"ერთადერთი სასჯელი ის იყო, რომ მეტყოდა, იმდენს იზამ, ყურებშუა ამოგაყოფინებ თავსო!" - რას ჰყვება ბაბუაზე იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"ერთადერთი სასჯელი ის იყო, რომ მეტყოდა, იმდენს იზამ, ყურებშუა ამოგაყოფინებ თავსო!" - რას ჰყვება ბაბუაზე იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

ავთანდილ ხვიჩიას შესახებ შემთხვევით გავიგე. მითხრეს, წლებია იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილს ბაბუის სკულპტურის დადგმა უნდა, მაგრამ ხელისუფლების ნებართვას ვერ მიაღწიაო. გამიკვირდა, მსოფლიო მასშტაბის კომიკოსს სკულპტურას რატომ უნდა ვამადლიდეთ-მეთქი! ავთანდილ ხვიჩია საქართველოს ყველა ომის მონაწილეა, უსიტყვოდ აიკრავდა გუდა-ნაბადს სიცოცხლის დასათმობად. ის ახლაც ჩუმად შეჰყურებს ყოველდღიური ვნებებით მოყაყანე ქვეყანას და იმ დღეს ელოდება, როცა სამშობლოს ლაპარაკით კი არა, მოქმედებით დასჭირდება.

ფოტოგალერეა

- ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი და მანანა, დედ-მამა ერთმანეთს რომ დაშორდა. მამას ვერ ვხვდებოდი, მოსკოვში ცხოვრობდა, მერე დედა მეორედ გათხოვდა. ასე რომ, მე და მანჩოს აღზრდა ბაბუა იპომ იკისრა. ერთი წამი რაა, ისიც არ გაუშვია ხელი ამ ტვირთისთვის. არადა, ადვილი სატარებელი ნამდვილად არ იყო - წარმოუდგენლად დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყარო, ასე ვთქვათ, ჩემი "კორდებალეტი" (ასე შევარქვი) მქონდა, რომელშიც თავიან-ფეხებიანად ვიყავი ჩაფლული და შინ შესვლა არ მინდოდა. ბებიას დავყავდი სკოლაში და ყველას დედაჩემი ეგონა. ფორტეპიანოს, ცურვას, თხილამურებზე სრიალსაც მასწავლიდნენ, მაგრამ მე გაძრომას მაინც ვახერხებდი. მადლობა ღმერთს, რომ კრიმინალს გვერდი ავუარე. სულ კლდე-ღრეში დავხეტიალებდი და მეძებდნენ. ერთხელაც მე და ჩემმა ძმაკაცმა ლისის ტბაზე გამოქვაბული გამოვთხარეთ და შიგ რამდენიმე დღე გავათენეთ, მაგრამ იპოს მაინც არ გავულახავვარ, ასეთი გაჯავრება არ იცოდა, ერთადერთი სასჯელი ის იყო, რომ მეტყოდა, იმდენს იზამ, ყურებშუა ამოგაყოფინებ თავსო! სულ მიმეორებდა, კაცი უნდა გამოხვიდე, გახსოვდეს, ვისი გვარის ხარო! მეც ცნობიერში ჩამრჩა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, მისი გვარი არ უნდა შემერცხვინა. დღეს იმავეს ვუმეორებ ჩემს შვილიშვილებს.

- იპოლიტე ხვიჩიას მთელი საქართველო იცნობდა, მისმა შვილიშვილმა ისე როგორ იცხოვრა, რომ მის შესახებ თითქმის არავინ იცის?

- სალაპარაკო რა მაქვს? ჩემი და, მანჩო იყო ყოჩაღი და ის ბევრს საუბრობდა იპოსა და ჩვენზე. მანჩო ცოცხალი აღარ მყავს და ახლა კიდევ უფრო მინდა ჩუმად ყოფნა.

მოქანდაკე ვარ. ქანდაკება ბევრს აღარ სჭირდება, სამაგიეროდ, ხატვას ვასწავლი ბავშვებს. მიხარია, რომ ეს მაძლევს საშუალებას ჩვენი ბიჭების, ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს, რაიმე გავუკეთო, სწავლაში ფული არ გამოვართვა. მარტო მე კი არა, ჩემი მეუღლე ფილოლოგია და რომ გაიგებს, ბავშვი ვეტერანთა ოჯახიდან არის, უფასოდ ასწავლის. ეს მამხნევებს. რატომ უნდა ვიხმაურო, არ მჭირდება!

- სამაჩაბლოს ომშიც იომეთ და აფხაზეთშიც. გადარჩით, არადა, ომში გვერდით მუდამ სიკვდილია. - პროფესიონალი მთამსვლელი ვარ, მთამსვლელები კი ომში სჭირდებათ, ასე რომ, აუცილებლად უნდა წავსულიყავი. მდინარეებზე სახიფათო ტვირთის თოკებით გადატანა მთამსვლელის საქმეა. გარდა ამისა, კარგად ვიცნობ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს. სანამ ოსები რუსებითურთ ომს დაგვიწყებდნენ, ხალხის გატაცება მანამდე დაიწყეს. მეც ბრძოლების დაწყებამდე სამაჩაბლოს ტყეებში პარტიზანულ რაზმში ვიყავი, მაგრამ რა გამოვიდა, რა შევძელი?!

- ალბათ, სულის სიმტკიცისთვის ისიც საკმარისია, რომ გულხელდაკრეფილი არ მჯდარხართ... ვიცი, რომ ომში დაინვალიდდით. - ოთხი კონტუზია მივიღე და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, მაგრამ ინვალიდობა სიცოცხლის დასრულებას არ ნიშნავს! ჩემმა მეგობრებმა კი ომებში სიცოცხლე უსაფლავოდ დაასრულეს, მხოლოდ გაგრის ალყისას 12 ბიჭის ცხედარი საკუთარი ხელით მაქვს დამალული გაგრის ხიდის ქვეშ, მათ საფლავს ვინ აღირსებდა.

- ქუდბედიანი ყოფილხართ, რომ გაგრის ალყას თავი დააღწიეთ...

- იმ დროს ასე არ ვფიქრობდი. გაგრის ალყასაც იმიტომ დავაღწიე თავი, რომ მთამსვლელი ვიყავი და იქაური მთები საუკეთესოდ ვიცოდი. გავიხსენე, რა გზებით უნდა გავსულიყავი გაგრის მღვიმეებისკენ და დავმალულიყავი. Gგზადაგზა გადარჩენილ ხალხს ვკრებდი. 21-მა კაცმა გავაღწიეთ. იქ ღმერთმა კიდევ ერთხელ გვიშველა და მღვიმეში დამალვა არ დაგვჭირდა, მწყემსები დავინახეთ. სომხები იყვნენ, მაგრამ გაქცევას რაღა აზრი ჰქონდა და გამოველაპარაკეთ. სპიტაკზე დაველაპარაკე და წარმოიდგინეთ, რომ შეგვიფარეს.

სპიტაკში მაშველად წავედი. ნანგრევებიდან გვამები ამოგვქონდა. იშვიათად - გადარჩენილი ადამიანებიც. სხვათა შორის, უბედურებისაგან შეშლილ ადამიანებსაც დავდევდი დასაწყნარებლად, ნანგრევებში შვილები ჰყავდათ ჩამარხული. ეს ომში ბრძოლაზე მძიმე იყო. მოკლედ, ჩემდა საბედნიეროდ, მწყემსებს სპიტაკის უბედურებისას ქართველების სიკეთე ახსოვდათ და დაგვეხმარნენ. რომ გავეწირეთ ან რა ძალა გვქონდა! ერთი მწყემსი ადლერში გაგვეგზავნა. იქიდან დავარეკვინეთ სამხედრო შტაბში. იმ ორმა ვერტმფრენის მფრინავმა, რომელმაც ჩვენ იქიდან გამოგვიყვანა, მართლაც სიცოცხლე გაწირა, გაგრის მისადგომებთან კაცის გაყვანა იმ მომენტში ასპროცენტიან სიკვდილზე წასვლა იყო. სიცოცხლე ასეთი ხალხის გამოც ღირს.

- გეთანხმებით, მაგრამ ვაჟკაცობასაც სწავლა სჭირდება, სამწუხაროდ, ჩვენს გარემოში ამის ცოდნის დეფიციტია. - ამის დეფიციტი ყოველთვის იყო, მაგრამ ისეთებიც იყვნენ და იქნებიან, ვინც ვაჟკაცობას გასწავლის. იპო იმდენჯერ მიმეორებდა, კაცი უნდა იყოო, მეც თავში ჩამრჩა. თუმცა არა მარტო ეს, მისი ხელშეწყობით ყველაფერ კარგს ვსწავლობდი, ფორტეპიანოსაც კი, რომლის სასტიკი მოწინააღმდეგე ვიყავი თავის დროზე, მერე კი აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე სასწაულად მიშველა ომში. სოხუმის მიტოვებულ სკოლებში, სადაც კი ფორტეპიანოს წავაწყდებოდი, ამოსუნთქვისას ბიჭებისთვის "თბილისოს" ვუკრავდი. ვერ აღვწერ, ეს რა ძალას გვაძლევდა.

- დღეს ვეტერანის პენსიაზე ცხოვრობთ, ომგამოვლილს ბაბუის სკულპტურაც ვერ დაგიდგამთ. - საბურთალოზე, ბაბუაჩემის სახლის წინ, სადაც ვცხოვრობ, ბაბუასვე სახელობის პატარა პარკია. დიდი ხანია ვითხოვ იქ იპოს სკულპტურის დადგმის ნებართვას და არ დაადგა საშველი. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ გვაჩუქა მის სახსოვრად, ხელისუფლება ნებართვის დოკუმენტაციას ვერ აბამს თავს და პრობლემა ეგ არის.…

არა უშავს, ბრძოლა არ მიჭირს და ვიბრძოლებ. რაც შეეხება ცხოვრებას, მისგან "იახტა" არასოდეს მინდოდა - ხუთი შვილიშვილი მყავს და ისეთი მეუღლე, რომლის დამსახურებითაც ვარსებობ; ჩემს "კორდებალეტს" ის საოცარი სულიერებით იტანდა და იტანს. მეუბნება ხოლმე, ყველაფერში სუფთა ხარ და იმიტომ გითმენო. ერთხელ თბილისის ჰოსპიტლიდან დაჭრილი რომ ისევ აფხაზეთში გავიპარე, მაშინაც ეგ მითხრა, რახან ვერაფერს გიხერხებ, ისღა დამრჩენია, შენზე ვილოცოო. ვუთხარი, მარტო ჩემზე თუ ილოცებ, არ მომივა, ბიჭებზე, ყველაზე ილოცე-მეთქი. ისიც ლოცულობდა... არაფერი მინდა იმის გარდა, რომ ეს ლოცვა მქონდეს და ჩემმა შვილიშვილებმა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრონ. Eეს როგორ მოხდება, არ ვიცი, მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, არა მგონია, ომით მოხდეს, მაგრამ თუ ასე იქნება, მე ომის არც შემშინებია და არც ახლა შემეშინდება.

იხილეთ ფოტოგალერეა ეთერ ერაძე