი მოისმოდა.

სიცხეში, როცა ფრთოსანთა ხმა მიწყდებოდა, ჭრიჭინა თავის სტვირს მომართავდა და გააბამდა თავისებურად. არა მარტო პაპანაქება დღისით, არამედ ღამითაც არ ისვენებდა. მისი ხმა პოეტურად აცხოველებდა გარემოს. ვინ იცის, რამდენჯერ დავმტკბარვართ მე და ილია საგურამოში მზის ჩასვლით. ნასადილევს, როდესაც მუხრანის მხრიდან ილია ღრუბლებს შენიშნავდა, აივანს აღარ შორდებოდა: მზის ჩასვლის სანახაობას ელოდა ხოლმე. იმ დროს ბუნების სურათი თავისი განსაკუთრებული სიმშვენიერით, მართლაც, იტაცებდა ადამიანს. სწორედ ასეთი სურათი აქვს ილიას აღწერილი "განდეგილში".

სახლის უკანა ეზოში მაღლობზე დარგული კაკლის დიდი ხეები, რომლებიც პოეტის სამყოფელის უმთავრეს სამკაულს შეადგენდა, ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის. აქ, ჩრდილში ხშირად სიამოვნებდა ჩამოჯდომა. აქვე მიითმევდა სადილს, მეტადრე, როცა სტუმრები ეწვეოდნენ, განსაკუთრებით კი თავის დღეობაზე - 20 ივლისს (ახ. სტ. 2 აგვისტოს - რედ.).

რამდენიმე საამო სიტყვა წარმოთქმულა აქ, ბებერი კაკლის ქვეშ! რამდენჯერ უმღერიათ მგრძნობიარედ...

ილიას უყვარდა სტუმრები, უხაროდა, როცა საგურამოში დიდი საზოგადოება და მეზობელი გლეხობა შეიკრიბებოდა დღეობაზე. მასპინძელი დიდის ამბით უხვდებოდა მათ...

უკანასკნელი დღეები ილია ჭავჭავაძისა

21 აგვისტოს საგურამოში რომ მივედი, არ მიფიქრია, რომ უკანასკნელად ვნახავდი ჩემს ძვირფას მოხუცებულ მეგობარს და ამით გათავდებოდა ჩვენი ხანგრძლივი, ნათელი და შეურყეველი მეგობრობა... იმ დღეს მზე მხიარულად ანათებდა საგურამოს მთებს, ტყესა და ბაღებს. მყუდრო სახლი ალერსით გამოიყურებოდა მწვანე ხეებში.

მეგობრული ღიმილით მომეგება ილია და ჩვეულებრივად მკითხა, რამდენი ხნით მეწვიეო. ხანმოკლე სტუმრობა არ უყვარდა და ხშირად უფრო მეტი ხნით დარჩენა მომიხდებოდა ხოლმე, ვიდრე ვფიქრობდი.

ილია დაღონებული იყო, ჯანის სისუსტეს უჩიოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დატრიალებულ ამბებზე ფიქრობდა.

საზოგადოდ, ენერგიის სისუსტე და ის სიფიცხე შევამჩნიე, რაც მოხუცებულობას სჩვევია, შევნიშნე აგრეთვე, სხვასთან ყოფნის და ლაპარაკის წინანდებული ხალისი აღარ ჰქონდა. ხანდახან საღამოობით აივანზე დიდხანს იჯდა გაჩუმებული. უწინ ჩემი ერთი მხიარული სიტყვა გაართობდა ხოლმე, ახლა კი ამაო იყო ყოველი ცდა. ჩემი უკანასკნელად ყოფნისას მთელი ექვსი დღის განმავლობაში ვეღარ ვნახე ღიმილი მის სახეზე. - ცოტა გავისეირნოთ - ვუთხარი ერთ საღამოს, - მოციონი ძალიან სასარგებლოა-მეთქი.

- რაღა უნდა იყოს სასარგებლო, როცა ორიოდე წლის სიცოცხლეღა დამრჩენია, - მიპასუხა ილიამ ჩაფიქრებით.

დიახ, ვერ ვიცანი ილია, აღარ იტაცებდა ბუნება, აღარ ართობდა საუბარი და ერთხელაც აღარ ამოუღია ხმა მწერლობის შესახებ. მისი სულიერი განწყობილების ზეგავლენით მეც დავკარგე მხნეობა. მაგონდებოდა გარდასული დრო და მასთან ერთად ჩვენი მეგობრული ურთიერთობის სიცოცხლე.

რა ნათელი იყო ეს დრო! ვრცელი საუბრები პოეზიისა და მშვნიერებათა შესახებ, საქართველოსა და მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე! საუბრები, რომელშიაც ბრწყინავდა ილიას მდიდარი სული, - როგორ აღვწერო ეს ყველაფერი!.. ჩემთვის დღესასწაული იყო, როცა ვესაუბრებოდი მას და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით. მაგრამ არა მარტო მისი მდიდარი აზრების პოეტური თვისება მხიბლავდა, მხიბლავდა აგრეთვე მისი ჰუმანური შეხედულება კაცობრიობის შესახებ. განა ილია ჭავჭავაძემ არ დაწერა "კაცია ადამიანი?!" და "გლახის ნაამბობი"?

ის აზრი და გრძნობა, რომელმაც ეს მოთხრობები დააწერინა, მისი ორმოცდაათი წლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის საფუძველი და დევიზი იყო უკანასკნელ დღემდის. მას ამისათვის არ უღალატნია, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ხმარობდა სიტყვა "უმადურობას". მეტად მძიმეა ყველა ამის შესახებ ლაპარაკი...

27 აგვისტოს, დილით, ილია, მისი მეუღლე ოლღა და მე ეტლით თბილისში წამოვედით. ღრუბლიანი დილა იყო, ჩვენი წამოსვლის შემდეგ დიდი წვიმაც წამოვიდა. ეტლს ჩარდახი არა ჰქონდა, ყველანი დავსველდით და წვიმამ ძალიან შეგვაწუხა.

იმ ადგილას, სადაც სამი დღის შემდეგ საშინელი მკვლელობა მოხდა, გზის ორივე მხარეს თხელი ტყეა. იქ რომ გამოვიარეთ, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა მაშინ ფიქრად არ მქონია რაიმე უბედურება: ილია ხომ ჩვენთან იყო, როგორ წარმოვიდგენდი, რომ მოხუც პოეტს, ქართველი ხალხის სიამაყეს, ხელს შეახებდა ვინმე? ილია ჩემ პირდაპირ იჯდა ჩაფიქრებული. ერთხელ თუ ორჯერ თქვა, გაციების მეშინიაო. ოლღას ფერი არ ედო, დაღონებული იყო. საზოგადოდ, უკანასკნელად მოწყენილად ვიმოგზაურეთ. როცა რკინიგზის ხიდთან მივედით, ამინდი გამოკეთდა და ჩვენც უკეთეს გუნებაზედ დავდექით.

დიღმის დუქანში შევისვენეთ, რომ რამე გვეჭამა. ილია აქ ცოტათი გამხიარულდა და ლაპარაკის ხალისიც მიეცა. გამოჩნდა მზე და გაანათა ნაცნობი არემარე, სადაც ხშირად ერთად გვივლია. სახელდახელო სუფრას გახალისებულები მივუსხედით და წარსულიც მოვიგონეთ.

ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი, გულითადი საუბარი. იმ დროს, როცა ილია იღიმებოდა, მეგონა, მისი გულიც მისცემოდა ლხენას, თუმცა ძველებური გამბედაობით აღარა.

ერთი საათის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით ოლღას ქუჩაზე.

- ვნახავთ ერთმანეთს! - მითხრა ილიამ.

ადგილს ვერ მოვშორდი, რატომღაც დიდხანს გავყურებდი მიმავალს, ვიდრე ეტლი მთლად არ მიიმალა ვერის დაღმართზე... განა წინასწარ გრძნობდა ჩემი გული, რომ ამის შემდეგ ვეღარ ვნახავდი მას, ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა!

მშვიდობით, მშვიდობით, ძვირფასო, დაუვიწყარო

მეგობარო!..

მანანა ჯანელიძე