"როგორ შეძლო უბრალო ხარაზის შვილმა ასეთ ზენიტში ასვლა?" - რატომ მიიჩნევენ ალბანელები სტალინს თავისად? - კვირის პალიტრა

"როგორ შეძლო უბრალო ხარაზის შვილმა ასეთ ზენიტში ასვლა?" - რატომ მიიჩნევენ ალბანელები სტალინს თავისად?

როგორ გამოაცხეს 1989 წელს ტირანის საკონდიტრო ფაბრიკაში უზარმაზარი ტორტი ბელადის ფიგურით, შინელსა და ჩექმებში

რუსულმა გამოცემამ «Аргументы и факты» გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: იოსებ სტალინი თანამედროვე ალბანეთში". სტატიაში გადმოცემულია იოსებ სტალინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, ასევე თანამედროვე ალბანეთში (ავტორი - გიორგი ზოტოვი).

"ალბანეთისთვის იოსებ სტალინი, რომელიც სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინათ ლეგენდარულ ფიგურას წარმოადგენდა, დღეს "ბნელი ძალის განსახიერებას და სუვენირების მეფეს" წარმოადგენს", - წერს ავტორი, რომელიც ალბანეთის დედაქალაქში იმყოფება და ტირანელ ინჟინერს მილაიმ ბერიშას ესაუბრება.

მილაიმი სტალინში დაიბადა (ასე ერქვა 1950-90 წლებში ქალაქ კუჩოვას), რომელიც ტირანადან ორი საათის მანძილითაა დაშორებული. იოსებ სტალინის სახელს ატარებდა კიდევ ერთი ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთში, აგრეთვე უამრავი დაბა და სოფელი. "მე მახსოვს, რომ ჩემი შვილი ჯერ კიდევ 1989 წელს იოსებ სტალინის მიერ და მასზე დაწერილ ლექსებს სწავლობდა - "სტალინი, ყველა ალბანელის მოსიყვარულე და კეთილის მსურველი კაცი", - ამბობს მილაიმი.

1961 წელს, როცა იოსებ სტალინი მოსკოვში მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კრემლის კედელთან დამარხეს, ალბანეთი მრავალრიცხოვანმა საპროტესტო ანტისაბჭოთა აქციებმა მოიცვა. სწორედ იმ დროს ალბანეთის კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ენვერ ხოჯამ ოფიციალურად მიმართა საბჭოთა კავშირს, რომ "მსოფლიოს უდიდესი გენიის" ნეშტი ალბანეთისთვის გადაეცათ, ტირანაში შესაბამისი ღირსებით დაკრძალვის მიზნით.

1986 წელს კი, როცა სახკომსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და იოსებ სტალინის თანამებრძოლი ვიაჩესლავ მოლოტოვი გარდაიცვალა, ალბანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა და ქუჩები შავი ლენტებით იყო მოსილი და ეს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის ძეგლები, ბიუსტები და ფოტოები კომპარტიის მე-20 ყრილობის შემდეგ თითქმის ყველგან გაანადგურეს.

პატარა, ორმილიონიან ალბანეთში კი "მსოფლიოს გენიოსს", ყველაზე დიდ გენერალსიმუსს 1990-იან წლების დასაწყისამდე პატივს სცემდნენ. სხვათა შორის, ალბანეთის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში დღესაც არის შემორჩენილი სტალინის ძეგლები.

"ტირანაში იოსებ სტალინის ორი უზარმაზარი ძეგლი იდგა: ერთი სკანდერბეგის ცენტრალურ მოედანზე და მეორე - ხელოვნების მუზეუმის წინ. ორივე პოსტამენტიდან 1990 წლის ბოლოს მომხდარი არეულობების დროს წააქციეს", - ამბობს ჰესედ სინარი, რომელიც იმ დროს სკოლის მასწავლებელი იყო, - ძეგლებთან სულ მუდამ ყვავილები იდო, ადამიანებს სტალინი ღმერთად მიაჩნდათ.

სხვათა შორის, წინა 1989 წელს ალბანეთში დიდი ზეიმით აღინიშნა იოსებ სტალინის დაბადების 110 წლისთავი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაღლებული განწყობა და სულისკვეთება სუფევდა: მუშები წარმოების გადაჭარბების ვალდებულებას იღებდნენ, ბიჭუნებს იოსებს არქმევდნენ, გოგონებს - სტალინას. ცხადია, გემთმშენებელ ვერფში ააგეს ხომალდი "იოსებ სტალინი", მუსიკოსებმა და ხელოვნების სხვა მუშაკებმა ახალი ნაწარმოებები შექმნეს... ერთ-ერთ საკონდიტრო ფაბრიკაში კი უზარმაზარი ტორტი გამოაცხეს სტალინის ფიგურით, შინელსა და ჩექმებში. რა დასამალია და "დიდი მასწავლებელი" დღესაც ძალზე პოპულარულია ალბანელების უფროს თაობაში. სამაგიეროდ, ნიკიტა ხრუშჩოვი ჩვენთან დემოკრატებსაც კი არ უყვართ, მას მოღალატედ თვლიან".

რასაკვირველია, ალბანეთში არიან ადამიანები, რომლებსაც იოსებ სტალინი სძულთ და მას "შავი ძალების დემონად" მიიჩნევენ: "იოსები ბავშვობიდანვე დემონებთან ჰქონდა კავშირი. რატომ თქვა უარი მან მღვდლობაზე? იმიტომ, რომ სული ეშმაკებს მიჰყიდა. მას შეეძლო სხვა ადამიანად გადაქცევა და ამიტომ ჟანდარმებს იოლად გაურბოდა", - მეუბნება მთებში მდებარე ქალაქ სარანდის ყავახანაში ერთი მოხუცი.

შემატყო, რომ ვიღიმებოდი და გამიბრაზდა: "აბა, მითხარი, როგორ შეძლო უბრალო ხარაზის შვილმა ასე ზენიტში ასვლა? ეს ხომ ჯადოსნობაა". ალბანელები იმასაც მომიყვნენ, რომ ერთს საბარგო მანქანა მიუყვანია სტალინის ძეგლთან, ჯაჭვი გამოუბია და წაუქცევია, "მეორე დღეს კი ჯერ ერთი ხელი გაუხმა, შემდეგ - მეორე, რამდენიმე დღის შემდეგ ინსულტი დაემართა და მოკვდა".

"საერთოდ, ასეთი ამბები არ უნდა გაგიკვირდეს, - მეუბნება ტირანას უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი რეჯებ ისმაილი, - მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებთაც სჯერათ, რომ იოსებ სტალინი ორმეტრნახევარი სიმაღლისა იყო, უდიდესი ძალის მქონე - ისეთისა, რომ თითებით ნალს ჰღუნავდაო. რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია: სოფლის მოსახლეობა ქალაქებში იოსებ ბესარიონოვიჩის უზარმაზარ ძეგლებს რომ ხედავდა, მათ გონებაში ჩაინერგა აზრი, რომ იგი მრისხანე გოლიათი იყო და მტრებს თავზარს სცემდა. ალბათ, თქვენც იცით, რომ მისი მმართველობის დროს საბჭოთა ჩრდილოეთის ხალხებში ლეგენდები იქმნებოდა - "ხალხთა ბელადი" ებრძვის კაციჭამია თეთრ დათვებს... ალბანეთში მცხოვრებ მუსულმანებსა და ქრისტიანებშიც ყოველთვის არსებობდა სულების მიმართ წარმართული თაყვანისცემა... დღეს ალბანეთის მთებში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ აი, სტალინი რომ დავამხეთ, მისი ხსოვნა რომ შევბღალეთ, იმიტომაც ვართ მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებაშიო. თუმცა ასეთი ადამიანები ცოტანი არიან".

ისევე როგორც საქართველოში, ალბანეთშიც ბევრი სუვენირი იყიდება სტალინის გამოსახულებით. ალბანელები სტალინს თავისად მიიჩნევენ, თუმცა ბელადი იქ არასოდეს არ ყოფილა. ადგილობრივ ლიდერს ენვერ ხოჯას იოსებ სტალინი უზომოდ უყვარდა, მას "დიდ მასწავლებელს", "გენიოსს" და "მამა-მარჩენალს" ეძახდა. "და იყო მიზეზები, რატომაც, - მეუბნება სტალინის სახელობის სასახლის ყოფილი თანამშრომელი ვასილ სელუმიში, - სტალინის დახმარებით ტირანაში ორი საავტომობილო ქარხანა აშენდა - საბჭოთა "ზილ"-ისა და "ზიმ"-ის მსგავსად, ნანგრევებიდან ქვეყნის აღდგენაში დაგვეხმარა... საბჭოთა მშენებლებმა ჩვენთან რკინიგზები გაიყვანეს, ააგეს საავტომობილო გზატკეცილები, უნივერსიტეტები".

სხვათა შორის, ენვერ ხოჯაც თავისი ხასიათით იოსებ სტალინს ბაძავდა - კარგშიც და ცუდშიც: მან თავისი გარემოცვის ბევრი წევრი ეჭვიანობის ნიადაგზე იმსხვერპლა. ნიკიტა ხრუშჩოვზე უკვე ვთქვი, რომ მას ძალიან ლანძღავდნენ "სტალინის ანდერძის ღალატის" გამო, ხოლო 1978 წლიდან ალბანელმა კომუნისტებმა ჩინელი კოლეგების კრიტიკაც დაიწყეს, რომლებმაც კერძო საკუთრება დაუშვეს და "დიდი მასწავლებლის" იდეებიდან გადაუხვიეს.

ტაქსის მძღოლმა ქალაქ გიროკასტრის ავტოვაგზალთან დანგრეული "მერსედესით" მიმიყვანა - ისე ჯაყ-ჯაყებდა, რომ მეგონა ყველა დეტალი წებოთი იყო დამაგრებული. "შენიშნე, რომ ალბანეთში "მერსედესები" ძალიან პოპულარულია? - მეკითხება მძღოლი. "კი", - ვპასუხობ. "ეს იმიტომ, რომ ენვერ ხოჯაც და იოსებ სტალინიც ამ ავტომობილებით დადიოდნენ". " როგორც ვიცი, იოსებ სტალინი საბჭოთა "ზის-115"-ით გადაადგილდებოდა", - ვეუბნები. ალბანელის თვალებში ისეთი გაკვირვება აისახა, ისეთი გაოცება და შოკიც, რომ მე სწრაფად ვამატებ: "მაგრამ მცირე ხნით, იგი შემდეგ "მერსედესში" გადაჯდა". ტაქსისტს სახე სიხარულით გაუნათდა: მისი ლეგენდა კვლავ ურყევი დარჩა. წყარო

იხილეთ ასევე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)