ზურგჩანთა და კურიკულუმი უცხოური ნოველა - კვირის პალიტრა

ზურგჩანთა და კურიკულუმი უცხოური ნოველა

თავსხმა წვიმაა. მადრიდში ცივა და საშინელი ამინდია. წიგნების მაღაზიის ვიტრინიდან თვალს ვადევნებ, როგორ დადიან ქოლგებით ქუჩის მეორე მხარეს. ჩემი მეგობრის, ანტონიო მენდეზის მაღაზია კალე მაიორზე მდებარეობს.

ჩვენ სიგარეტს ვაბოლებთ და ვსაუბრობთ. ალბერტო, მაღალი და მშვიდი თანამშრომელი, რომელსაც არც ერთი ჩემი რომანი არ წაუკითხავს და როგორც თავხედურად მეუბნება ხოლმე, "ამის საჭიროებას ვერ ხედავს",”ახალი წიგნების შეკვეთითაა დაკავებული. ამ დროს კარი იღება და მაღაზიაში ზურგჩანთიანი ბიჭი შემოდის. ოდნავ მოშორებით დგება, მორცხვად იყურება და მორჩილად ელოდება, როდის მოვრჩებით საუბარს. ბოლოს ძალიან ხმადაბლა ეკითხება ანტონიოს, თუ შეიძლება, ჩემი კურიკულუმი დავტოვოო. "რა თქმა უნდა, დამიტოვეთ", - პასუხობს ჩემი მეგობარი. ბიჭი ზურგჩანთიდან ქაღალდების მთელ დასტას იღებს - ყოველ მათგანზე მისი ფოტოა მიმაგრებული - და ერთ ფურცელს ანტონიოს აწვდის. "დიდი მადლობა", - ლუღლუღებს ისევ მორცხვად.

- იქნებ რაიმე საჩემო სამსახური გამოგიჩნდეთ... - ამბობს და ჩუმდება. ოდნავ იღიმება, ყველაფერს უკან, ზურგჩანთაში ალაგებს და თავსხმა წვიმაში ისევ ქუჩას უბრუნდება.

ანტონიო მძიმედ მიყურებს. ასეთები, გოგონები და ბიჭები, ათობით მოდიან. ყველას თავისი კურიკულუმი მოაქვს. თან ვერ წარმოიდგენ, რა დონის: დიპლომები სხვადასხვა სფეროში, უცხოეთში დამთავრებული კურსები, ენები, მაგრამ რად გინდა?

ფურცელს ხელში ვიღებ. ესა და ეს, დაბადებული 1976 წელს. ისტორიის ლიცენციატი. ესა და ეს კურსები პარიზსა და იტალიაში, სამი უცხო ენა, ადგილები, კომპანიები, თარიღები. თვალში მხვდება შვიდამდე უვარგისი სამსახური სამი ან ექვსი თვით, მერე კი ისევ უკან, ქუჩაში. ვუყურებ ფოტოს: მსუბუქი ღიმილი, თავდაჯერებული გამომეტყველება, ალბათ, იმედის გამო... მაღაზიის ვიტრინიდან ქუჩის მეორე მხარეს ვიხედები, მაგრამ ბიჭი თითქოს სადღაც გაქრა. წვიმაში, ქოლგებს შორის გაუჩინარდა. ალბათ, ახლა სხვა წიგნის მაღაზიებს აკითხავს და ზურგჩანთიდან თავის შთამბეჭდავ კურიკულუმს იღებს.

ფურცელს ანტონიოს ვუბრუნებ, ის კი უსუსურად იჩეჩს მხრებს და ყველაფერს უჯრაში ინახავს.

ცოტა ხნის წინ თვითონაც მოუხდა თანამშრომლის დათხოვნა, რადგან ორი კაცის ხელფასს ვეღარ გასწვდებოდა. სანამ უჯრას დახურავდა, ქაღალდების დასტას მოვკარი თვალი. ყოველ მათგანზე ფოტოსურათი იყო მიმაგრებული.

ფოტოებიდან გოგონები და ბიჭები მიყურებდნენ, ისეთივე მზერითა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით. "ესპანეთი სწრაფად ვითარდება", - კი, როგორ არა, დამპალი ესპანეთი. სევდა, როგორც ცივი წვეთები, ისე ჩამეღვარა შიგნით და ეს დღე კიდევ უფრო უიმედო და მოქუფრული მეჩვენა. ღმერთო, რას ვუშვრებით მათ, რას ვუშვებით ამ ბავშვებს.

ანტონიო მიყურებს და ისევ სიგარეტს უკიდებს. ვიცი, ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც მე. რას დავამსგავსეთ ეს ზურგჩანთიანი ახალგაზრდები, ერთ დროს სწავლასა და კარიერაზე ოცნებით ანთებულნი, მოლოდინითა და ძალისხმევით აღსავსენი, დღეს საკუთარ კურიკულუმს ქუჩა-ქუჩა დაატარებენ, როგორც იმედის უკანასკნელ ნაპერწკალს.

ისტორიის, ანდა რომელიმე სხვა სფეროს ლიცენციატები - რვაწლიანი ზოგადი განათლება, ხუთწლიანი უმაღლესი სასწავლებელი, ნაირ-ნაირი კურსები, ენის შესასწავლად გაწეული უზარმაზარი პირადი თუ ოჯახური ხარჯები უძვირეს აკადემიებში, რომლებიც, როგორც წესი, კოტრდებიან და რეგისტრაციის ფულის გადახდისთანავე გარეთ გამოგისვრიან. დაუცველობა, წინააღმდეგობები, ლაბირინთები გამოსავლის გარეშე:

უფროსები, რომლებიც ჯერ უსირცხვილოდ გწურავენ და მერე ქუჩაში გაგდებენ; პოლიტიკოსები, რომლებიც სულ სხვა მხარეს იყურებიან და ამ ყველაფერს მშვენივრად ფუთავენ; პროფკავშირები, სადაც დემაგოგია და გულგრილობა უფრო მეტია, ვიდრე სინდისი. დამპალი სამსახური, დამპალი უმუშევრობა, დამპალი კურიკულუმი. და თუ მოხდა სასწაული და სამსახური იშოვე, ყველაფერზე თანახმა უნდა იყო: ბინძურ კანტორაზე, გულისამრევ საამქროზე... კბილი კბილს უნდა დააჭირო, რომ როგორმე გაძლო, სანამ გარეთ გაუგდიხარ. და თუ შენი ლამაზი  საჯდომი უფროსს მოეწონა, აუცილებლად მოაკიდებინე ხელი.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ნუ დაგავიწყდება, რომ მადლობელი უნდა იყო, სხვა ცვლაში თუ გადაგიყვანეს, შაბათ-კვირას გამუშავებენ და კიდევ, დამატებით 600 საათს წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ შენს კონტრაქტში მხოლოდ 80 საათია მითითებული. და თუ ამასთან ოჯახის რჩენას ან ბინის შეძენას აპირებ, მაშინ თავს ძალა დაატანე და ნურავის მისცემ უფლებას, შენი საჯდომი უფასოდ გამოიყენოს.

ამას დღეს სამსახურებრივ მოქნილობას ეძახიან და როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი აცხადებს, სწორედ ამ მოქნილობის წყალობით შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რომ ევროპის თვალისჩინი და მანათობელი შუქურა ვართ. რა კარგია, არა? და, ალბათ, ამას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ოცი წლის ბიჭმა უკვე რვა უვარგისი სამსახურის გამოცვლა მოასწრო და მართლაცდა დიდი გამოცდილება მიიღო ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, შედეგად კი ქუჩაში აღმოჩნდა, ზურგჩანთით, და ამ წვიმაში ცდილობს, იპოვოს გამოსავალი.

გამუდმებით ერთ ადგილს ვტკეპნით. სამსახურებრივი მოქნილობა... კი, როგორ არა! რამხელა ევფემიზმი და სიბინძურეა. მაინტერესებს, რა მოხდება მაშინ, როცა ამდენი ფიქრისგან ბოლოს მოთმინების ძაფი გაწყდება, ყველაფერი თავდაყირა დადგება და იმ ზურგჩანთაში, ეს ბიჭი აქეთ-იქით რომ დაატარებს, კურიკულუმის ნაცვლად მოლოტოვის კოქტეილი აღმოჩნდება.

ესპანურიდან თარგმნა

ქეთი ჯიშიაშვილმა