"ის ან თავისას მიაღწევს, ან ამ კოშკს დასრულება არ უწერია!" - კვირის პალიტრა

"ის ან თავისას მიაღწევს, ან ამ კოშკს დასრულება არ უწერია!"

ახირება თუ "ტიტანური აზრები"

რატომ დააკავშირა ერთმანეთთან მხატვარმა შატილის კომპლექსის ფასადი და შოტლანდიური კოშკი?

ალბათ, შეგინიშნავთ ბაზალეთის ტბასთან ფერადი ქვებით ნაშენი სვეტებიანი მაღალი კოშკი, რომელიც ქართველისა თუ უცხოელის ყურადღებას იქცევს. და რაც მთავარია, მის შემხედვარეს რაღაც ავანტიურის, ინტრიგის, საიდუმლოების ამოხსნის სურვილი გეუფლება.

აქაურების თქმით, კოშკს თითქმის ყოველ წელს ახალი შტრიხი ემატება. ზოგჯერ გგონია, შეიკრა კომპოზიცია, მაგრამ მოულოდნელად "იდეამოძალებული" პატრონი თითქმის დასრულებული შენობის რომელიმე ნაწილის დემონტაჟს იწყებს და ისევ ძველთან მიახლოებული, მაგრამ მაინც ახალი კომპოზიცია შენდება ბაზალეთის ტბის პირას.

- ეს კოშკი ეკუთვნის ერთ უცნაურ მხატვარს, რომელიც  აგებულს ხშირად ანგრევს და მერე ხელახლა აშენებს. ასე გრძელდება უკვე 8 წელია! ამჟამინდელი ნაგებობა პირვანდელისგან ძალიან განსხვავდება. ეტყობა, მხატვარს საოცრების შექმნა უნდა, ის ან თავისას მიაღწევს, ან კოშკს დასრულება არ უწერია!  - ღიმილით მითხრეს სასტუმრო "ბაზალეთის" მომსახურეებმა.

ამ სასტუმროდან კოშკი ყველაზე უკეთ ჩანს.…გულმა ვეღარ მომითმინა და შენობის ინტერიერის დათვალიერება გადავწყვიტე.…პატრონი შინ არ დამხვდა, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა, რომლებიც კოშკს უვლიდნენ, სიამოვნებით მიმასპინძლეს. ტბიდან მარჯვნივ - უცხო იერის კოშკმა, მარცხნივ კი "შატილის" კომპლექსის ფასადმა უმალ მიიპყრო ჩემი ყურადღება. განსაკუთრებით ძველი, დაჟანგული, მამაპაპისეული ნივთებით გაწყობილი მოაჯირი მომეწონა, მათ განლაგებაში "აი ია" იკითხება. უცხოელები თურმე  ფერადი ქვის ლოდებისგან აღმართული კედლით უფრო დაინტერესდნენ, რომელსაც მზის სხივები სხვადასხვაფრად აელვარებს.

KvirisPalitra.Geმხატვარი დათო ქაფიაშვილი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან და ამ კომპლექსის მშენებლობას შეუდგა: "წარმოშობით ხევსური ვარ. ჩემი წინაპრები მჭედლები ყოფილან, მეფე ერეკლესთვის ჭედდნენ აბჯარს. ქაფი აბჯრის ნაწილია, ამიტომაც ვიწოდებით ქაფიაშვილებად. დროთა განმავლობაში ქაფიაშვილები ხევსურეთიდან დუშეთში გადმოსახლებულან, მოგვიანებით კი ჩემი ბებია და ბაბუა დედაქალაქში გადასულან.

ბავშვობა თბილისში გავატარე. მერე იყო აფხაზეთის ომი - სადესანტო-საიერიშო ბატალიონის მეთაური გახლდით, სოხუმის, გაგრის დაცემა საკუთარი თვალით ვნახე. ომის შემდეგ ბედის საძებრად უცხო ქვეყნებს მივაშურე. ვცხოვრობდი პარიზში,  ედინბურგში, ლონდონში, ბერლინში... ევროპის ბევრ ქალაქში მოვაწყვე ჩემი ნამუშევრების გამოფენა, მერე სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე და ბაზალეთის პირას დიდი ტერიტორია შევიძინე. მყავს ინგლისელი მეუღლე, წარმოშობით - შოტლანდიელი. მალე ისიც ჩამოვა საქართველოში...

ტბიდან მარჯვნივ აღმართული კოშკი სწორედ შოტლანდიური ნაგებობის პროტოტიპია. ის ჩემს მეუღლეს მივუძღვენი,  მარცხნივ "შატილის" კომპლექსია, რაც ჩემს შვილებს შეახსენებს, ვისი გორისანი არიან. შოტლანდიელები ყოფა-ცხოვრებითა და ხასიათით ძალიან ჰგვანან ქართველებს. ამიტომაც ამ ორივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი კულტურის ელემენტებითაა შეზავებული კოშკი. რაღა თქმა უნდა, უფრო ეროვნული შტრიხები ჭარბობს.

თავდაპირველად, პატარა სახლის აშენება მინდოდა, მსურდა, მხატვრებისთვის სახელოსნო მომეწყო. მერე მივხვდი, იმ საქმეს, რისი მსახურებაც გულით მეწადა, უფრო დიდი ნაგებობა სჭირდებოდა.…

KvirisPalitra.Geაქ თითოეულ შტრიხს ისე ვძერწავ, როგორც ქანდაკებას. შენობის ერთი ნაწილი შეიძლება უფუნქციოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ, დეკორატიული მხარე შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია. გარდა სახელოსნოებისა, აქ საგამოფენო დარბაზებიც არის და ეთნოგრაფიული მუზეუმიც, რომლის დიდ ნაწილში ეროვნული ბიბლიოთეკაა.

ამ კუთხეში იმითაც ვარ ცნობილი, რომ ძველ ნივთებს ვეძებ. მოღუნული რკინაც რომ იყოს, მაინც ძვირფასია, მამა-პაპის სუნი ასდის და იმიტომ. ასე ვაგროვებ ყველაფერს: გატეხილ ძელს, ნალს, თუნგს, აკვნის მოსართავს, გუთნის ღირღიტას, ბორბალს, საჭრისს, ნამგალსა თუ საკეს. ამ  ნივთებისგან ვქმნი ხელოვნების ნიმუშებს. მათ ახალ სიცოცხლეს ვაძლევ. ფასადის მარცხენა მხარეს გაერთიანებული საქართველოს მეფეთა  პორტრეტების გალერეა მოეწყობა. კედელი საღამოობით  განათდება.

ბავშვების ქართული ტრადიციებით აღსაზრდელად ეს ნამდვილად კარგი ადგილი იქნება. საკვირაო სკოლებიც გაიხსნება, სადაც ფერწერის, ქანდაკების, თექის, ხალხური რეწვისა და საზოგადოდ, ტრადიციული ხელოვნების ათვისების საშუალება მიეცემა მსურველს.

აქ თავს ფოლკლორის მოყვარულებიც მოიყრიან, გაიმართება პოეზიის საღამოები, სხვა კულტურული ღონისძიებები, რომელთაც ახლაც ვმართავთ, მაგრამ არა სასურველი სიხშირით. თავადაც ვწერ ლექსებს, ვმღერი და მინდა კავკასიური სიმღერების ფესტივალი მოვაწყო. ვინ იცის, იქნებ  ჩეჩენი, აფხაზი, ოსი მეგობრებიც მესტუმრონ.

აქ, უკვე მესამე წელიწადია ცხენოსანთა  (35 მხედრის მონაწილეობით) დოღი იმართება. მხედრები  ფშავიდანაც გადმოდიან და ქართლიდანაც. უწინ ახალგორიდანაც მოდიოდნენ, ახლა კი როგორც დევნილებს, უხდებათ დოღში მონაწილეობა. ახლახან სწორედ ახალგორელმა ბიჭმა  გაიმარჯვა, 15 წლის არის და უკვე ჩინებული მხედარია.

მოკლედ, მომავლის იმედი მაქვს და იმისიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს ილიას ოცნება ასრულდება, - ბაზალეთის ტბის ძირას "ოქროს აკვანი დაირწევა".

P.S. როგორც დათო ქაფიაშვილი ამბობს, უნდა ხელი შეუწყოს ეთნოტურიზმის განვითარებას,… მაგრამ ამისთვის "ფოლკლორის სოფელი - "ბაზალეთის აკვანი" უნდა დასრულდეს. დასრულდება კი მომავალ ზაფხულამდე? ბევრი არაფერია დარჩენილი, თუ მხატვარს ისევ შემოქმედებითი ჭია არ შეუჩნდა.