გერმანელთა ნოი ტიფლისკი და ალექსანდერსდორფი თბილისში - კვირის პალიტრა

გერმანელთა ნოი ტიფლისკი და ალექსანდერსდორფი თბილისში

საქართველოს დაპყრობისთანავე, რუსეთის იმპერიამ გერმანელების მასშტაბური ჩამოსახლება დაიწყო, რასაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: უპირველესად რუსეთს სურდა, იმპერიის ვრცელი ტერიტორიები შედარებით სანდო გერმანელებით დაესახლებინა და მეორე, ომების გამო გერმანელი ერი ეკონომიკურად წელში გატეხილი იყო. რუსეთის იმპერატორმა კოლონიზატორებს წარმოუდგენელი პირობები შესთავაზა: უფასო მიწა, უპროცენტო კრედიტი და 10 წლით ყველა გადასახადისაგან გათავისუფლება. თბილისში 181 გერმანელი პირველად 1817 წელს ჩამოვიდა, რასაც სხვა ნაკადებიც მოჰყვა. შრომისმოყვარე გერმანელებმა საქართველოში 22 ევროპული ტიპის დასახლება შექმნეს.

გასული საუკუნის 40-იან წლებში კი, ფაშისტებთან ომის დაწყებისთანავე, სტალინის ბრძანებით გერმანულ დასახლებებში ენით აუწერელი ტრაგედია დაატრიალეს - გარდა შერეული ოჯახებისა, ასეულობით გერმანელი ერთ ღამეში აყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. თუმცა საქართველოში მათი კვალის გაქრობა იოლი არ აღმოჩნდა, მათ შორის დედაქალაქშიც, რომელშიც ორი გერმანული დასახლება-სოფელი იყო: ნოი ტიფლისკი - აღმაშენებლის პროსპექტის მიმდებარე ქუჩებზე, და ალექსანდერსდორფი - დიდუბეში, სამტრედიის, წყალტუბოსა და აგლაძის ქუჩებს შორის. ნოი ტიფლისკში ხელოსნები დასახლდნენ, ალექსანდერსდორფში კი მიწათმოქმედები, რომლებმაც დიდუბის ტერიტორიაზე სამოთხის მსგავსი ბაღები გააშენეს, მაგალითად, დღევანდელი დიდუბის გამოფენის ადგილას მთლიანად გერმანული ბაღები იყო. აქედან ისინი თბილისს უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულითა და ბაღჩეულით ამარაგებდნენ და მკვიდრად ნაშენ სახლებს დგამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი საუკუნე გავიდა, ამ სახლებიდან ბევრმა დღემდე მოაღწია.

იმ გერმანელთა შთამომავლები დაკარგული სოფლების კვალს სასოებით ეძებენ. მათ შორის არის ოლესია დიმიტრიჩენკო:

- მამაჩემის მხრიდან ჩემი გერმანელი დიდი ბებია ელიზაბეთი გადასახლებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი მეუღლე, გრიგოლ დიმიტრიჩენკო უკრაინელი იყო. სტალინის ბრძანებით მხოლოდ ის გერმანელები დატოვეს საქართველოში, რომელთაც შერეული ოჯახები ჰქონდათ... როცა საბჭოთა გერმანელებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს, ბიძაჩემსა და ჩემს ძმას წასვლა უნდოდათ, მაგრამ ვინაობის დამადასტურებელი საბუთები ვერ ნახეს. ვეღარ ამტკიცებდნენ, რომ ელიზაბეთი გერმანელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და გერმანელი ბებიის სახლში ცხოვრობდნენ, მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში. ამ სახლში ბებიისა და ნათესავების ფოტოალბომიც ინახებოდა, მაგრამ მთავარს, გერმანელი წინაპრის გვარს ვეღარ პოულობდნენ, იმიტომ, რომ გადასახლების შიშის გამო ბებია შვილიშვილებსაც კი არ უმხელდა თავის ნამდვილ გვარს. მერე კი სასწაული მოხდა - თამარისში დიდი ბებიის საფლავის ქვაზე დიმიტრიჩენკოს გვარს რომ დავხედე, უცებ ამომიტივტივდა, რომ ბებიის გვარი არა ლუთერანული ან კათოლიკური ეკლესიის დავთრებში უნდა მეძებნა, არამედ მართლმადიდებლურის, რადგანაც ჩემი უკრაინელი ბაბუა მართლმადიდებელი იყო. ასე აღმოვაჩინე მართლმადიდებლური ეკლესიის დავთრებში გრიგოლისა და ელიზაბეთის ქორწინების მოწმობა, მისი დახმარებით კი ელიზაბეთის დაბადების გვარი ვაშერი.

- ელიზაბეთს თამარაშენშიც ჰქონდა სახლი და თბილისში ალექსანდერსდორფშიც... ეს სახლი ისევ არსებობს? - სამტრედიის ქუჩაზე მისი სახლის ადგილას ახლა კორპუსია ჩადგმული. სწორად და ფართოდ დაგეგმილი სამტრედიის ქუჩა გახლდათ ალექსანდერსდორფის მთავარი ქუჩა. 1941 წელს გერმანელები ცხოვრობდნენ აგლაძისა და წყალტუბოს ქუჩაზეც. იქვე იდგა ლუთერანული ეკლესია - კირხე, წმინდა პავლეს სახელობისა. სამტრედიის ქუჩაზე დაწყებითი გერმანული სკოლაც იყო, რომლის მხოლოდ კედელია შემორჩენილი. გავიდა დრო და ალექსანდერსდორფი მშენებლობებში ჩაიკარგა. თუმცა დღეს იქ კიდევ არსებობს ნაშთებად შემონახული გერმანელთა რამდენიმე სახლი, რომელთა გადარჩენის მოთხოვნით თბილისის ყოფილ მერს რამდენჯერმე მივმართეთ. ნარმანიამ მხარი დაგვიჭირა, თუმცა მერე მოვიდა კალაძე, რომელიც ჩვენს განცხადებას არც კი გამოხმაურებია. ახლა მეორედაც მივმართეთ. იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ თემისთვის მოიცლის.

- ყაზახეთში გადასახლებული გერმანელების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა? - დიახ, ზოგი ყაზახეთიდანვე მიმოიფანტა. მე მოვძებნე მამაჩემის ალალი ბიძაშვილები ჩელიაბინსკში. მათ გამოგვიგზავნეს ჩვენი ოჯახის, მამაჩემის პატარაობის დროინდელი ის ფოტოები, რომლებიც გადასახლებაში ჯიბით გაიყოლეს. მითხრეს, თამარისში წერილებს ვგზავნიდით, მაგრამ უკან გვიბრუნდებოდა წარწერით, ეს მისამართი აღარ არსებობსო. ვერ მოვძებნე მამაჩემის ულამაზესი მამიდა, გრეტჰენ ფოტლერი. მისი ფოტო იმ იმედით მაქვს სოციალურ ქსელში, რომ იქნებ ვინმე შთამომავალმა ნახოს და გამომეხმაუროს.

- როგორც ალექსანდერსდორფელ გერმანელთა შთამომავალი, ალბათ, თქვენც მიგიწვიათ ისტორიულმა სამშობლომ სამუდამოდ საცხოვრებლად, რატომ არ წახვედით? - დიახ, მათი კანონი საბჭოთა კავშირში 1992 წლამდე დაბადებულ ყველა გერმანელის შთამომავალს მოქალაქეობას აძლევს. ეს კანონი მე ჯერ კიდევ შემეხება, ჩემს შვილებს აღარ. Aასე რომ, ბევრჯერ მიფიქრია, ისინი წამეყვანა და მომავალი შემექმნა, მაგრამ აქვე არსებობს ზღურბლი - ჩემი ქართველი მეუღლე, რომელსაც არსად წასვლა არ უნდა, მე კი მას არასოდეს დავტოვებ; და კიდევ ერთი დილემა, ჩვენ ხომ სინამდვილეში არ ვიცით, სად არის ბედნიერება. იქნებ ის სწორედ აქ არის, სადაც მეც და ჩემი შვილებიც დავიბადეთ, გავიზარდეთ და ვცხოვრობთ!

ეთერ ერაძე