საქართველოში ავარიების რიცხვი საგანგაშოა!
საქართველოში ავარიების რიცხვი საგანგაშოა!
მცდარი აზრია, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევების პირველი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. უბრალოდ, კამერით და რადარებით ყველაზე ადვილად ფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება. ეს ჯარიმების რაოდენობაზეც აისახება. სინამდვილეში, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არასწორი მანევრირებაა, რომელსაც კამერა ვერ აფიქსირებს

ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, სამწუხაროდ, სანუგეშო სიახლეები არ არის. თითქოს მუშაობენ ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს ღონისძიებები შედეგს არ იძლევა. სტატისტიკა თითქმის უცვლელია და საგანგაშო. ავტოავარიებში ყოველწლიურად დაახლოებით 600 კაცი იღუპება. ამ
თემაზე სასაუბროდ ექსპერტ ზურაბ ბეჟაშვილს დავუკავშირდით, რომელსაც შემუშავებული აქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიული გეგმა.

- საგზაო უსაფრთხოების გეგმა მრავალფუნქციური და კომპლექსურია, რომელშიც არაერთი სამინისტრო და უწყება­ უნდა იყვნენ ჩართულნი, უპირველესად კი შს სამინისტრო. საჭიროა პატრულის გადამზადება და კურსანტების მომზადება. განათლების სამინისტროს ჩართულობის გარეშეც წარმოუდგენელია გამოცდის ჩაბარება,
ანუ მართვის მოწმობის გაცემა. საბჭოთა პერიოდშიც კი განათლების სამინისტროში იყო საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების განყოფილება, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო ფაკულტეტზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სპეციალობა გაუქმებულია. ამ ყველაფერში ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია უზარმაზარი ფინანსური სახსრებით, რადგან, როგორც შარშანწინ მინისტრმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, ყოველწლიურად მისი უწყება 10 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რეაბილიტაციისთვის. გეგმაში თავისი ადგილი უკავია ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელმაც გამოსცა­ ახალი კანონი განბაჟების შესახებ. კანონის თანახმად, 60%-ით გაიაფდა ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟება და ყველა მათ ყიდვაზეა მომართული. მაგრამ მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, გეუბნებით - იმ უზარმაზარ აკუმულატორებს, რომლებიც ჩაყენებულია ჰიბრიდულ ავტომობილებში, 6-დან 8 წლამდე აქვთ ვადა. ეს კი ნიშნავს, რომ მალე დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით. როცა ამ აკუმულატორების გადაყრას დაიწყებენ, თუ რამე არ ვიღონეთ, მათგან გამოყოფილი მჟავა სახლში, ონკანებში ამოგვივა, რადგან ჩვენთან არ არის დანერგილი აკუმულატორების გადამუშავების ტექნოლოგიები, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

- ეს თქვენ გარდა არავინ იცოდა?
- მცდარი წარმოდგენა აქვთ საკითხზე. აღარაფერს ვამბობ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელთა წარმომადგენლები არც ინჟინრები­ არიან, არც სპეციალური განათლება აქვთ, რა უფლებით იძლევიან რეკომენდაციებს?! ავარიების მიზეზი ხდება ისიც, რომ გზებზე ნიშნებს სპეციალისტები არ აყენებენ. კომუნისტების ხანაში ჩვენი გზების უმრავლესობა ისე იყო დახაზული, რომ სწორ გზაზე უწყვეტი ზოლი გვხვდებოდა.­ ეს ავტოინსპექტორებს ხელს აძლევდა - თუ მძღოლს ნებისყოფა უღალატებდა, ზოლს გადაკვეთდა და წინამორბედს გაასწრებდა, ინსპექტორი დააჯარიმებდა და ჯიბესაც გაისქელებდა.­ წყვეტილი ხაზები ხშირად მოსახვევებში გვხვდებოდა, იქ, სადაც ხილვადობა­ არასაკმარისია და გასწრების შემთხვევაში საავარიო სიტუაციის ალბათობა მაღალია... არასწორი მონიშვნები დღესაც ბევრგან არის, იმიტომ, რომ სპეციალისტების ნაკლებობაა.

- კამერების შესახებ აუდიტის სამსახურმა სპეციალური დასკვნა დაწერა.
- მცდარი აზრია, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევების პირველი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. არამც და არამც! უბრალოდ, კამერით და რადარებით ყველაზე ადვილად ფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება. ეს ჯარიმების რაოდენობაზეც აისახება. სინამდვილეში, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არასწორი მანევრირებაა, რომელსაც კამერა ვერ აფიქსირებს. 2 წლის წინ გაჩნდა გადაადგილებით პატრულირების იდეა. პროექტში ჩართულ შსს-ს თანამშრომლებსა თუ ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარ ავტომობილში უნდა დაემონტაჟებინა სპეციალური კამერა, რომელიც დააფიქსირ­ე­ბდა გზად შემხვედრ ყველა დარღვევას. შედეგად კი კვირის ბოლოს ურჩ მძღოლებს­ ჯარიმები დაერიცხებოდათ. მოულოდნელი ჯარიმებით დაბნეული მძღოლები მეტ სიფ­რთხილეს გამოიჩენდნენ... ამ მეთოდის წყალობით ზოგიერთ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა, მაგრამ საქართველოში ამ პროექტმა დღის სინათლე ვერ იხილა...

პრობლემაა ისიც, რომ ზოგიერთ შემთ­ხვევაში პატრულის თანამშრომელია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ მას მართვის მოწმობა აქვს, პირდაპირ სვამენ საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე, ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული სპეცმომზადების გარეშე.
ბევრი უცხოელი მეუბნება გაკვირ­ვებული,­ ჩვენს ქვეყანაში თუ საპა­ტრულო ავტომობილს ციმცი­მა ჩართული აქვს, მოძრაობა­ ჩერდება, ანუ ეკიპაჟი სპეც-
ოპე­რაციაზე მიდის და ვალდებული ვართ, ავტომობილი გავატაროთ. აქ კი თქვენი საპატრულო ეკიპაჟები მუდმივად ჩართული ციმციმათი დადიან, რის გამოც ხშირად ხილვადობის პრობლემას ქმნიანო. სამწუხაროდ, ვერაფერი ვუპასუხე.

- 100-ქულიანი სისტემის შემოღება ბევრმა მოიწონა.
- როდესაც 100-ქულიან სისტემაზე დაიწყო საუბარი, ვთქვი, ამ სიახლეს პატრულის თანამშრომლების გადამზადების გარეშე აზრი არ ექნება-მეთქი. ებრძვიან შედეგს და არა მიზეზს. ცვლილებებს იღებენ ფურცელზე და რეალურად არაფერიც არ იცვლება. პატრულებს ამზადებენ სროლაში, ორთაბრძოლაში, იურიდიულ საკითხებში, მაგრამ არა საგზაო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების შესწავლაში.
ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მართვის მოწმობა, ფაქტობრივად, უვადოა. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში 70 წელს გადაცილებულ მძღოლებს ხშირად უწევთ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება, რადგან ზოგჯერ ასაკთან ერთად ქვეითდება რეაქცია ან გონებრივი შესაძლებლობები...
ტრაილერებსაც მინდა შევეხო. მძღოლები წყვილში უნდა მოძრაობდნენ და დადგენილი საათების ინტერვალით ჩაანაცვლონ ერთმანეთი საჭესთან, მაგრამ ასე არ იქცევიან და ხშირად ეს ავარიის მიზეზი ხდება. უძილობა მრავალ პრობლემას ქმნის.

უცხოეთში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ერთი გამოუძინებელი, მეორე გამოძინებული, მესამე კი ნასვამი მძღოლი შეიყვანეს დახურულ ტერიტორიაზე, დასვეს საჭესთან და ერთი და იმავე მიმართულებით გაუშვეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მერე ერთსა და იმავე ადგილას წინააღმდეგობა შეუქმნეს - გზაზე მოულოდნელად ადამიანის ზომის თოჯინა დაუყენეს. გამოძინებულმა მოასწრო დამუხრუჭება, ნასვამი მსუბუქად დაეჯახა, უძილომ კი დაჯახების შემდეგ დაამუხრუჭა, იმდენად შენელებული ჰქონდა რეაქცია. პრობლემაა ისიც, რომ მეტწილად 2-3 ტრაილერი დადის ჩამწკრივებული, შუაში არავის აყენებენ, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევის დამატებითი მიზეზიცაა.

- კარგია, რომ ტექდათვალიერება შემოიღეს.
- ამერიკის ათზე მეტ შტატში, თუ მძღ­ოლი კომერციულ საქმიანობას არ ეწევა,­ ტექდათვალიერების გავლა არ ევალება.­ სამაგიეროდ, სამგზავრო და სატვირთო­ ავტო­მობილების ტექდათვალიერება წელი­წ­ადში რამდენჯერმეა სავალდებულო. ტაქსი წელიწადში სამჯერ მოწმდება. ახლა ჩვენს სინამდვილეს დავუბრუნდეთ - რატომ უნდა გაიარონ ერთი და იმავე ინტერვალით ტექინსპექტირება ტაქსებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა, როცა ტაქსი დღეში საშუალოდ 400-500 კილომეტრს გადის, ავტომობილების დიდი ნაწილი კი 50-ს.
ცოტა ხნის წინ ბავშვები დაიღუპნენ გომბორის გზაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ექსკურსიის ორგანიზატორები იაფ ტრანსპორტს ქირაობენ. ვინ ახდევინებს იაფს? ის, ვისაც გაუმართავი ტრანსპორტი ჰყავს.

მართვის მოწმობის ასაღებ ბილეთებშიც უამრავი შეცდომა იყო, მართალია, შემცირდა, მაგრამ არ აღმოიფხვრა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ჩვენთან­ ჯერ მოწმობას იღებენ, შემდეგ სწავლობენ მართვას.

მინდა საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიული გეგმა ახალ პრემიერ-მინისტრს წარვუდგინო. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ღონისძიებებით 2 წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების სავალალო სტატისტიკა განახევრდება.

"მეამაყება, რომ მაყურებელმა ჩვენი გადაცემა შეიყვარა"


ზურაბ ბეჟაშვილი:
"ბავშვობიდან, ველოსიპედი იყო თუ მოპედი, რაც მოძრაობდა, ყველაფერს ვატარებდი, მანქანები მაბოდებდა, ერთი სული მქონდა, მართვის მოწმობას როდის ავიღებდი. ამიტომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, ჩემი ინტერესებისა და მისწრაფების ადამიანი მშენებელი ხომ არ გამოვიდოდა? - ავტოინჟინერი ვარ. რაც შეეხება ავტოსპორტს, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, სპორტის ამ სახეობაში მომესინჯა ძალა. 1987 წლიდან დღემდე 16-გზის საქართველოს ჩემპიონი გახლავართ ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში, 3-გზის - რალის ეტაპის ევროპის პრიზიორი და 11 რეკორდი მაქვს დამყარებული რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ამწუთასაც კავკასიის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ვემზადები.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა სატელევიზიო და რადიოარხზე მქონდა გადაცემები, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში კი "პალიტრანიუსში" გავაკეთეთ გადაცემა, რომელსაც "საგზაო უსაფრთხოება" დავარქვით. ეთერში ყოველ ოთხშაბათს დილის 8.30-დან ყოველ 3 საათში გადის, კვირადღეს კი განმეორებითი ჩვენებაა. კარგი გამოხმაურებები გვაქვს, უამრავი კითხვით მოგვმართავენ, ქუჩაში გვხვდებიან, ათას თბილ სიტყვას გვეუბნებიან, გიყურებთ, თქვენს რჩევებს ვითვალისწინებთო. მეამაყება, რომ მაყურებელმა ჩვენი გადაცემა შეიყვარა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები