"პოლიტიკურ დიაგნოზში არასოდეს შევმცდარვარ"
"პოლიტიკურ დიაგნოზში არასოდეს შევმცდარვარ"
ბოლო რამდენიმე თაობის წარმომადგენლებს მუცლად ყოფნის პერიოდიდან ვიცნობო, ამბობს ჩემი თეთრხალათიანი რესპონდენტი ლადო კახაძე. მას თუ არა, ვის მოეხსენება, რომ ყველაფერი დაბადებიდან იწყება და ჩვენი საუბარიც ნარიყალას ძირში, ერთ თბილისურ ეზოში დაბადებული ბიჭის ამქვეყნად მოვლინებით დავიწყეთ.

- ღვინობისთვეა, 27... პირველ შვილად­, პირველ შვილიშვილად მოვევლინე კახაძეების ოჯახს. ჩემს მშობლებს სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდათ. მამას სულ ხელით დაჰყავდა დედა. მერე მეც მივბაძე, მეუღლე ხელით დამყავდა ხოლმე. შინ მუდამ­ ქართული სიმღერა მესმოდა, ხანდახან
მეგრულიც - დედა და ბებია მეგრელები იყვნენ. მეგრული აზროვნება მათგან გადმომეცა. მამას ძმასავით, რომელიც ომში დაიკარგა, ლადო კახაძე დამარქვეს. ბებია-ბაბუა სულ ჭიშკარს გაჰყურებდნენ, ბოლომდე ელოდნენ შვილს.

- ხმა გაგებზარათ, გულჩვილი ხართ?
- რაც ასაკი მემატება, უფრო მეტად...
რა ვთქვა იმ ქალაქზე, რომელშიც დავიბადე - თბილისმა მასწავლა
სალამი, უფროსი თაობისადმი მოწიწება, ქალის პატივისცემა, ნებისმიერი რელიგიის მიმართ თანაბარი დამოკიდებულება. სასწაული თვის­ება ჰქონდა ძველ თბილისს, ვინმეს რომ უხაროდა, მთელი უბანი გახარებული დადიოდა. გაჭირვება რომ იყო, არ იყვირებდნენ, მიჭირს, მიშველეთო, უნდა გეგრძნო.

39-ე სკოლელი ვარ, ეს ყოფილი მე-2 ვაჟთა სკოლა იყო,­ სადაც თავის დროზე პედაგოგებად მუშაობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია. მერე რა თაობა გაზარდეს...­ ამ სკოლამ კვალი დატოვა თავისი ქორეოგრაფიული ანსამბლითაც, რომელშიც მეც ვცეკვავდი...

- იმ ანსამბლიდან გადაინაცვლეთ "სუხიშვილებში"?
- ჯერ იყო "მხედრული", მერე კი "სუხიშვილები". როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი - მედიცინა თუ პროფესიული სცენა, მედიცინა ვამჯობინე.

- მეორედაც გააკეთეთ არჩევანი - პოლიტიკასა და მედიცინას შორის...
- თავიდან პირობა მომცეს, ხალათი არ უნდა გამეხადა. თვითმმართველობის დეპუტატი რომ ვყოფილიყავი, ხელი არ შემეშლ­ებოდა, აი, საკრებულოს თავმჯდომარეობა კი მიკრძალავდა სამედიცინო საქმიანობას. მახსოვს, ერთხელ შევარდნაძე, ჟვანია და მე ღონისძიებაზე შევხვდით. შევარდნაძემ მკითხა, ლადო, შენ პაციენტებზე ვეღარ­ იზრუნებო? რადგან საკრებულოს თავმჯდომარე ვარ, კანონი მიკრძალავს-მეთქი. ზურა, მართლა ასეაო? ასეაო, - უპასუხა ზურამ. ო, ცუდი კანონები მიგვიღ­იაო, - შევარდნაძეს ხუმრობა კი ეხერხებოდა, თუმცა, ჩანს, მანაც ჩათვალა, რომ მედიცინისგან ჩემი მოცდენა არ იყო სწორი.

თვითმმართველობის ინსტიტუტის გაცნობამ დიდი როლი შეასრულა­ ჩემს ცხოვრებაში - საკან­ონმდებლო სივრცეში ჩამ­ახედა. საქართველოში მმართველობითი სისტემა ვიღაცის უფროსობა ჰგონიათ. არადა, ხელისუფალია, ხალხს უნდა მოემსახ­უროს. მივხვდი, რომ ექიმობა უფრო ადვილია ჩემთვის, იმიტომ, რომ რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ იმაზე, პოლიტიკაში კი მთელი იერარქიაა. მე შეიძლება გულით მინდოდეს და ბევრჯერ დამიწერია "დაეხმარეთ", მაგრამ მომსვლია წერილების დასტა, ამას ვერ დავეხმარებით ამიტომ, იმას - იმიტომო... მოკლედ, სურვილის მიუხედავად, ვერ ეხმარები.

1998-დან 2002 წლამდე ვიყავი პოლ­იტიკაში. ცხოვრებამ დიაგნოზის დასმა მასწავლა, სამედიცინოში ვერ ვიტყვი, რომ შეცდომა არ დამიშვია, თუმცა პოლიტიკურ დიაგნოზში არ შევმცდარვარ. ზუსტად ვიცოდი, შემდეგში როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ფრაქციას ვინ შექმნიდა, ვინ ვის დაარტყამდა... როგორც დღესაა, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ურტყან და ამით დაიწერონ ქულები, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" "მოქალაქეთა კავშირის" დარტყმით იწერდა ქულებს. ბევრი ჰქონდათ წამოსაძახებელი - უშუქობა, უგაზობა... და ეს ყველაფერი საბოტაშის შედეგი რომ იყო, ამაზე ხმას არავინ იღებდა. დღეს ხომ არის საქართველოში შუქი და გაზი, მაგრამ საბოტაჟით ზუსტად 1 კვირაში შეიძლება იმავეს გაკეთება.

საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას­ იწუნებს, ამბობს, უნიათოები არიანო. მე კი ვიტყოდი, მომთმენები არიან-მეთქი. გლობალურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. ჩვენ არა ვართ იზოლირებული ქვეყანა. ჩვენ ვართ სხვის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკაში ადგილმიჩენილი სახელმწიფო, ჯერ უსტატუსო - არც ბოლომდე დამოუკიდებელი, ჩრდილოეთის გავლენის სფეროდან არ გავუშვივართ, ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ვართ. ეკონომიკურად კიდევ ჰაერში ვკიდივართ, საითაც შეგვიბერავენ, იქით გადავცვივდებით. პატარა შერყევაზეც კი სიტუაცია შეიძლება შეიცალოს. ვინ გადაურჩება რყევას? - ვისაც აბჯარი ექნება ძლიერი. აბჯარი კი არის რწმენა, განათლება, კულტურა, მეცნიერება... არადა, დღეს რწმენას უამრავი მტერი ჰყავს, განათლება ინგრევა, კულტურასა და მეცნიერებაზე უარი გვაქვს ნათქვამი, კალკირებას ვახდენთ მსოფლიო მეცნიერების. ძალაშია სოციალური უთანასწორობაც...

- დაუსჯელობის სინდ­რომი, შერჩევითი სამართალი?
- ადრე გაცილებით მეტი იყო, თუმცა არც იმის მომხრე ვარ, 9 წელ­იწადს ვაბრალო ყველაფერი. რაღაცების გამოსწორება შეიძლებოდა დაჩქარებული ტემპით. მომხრე ვარ საარჩევნო კანონის ცვლილების, იმის, რომ ქალაქის მერით დაწყებული და პროკურორით დამ­თავრებული პირდაპირი წესით აირჩიონ.

- ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას როგორ უყურებთ?
- ერთი რეკლამა გინახავთ,"ნარკოტიკი კლავსო? მსოფლიოში არავის უნდა ნარკოტიკზე კრინტის დაძვრა, საქართველო პატარა ნაწილია. საქართველოს ბაზარს დათმობს ნარკობიზნესი?
ნარკომანი სიცოცხლის დაჩქარებულად მოსპობის გზაზე დამდგარი ადამიანია, დაავადებული. მე მას ციხისთვის ვერ გავიმეტებ. ის სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა იყოს. ფული, რომლითაც დააჯარიმებ, გადაიხადოს ჯანმრთელობის შეძენაში.
დეკრიმინალიზაციით ტურისტების რაოდენობას გავზრდითო, ჩვენ რა, ნარკოტურისტებს ველოდებით?!

- ონლაინკაზინოების თემასაც შევეხოთ.
- ასაკობრივი ცენზი უნდა დაწესდეს კაზინოებში, ონლაინკაზინოები კი საერთოდ უნდა აიკრძალოს.

- ცნობილი თამადა ხართ.
- ხშირად ვარ თამადა. მეგობრებს ვუთხარი,
მზადა მაქვს ჩემი ქელეხის სუფრა, ჩავწერე უკვე, სადაც ჩემს თავზე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ისე გაზ­არმაცდით, ლაპარაკი გეზარებათ და ყოველთვის მე მათამადებთ­მეთქი.

- როგორი მამა და ბაბუა ხართ?
- 2 ქალიშვილი მყავს, თინათინი და ეთერი, ორივეს ჩემი და ჩემი მეუღლის დედების სახელი ჰქვიათ. 4 შვილიშვილის ბაბუა ვარ. ამ ყველაფრის გვირგვინია ჩემი მეუღლე რუსუდანი, ის ხსნის ჩემს ყველა საიდუმლო კოდს და ეს მოვალეობა ნებელობით მაქვს გადაბარებული მასზე.

- რისთვის ღირს ცხოვრება?
- რამდენჯერაც გამიხსენებენ ჩემი შვილები და შვილიშვილები, იმდენჯერ მოვბრუნდები. როგორც მე ვიხსენებ ჩემს წინ­აპრებს მათი ფრაზებით, მოფერებით, ისე მინდა ამათ გამიხსენონ. ომარ ხაიამს აქვს ნათქვამი: "ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია, / ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს, არა მგონია, / მე ერთი მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს, /ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია". და იქვე სცემს პასუხს: "გახსოვდეს, ოდეს შენ დაიბადე / სხვებს უხაროდათ, შენ კი სტიროდი. / იცოცხლე ისე, სიკვდილის დროზე / შენ გიხაროდეს, სხვები გტიროდნენ".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები