ნუ ეხუმრებით ესთეტიკურ მედიცინას! - კვირის პალიტრა

ნუ ეხუმრებით ესთეტიკურ მედიცინას!

ბოლო დროს საქართველოში ფილერით ცხვირის კორექცია პოპულარულია. რა უნდა გაითვალისწინონ ესთეტიკური პროცედურების დროს, ამ კითხვებით დერმატოკოსმეტოლოგ ლელა ლომიძეს მივმართეთ.

"ფილერის კონკრეტულ ზონაში ჭარბად შეყვანა სისხლძარღვების კომპესიას იწვევს"

- ცხვირის კორექტირება საშიში პროცედურაა, რადგან ცხვირში ძალიან პატარა სისხლძარღვებია. ჭარბი რაოდენობით ფილერის ერთ კონკრეტულ ზონაში შეყვანა, წვრილი სისხლძარღვების კომპესიას (შეკუმშვას) იწვევს. გართულების პირველი ნიშანია სიწითლე, შესივება, დაჩირქება, რბილი ქსოვილების ინფექცია. მეორე გართულება ემბოლიაა - სისხლძარღვების სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით. მაგალითად, ნემსით შეხვედი სისხლძარღვის სანათურში, ამას ექიმი ვერ ხედავს, უშვებს პრეპარატს, რომელიც საცობივით გაიჭედება და სისხლძარღვი დაიხშობა. ამას შეიძლება მოჰყვეს თვალის გათიშვაც. გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია უფრო ნაკლები ფილერის შეყვანა.

"მეზოთერაპია, უწყინარი, მაგრამ ყველაზე საშიში პროცედურა"

- ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ყველაზე საშიშად მარტივი პროცედურა, გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, მეზოთერაპია ითვლება. ამ დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და აღდგება კანის სტრუქტურა. კანში სპეციალური აპარატით შეჰყავთ კოქტეილი, რომელშიც შედის ვიტამინები, ამინომჟავები, ბიოფლავინოიდები, ექსტრაქტები, ჰიალურონი, ანტიოქსიდანტები, მაგრამ ამ კომპონენტიდან შესაძლებელია რომელიმე ალერგენი აღმოჩნდეს, ამიტომ ალერგიული რეაქციისა და უფრო მძიმე გამოვლინების, ანაფილაქსიური შოკის თავიდან ასაცილებლად, მეზოთერაპიამდე უნდა გაკეთდეს სინჯი. ყველას ვურჩევ, პროცედურისთვის მიმართონ პროფესიონალ ექიმს.

"არასწორმა ინიექციამ შესაძლოა სიბრმავეც გამოიწვიოს"

- გოგონები ხშირად E ვიტამინით ერთმანეთს უდიდებენ ტუჩებს, რაც დაუშვებელია - ჩემთან მოსულან წარბებიდან ნიკაპამდე შეშუპებული პაციენტები.

ჰიალურონის მჟავა გართულებას არ იძლევა, ეს გენური ინჟინერიით მიღებული პრეპარატია და ტუჩისა თუ ყვრიმალების გასადიდებლად უსაფრთხოა, თუმცა არასწორ ადგილას გაკეთებულმა ინიექციამ შესაძლოა დააზიანოს თვალ-ბუდის შიგნითა არტერია და სიბრმავეც გამოიწვიოს. ამ საქმეს უნდა აკეთებდნენ სპეციალისტები, რათა გალამაზების მოსურნე ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

კორექციიდან ამპუტაციამდე

"23 წლის გოგონას ცხვირის ამპუტაცია ესაჭიროება, ფილერით ცხვირის კორექციამ ნეკროზი გამოიწვია" - ამ სათაურით სტატია ჩინურმა პოპულარულმა გამოცემამ გაავრცელა.

ცხვირის კორექციის სურვილით გოგონამ სალონს მიმართა, პირველადი ეფექტით ყმაყოფილი დარჩა, თუმცა პროცედურიდან 5 დღის შემდეგ ტკივილი დაეწყო. გადაჭარბებული დოზით ჰიალურონის შეყვანამ სისხლძარღვები გათიშა, რამაც ცხვირის წვერის ნეკროზი გამოიწვია. ფილერით ცხვირის კორექცია 4-დან 6 თვემდე ეფექტს იძლევა, ფასი კი 500-დან 1000 დოლარამდეა. ჩინელი პლასტიკური ქირურგების აზრით, გვერდითი მოვლენების გამო პროცედურა უნდა აიკრძალოს.

E ვიტამინის ინიექცია იწვევს ბევრ გართულებას

ეკა შალიკიანი, ექიმი-კოსმეტოლოგი: - 2015 წელს საქართველოში E ვიტამინით ტუჩის გადიდების ყველაზე მეტი შემთხვევა აღინიშნა. მინდა გაგაფრთხილოთ - E ვიტამინის ინიექცია იწვევს ძალიან ბევრ გართულებას და ინფექციას, რომელიც დიდხანს არ გადის. იწვევს ასევე კუჭის პრობლემებს, დაუშვებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის. E ვიტამინის აბების სახით ჭარბად მიღებამაც კი შეიძლება საზიანო შედეგი მოგიტანოთ, თუ ფარისებრი ჯირკვალი გაწუხებთ და ჰორმონების ცვლილება გაქვთ. ეს არის ზეთოვანი მასა და ტუჩის დაბერვასთან, გადიდება-შევსებასთან კავშირი არა აქვს. ტუჩი მხოლოდ კი არ სივდება, ქსოვილი ნეკროზდება. ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, გულისრევა, განვითარდეს ალერგიის მძიმე ფორმა. ასეთ შემთხვევაში პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე ვერ გამოვა მდგომარეობიდან.

ნინო წიფურია