"ქალაქური" პროზის ოსტატი - კვირის პალიტრა

"ქალაქური" პროზის ოსტატი

ერთხელ მწერალსა და პუბლიცისტს, გურამ ფანჯიკიძეს ქუთაისის ლუდის ქარხნის დირექტორისთვის უკითხავს, რა არის საჭირო კარგი ლუდის გამოსახდელადო, მას კი უპასუხია: კარგი წყალი, კარგი ქერი და სუფთა სინდისიო.

ჰოდა, ბატონ გურამსაც უბრძანებია: თუკი ლუდისთვის ყოფილა აუცილებელი სუფთა სინდისი, წარმოიდგინეთ, რა სინდისი სჭირდება მწერალს ტალანტსა და ინტელექტთან ერთად, რომ პირნათელი იყოს საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშეო.

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ამბობდა: დღეს ძალიან ძნელია მკითხველი წიგნთან მიიტყუო, და თუ მაინც მიიტყუე, წიგნის წაკითხვის ბედი პირველ ხუთ გვერდზე წყდება. თუ იგი თავიდანვე არ შებოჭე, არ დააინტერესე, თვალი უმალვე ტელევიზორის ეკრანისკენ გაექცევა... წიგნსა და მკითხველს შორის ბევრი მაცდუნებელი ბარიერია და მარტო მკითხველი ვერ გადალახავს, "დანაღმული ველი თვითონ მწერალმა უნდა გააუვნებლოსო". და ბატონი გურამიც ყოველთვის ახერხებდა ამას, ადამიანში მუდამ ადამიანს ეძებდა და მკითხველსაც სჯეროდა მისი გმირების. ამიტომაც კითხულობდნენ მის ნაწარმოებებს ერთი ამოსუნთქვით.

ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის" XXIII ტომად მკითხველი გურამ ფანჯიკიძის რომანს "თვალი პატიოსანს" მიიღებს და ვფიქრობთ, ახალბედა მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე მწერლის ნაწარმოების "დაგემოვნება".

გურამ ფანჯიკიძე მწერლობაში ტექნიკური სამყაროდან მოვიდა - ინჟინერ-მეტალურგი იყო. სხვადასხვა დროს რედაქტორობდა ალმანახ "განთიადსა" და ჟურნალ "ცისკარს", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორიც გახლდათ და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც. ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი და შემფასებელი იყო, ესწრებოდა თბილისის "დინამოს" უმნიშვნელოვანეს გასვლით თამაშებს, მსოფლიოს რამდენიმე საფეხბურთო ჩემპიონატს და შთაბეჭდილებებს საფეხბურთო თემაზე დაწერილ სტატიებსა და წიგნებში გადმოსცემდა.

მწერალი გურამ ფანჯიკიძე საქართველოში სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევა. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მას რომანებმა: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "აქტიური მზის წელიწადი" (რისთვისაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს) და "სპირალი". განსხვავებით მისი წინამორბედი მწერლების პროზისგან, გურამ ფანჯიკიძის პროზა "ქალაქურია" - სიუჟეტებს სწორედ ქალაქური ყოფიდან იღებს და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე წერს. 1970-იან წლებში განსაკუთრებით დიდი ინტერესი და გამოხმაურება "თვალი პატიოსანის" გამოქვეყნებას მოჰყოლია.

მოგვიანებით, კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის სცენაზე მისი ინსცენირებაც დაიდგა და რეჟისორმა შოთა მანაგაძემ იმავე სახელწოდების მხატვრული ფილმიც გადაიღო, სადაც მთავარ გმირებს - ოთარ ნიჟარაძესა და თამაზ იაშვილს ბუბა კიკაბიძე და მურმან ჯინორია ასახიერებენ. რომანის დაბეჭდვისთანავე იმხანად უკვე მხცოვან მწერალს, დემნა შენგელაიას აღუნიშნავს, ოთარ ნიჟარაძისა და თამაზ იაშვილის მეგობრობასთან ფერმკრთალდება რემარკის გმირების მეგობრობა, ხოლო ქართულ ლიტერატურაში ასეთი მამაკაცური მეგობრობა და ერთგულება ყაზბეგის პროზის შემდეგ აღარ შემხვედრიაო. იმავე აზრს იზიარებდა, თურმე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც. ვინც უკვე "შეხვედრია" გურამ ფანჯიკიძის მაღალმხატვრული ოსტატობით დახატულ გმირებს, თითოეულს ჩვენს საზოგადოებაშიც კარგად ამოიცნობს.

ისინი ძლიერებიც არიან და სუსტებიც, კარიერისტებიც, გარეწრებიც, კაცთმოყვარეებიც და პატიოსნებიც. მაგალითად "თვალი პატიოსანის" გმირი ოთარი პირდაპირი კაცია და ცხოვრებასაც პირდაპირ, თვალებში უყურებს. ირეალურ სამყაროში მცხოვრები უწესიერესი და უნიჭიერესი მათემატიკოსის, თამაზ იაშვილისთვის კი უცხოა, ვთქვათ, სიცრუე.

ერთ-ერთი მეგობარი კი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველა ნორმალური კაცი "ცრუობს ყოველდღიურად, საშუალოდ, დღეში ოცდაათჯერ", ამაოდ უხსნის, რისთვისაა საჭირო ეს სიცრუე: "...მე დღეს ჩემი მთავარი რედაქტორი შევაქე, გამოცდილი და საქმეში ჩახედული კაცი ვუწოდე. ესე იგი, უსინდისოდ მოვატყუე.

იმ წუთში კი, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, იცი, რას ვფიქრობდი მასზე? მე რომ სიმართლეს გამოვკიდებოდი, უნდა მეთქვა, თავი სველი ნახერხითა გაქვს-მეთქი გამოტენილი. აი, ეს იქნებოდა სიმართლე. - მერე და, რატომ არ უთხარი? - იმიტომ, რომ მაშინ აქ ორი უმუშევარი ვისხდებოდით!" ეს კი თამაზს ძალიან აღაშფოთებს... გურამ ფანჯიკიძემ კარგად იცოდა ქალაქელი კაცის ფსიქოლოგია, იცნობდა თავის გმირებს და ამიტომ მკითხველმაც დაიჯერა მისი. როდესაც მის შემოქმედებას ახლოს გაიცნობთ, თქვენც დაიჯერებთ მის სიმართლეს და მიხვდებით, რომ მწერალი თავისი გმირებით თუ ნააზრევით დღესაც თანამედროვეა.

ირმა ხარშილაძე