"წყალში გადავხტი... თურმე გემის გარშემო ზვიგენები დაცურავდნენ" - შორეული ნაოსნობის კახელი კაპიტნის თავგადასავლები
24-07-2018
"წყალში გადავხტი... თურმე გემის გარშემო ზვიგენები დაცურავდნენ" - შორეული ნაოსნობის კახელი კაპიტნის თავგადასავლები
შორეული ნაოსნობის კაპიტანი გიორგი­ უნაფქოშვილი 40 წელზე მეტია ზღვებისა და ოკეანეების ტალღებს მიაპობს.

- პატარა ბიჭს მეზღვაურობა მინდოდა და ამ დროს ზღვა თვალით არ მენახა­. კახეთში ზღვას რა უნდოდა? საცურაოდ იორზე დავდიოდი, მეტწილად კი გუბურაში ვჭყუმპალაობდი, სადაც კამეჩები გრილდებოდნენ.

- ზღვა როდის ნახეთ პირველად?
- 1969 წელს, როდესაც ბათუმში საზღვაო სასწავლებელში ჩასაბარებლად ჩავედი. ჩვენი სოფლელი იყო კონტრადმირალი მიხეილ ჯინჭარაძე. მახსოვს მე-4 კლასში გავიარეთ როდიონ ქორქიას მოთხრობა­ "1200", რომელიც მოგვითხრობდა, ჩვენმა­ თანასოფლელმა
სევასტოპოლის ალმოდებ­ული ჰოსპიტლიდან როგორ გაიყვანა დაჭრილები სამხედრო გემით ზღვაში. ამ კაცით მოხიბლული ვიყავი. ჩასაბარებლად გამგზავრება რომ დავაპირე, მამაჩემის ახლ­ობელმა მიხეილ ჯინჭარაძეს დაგვაკავშირა... მან წერილი გამატანა სასწავლებლის უფროსთან, იმან კი რომ წაიკითხა, მოადგილეებს დაუძახა და ყველას თანდასწრებით წაიკითხა: "ეს კაცი ჩემი თანასოფლელია, გთხოვთ უმკაცრ­ესად შეამოწმოთ. თუ
შეატყობთ რაიმე სახის სისუსტეს ან ჩათვლით, რომ არ არის სათანადოდ მომზადებული, არ გააკაროთ სასწავლებელს".

იმ წელს არ გამიმართლა. 4 ხუთიანი უნდა მიგეღო, რომ ჩარიცხულიყავი, მე რუსულ კარნახს ხუთიანზე როგორ დავწერდი. მამაჩემმა, წამოდი სოფელში, მოემზადე და მეორე წელს სცადეო. არ წავყევი. დაწყებითი საზღვაო სწავლების სკოლაში შევედი. 2 წლის თავზე უკვე ბათუმის საზღვაო სასწავლებელში ჩავირიცხე. ჯერ ნოვოროსიისკის საზღვაო-სანაოსნოში ვიმუშავე. 1978 წელს საქართველოს საზღვაო-სანაოსნოში გადმოვედი და დაშლამდე იქ დავრჩი. მას შემდეგ უცხოეთის სხვადასხვა საზღვაო-სანაოსნოში ვმუშაობ. თითქმის ყველა საზღვაო ქვეყანაში ვარ ნამყოფი. განსაკუთრებით ინგლისმა მომხიბლა. იაპონიაც განსაკუთრებულია, საოცარი გემები აქვთ. ზოგი ქვეყანა ძალიან ჩამორჩენილია, ზოგი კი, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ ჩამოუვარდება.

- ალბათ, არაერთხელ გაგივლიათ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე.
- ერთხელ კანადისა და აშშ-ის საზღვარზე, ნავსადგურ პორტლანდში, გემზე­ ტრაპი ამოტრიალდა და ყინულებში ჩავვარდი. 25 წუთი რომ ვიცურე, მერე გადმომიგდეს მაშველი რგოლი, მაგრამ ჩაიძირა, ყავლი ჰქონია გასული. მერე თოკის კიბე ჩამოუშვეს. სულზე მომისწრეს, 2-3 წუთი და, ჰიპოთერმია დამეწყებოდა.

ბისკაის სრუტეში ცურვისას, გემზე ფრენბურთს ვთამაშობდით. ბურთი წყალში გადაგვივარდა და მეც გაუთვითცნობიერებლად გადავეშვი. წყლიდან რომ ამოვედი, კაპიტანს ფერი არ ედო, თურმე გემის გარშემო ზვიგენები დაცურავდნენ. ვეშაპებსაც გადავყრივართ. კუბაში ნავით სათევზაოდ გავედით, და ზღვის ეშმაკი დავჭერით.­ მას ძალიან გრძელი კუდი აქვს, რომლითაც ადამიანს შეხებისას დენს ურტყამს. დაჭრილი ისე ძლიერად­ გვეჯახებოდა, ლამის ნავი ამოგვიყირავა, მაგრამ გადავრჩით.

- გავიგე, კახურ ტრადიციებს გემზეც არ ღალატობსო...
- მაშინ კაპიტნის მეორე თანაშემწე ვიყავი. ეკიპაჟისთვის ხომ ვაძლევთ შეკვეთებს და ეტყობა, ყურძნის რაოდენობაში შეცდნენ, მეტი ჩაწერეს. სურსათზე პასუხისმგებელი შეწუხდა, საყვედურებით ამავსებენო. გვერდით გავიხმე, ეგ ყურძენი მე დამაწერე-მეთქი. საზღვაო ჰოსპიტალს დიდი აბაზანები აქვს, ტონა წყალი ეტევა. ჰოდა, ამ ახალთ­ახალ აბაზანაში ჩავ­წურე. 7-8 დღის შემდეგ ისეთი მაჭრის სუნი წამოვიდა, დაეცემოდით. კაპიტანმა, ამ სუნის მიზეზი შენ იქნებიო. ვინ მოგიტანათ ამბავი-მეთქი? ამბის მომტანი რად მინდა, ჩემს კაიუტაში­ ისეთი­ სუნი შემოდის, ერთი სული მაქვს, როდის დამაჭაშნიკებინებო. იცოცხლე, ისეთი ღვინო დადგა, წვეთი აღარ დარჩა. ბიჭებმა მეორე პირიც გამაკეთებინეს... რომ ჩამოვედი, სანაოსნოს უფროსმა გამომიძახა, გემზე მეორე თანაშემწედ გაგიშვი თუ ღვინის ქარხნის დირექტორადო.

მსოფლიო მოვიარე და განცვიფრებული­ ვიყავით სისუფთავით, მაღაზიის სავსე დახლებით. მაგრამ არ უნდა შეგვემჩნია, როგორ შეიძლებოდა, მოგწონებოდა, ჩვენთან ხომ ყველაფერი ყველაზე უკეთესი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ეკიპაჟის წევრები რომელიმე კაპიტალისტურ ქვეყანაში რჩებოდნენ, რასაც მოსდევდა უსასრულო პარტიული კრებები. ერთხელ ნოვოროსიისკის საზღვაო-სანაოსნოში ოფიცერი გაიქცა. ჰოდა, კრებაზე უნდა მოგვეთხარა სამშობლოს გამყიდველი. მოვიდა ჩემი ჯერი, კაპიტანმა, შენი აზრი გვითხარიო. მეც ვუთხარი, არ გვჭირდება ქვეყანაში ისეთი ხალხი, რომელიც სამშობლოს სხვა ქვეყანას არჩევს, ჰოდა, ეგდოს იქ, სადაც არის-მეთქი. ამ სიტყვებს კინაღამ კარიერა შევწირე... ძირითადად, რუსები და სომხები ტოვებდნენ საბჭოთა სამშობლოს. სომხებს ძლიერი დიასპორა ჰქონდათ უცხო ქვეყნებში. მარსელში სომხური ქუჩებიც იყო. მე ჩემი პატარძეული ყველაფერს მირჩევნია.

- რაზე ოცნებობთ?
- მინდა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოში იყოს პატარა გემი, რომელიც ქართულ ღვინოს გაიტანს საზღვარგარეთ, მე კი ღვინის გემის კაპიტანი ვიქნებოდი.

ეკა სალაღაია
ვახო
26 ივლისი 2018 10:21
ღვინის გემის კაპიტანი....... :-) ძალიან მაგარია :-) სიამოვნებით მოვისმენდი ინფორმაციას ამ ოცნების ასრულებაზე :-)
ბელა
25 ივლისი 2018 18:02
ხშირად ამბობდნენ და ვერ ვიჯერებდი, ამდენი შურიანი და ბოროტი ადამიანები საიდან მოვიდნენ, არ არის თემა, რომ საშინელი კომენტარი არ წაიკითხო, მერე წავლენ და სანთლებს დაანთებენ ეკლესიაში, ანდა საერთოდაც არ მოინანიებენ......
წარღვნაა... აბა რა არის....
ბარო
25 ივლისი 2018 11:20
ვინაა და საიდან მოვიდა? ან რა გემი დაცურავდა ასეთი, რომ კაპიტნად დანიშნეს(თუნდაც მეორე თანაშემწედ)?დდ

რედაქტორის რჩევით