"ჩემი წესი იყო არ უთხრა პაციენტსა რაი სჭირს, სანამ ფეხზე არ დადგების" - კვირის პალიტრა

"ჩემი წესი იყო არ უთხრა პაციენტსა რაი სჭირს, სანამ ფეხზე არ დადგების"

პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 75 წლის ცისანა ბულაშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ცისანა ბულაშვილი, 75 წლის, გერგეთი

"სნოში გავიზარდე. 2 შვილი მყვან. ბიჭი აქა და გოგო ყაზბეგსა. ქმარი დიდი ხანია აღარ მყავ. 18 წელია. ადრე არ გვქონდის გაზი ზაფხულობით და შეშას ვზიდავდით ზეიდან, გველეთიდან. წავიდა ეს ჩემი კაცი, აჩემებულ ქონდა შეშა უნდა მოვიტანო, შეშა უნდა მოვიტანო. არადა კი გვქონდა შეშაი და დარჩა იქა და მოკვდა. რაი მოუვიდან, ვერც ვინ ვერ გავიგეთ.

სკოლაში ხუთებზე ვსწავლობდი. კლასში ბევრები ვიყავით - 32 ერთი სოფლიდან. ეხლა 4-5 ბავშვიღა თუ არის. იმ 32-დან მეათე კლასამდე მარტო სამნი მივედით, სტოვებდნენ კლასში.

მე ოროსნებთანა ვიჯე და ვმეცადიონეობდი. ბიჭები ზარმაცები იყვნენ, არც წერდნენ დავალებებს და ე მაგათთვის სკოლაში ადრე მივდიოდი და დავუდებდი დავალებას და ვეტყოდი, გადიწერეთ მეთქი. ეგ ეგრე.

სანამ მივეწყობოდი ინსტიტუტჩი, წაველ თბილისში. რანაირად იცოდნენ მე მედალოსანი რომ ვიყავ?! 4 გამოცდა ბარდებოდა მედალოსნებისთვის. მითხრეს, თუ გინდა ხუთიანი, მიდი კომისიის თავმჯდომარესთანო. მე ვუთხარი, თუ მეკუთვნის დამიწერე, რაი მინდა თავმჯდომარესთანო. გავბრაზდი, ვუთხარი მამაჩემს, მე აღარ წავალ თბილისში თქო. უსამართლოდ მომექცნენ და არ ვაპატიე, ეგეთი საზიზღარ ვიყავ. ჰოდა წავედი ორჯონიკიძეში და იქ ჩავაბარე სამედიცინოზე. ერთმა მასწავლებელმა სკოლაჩი მითხრა, ყველა საგანსა კარგად სწავლობ და პოლიტეკონომიაზე ჩააბარეო. რად მინდა მეთქი - ძენგი ტავარ?!

რუსული კი ვიცოდი კარგად. მე მინდოდა რუსული ენის მასწავლებელი გამოვსულიყავი. კარგად ვსწავლობდი რუსულს, მარტო გაკვეთილებს კი არა, ცხოსაც ვკითხულობდი. ბიბლიოთეკიდან გამომქონდა წიგნები. იმისთვინ დავიბრმავე თოლები, შუქი არ გქონდა. ლამფაი შუქზე ვკითხულობდი. მერე დამიბინდა თოლები და ერთი წელი წიგნის წაკითხვა ამიკრძალეს, ისე გადახრილი გაქვს თოლებიო.

მითხარით ჩემგან რაი გაინტერესებთ?!

ინსტიტუტშიც ვუჯდი ვუკითხავდი საგანს ბალღებს და ვუყვებოდი და იმათ ვაყოლინებდი მერმე. ეგრე ვამეცადინებდი ბიჭებს. ერთხელ ინსტიტუტში ერთ რუსის ბალღს დავუწერე ავადმყოფის ისტორია და ჩემთვინაც დავწერე, თითო ავადმყოფი გვებარა და იმათ ისტორიის დაწერაჩი ნიჩანი უნდა მიგვეღა. თერაპევტმა იმას ხუთიანი არ დაუწერა და მე ოთხიანი?! არ გემევერიე?! ის მეთქი რუსი რომაა იმზედ დაუწერე ხუთიანი და ჩემს ისტორიაში რაი არის შეცდომა მაჩვენე მეთქი, ნახე ის ისტორიაც ჩემი დაწერილია მეთქი და ეგაცა. ის ბალღიც გავყიდე, რო იტყვიან. მამრე დამიწერა ხუთი. რაი, ქართველი რომ ვარ მაგიტომ მჩაგრავ მეთქი?! რაი, გვარი გამოვიცვალო მეთქი?! სუ ყველას სათავისოდ ვუხდიდი. რაიც ვიცოდი, ვიცოდი. მაგრამ იმას ხუთიანი დაუწერა, ეგ კი ვერ დავმალე და გაშრა კიდევაც, გაოცდა მემრე.

თავისებურად ქართველების მიმართ ცუდი შეხედულება ქონდათ. ორჯონიკიძეში პროფესორები ქართველებს ვერ იტანდეს. თითქოს ქართველები სულ ფულით ეწყობოდეს. მე დამცინოდნენ ბიჭები ინსტიტუტჩი - ფული ჩამაიტანე მეშოკითა და ეგრე მეეწყეო. ჰო მეთქი, ჩაცმაზე განა არ მეტყობა როგორი ფულიანი ვარ თქო. სად მქონდა ფული?! 10 მანეთი იყო პაპა-ბებიის პენსია. ჩემს მამას რაის ფული ქონდა, მწყემსი იყო. ეგე გაჰყიდიდეს იმ რაღაც ცხვარსა და ჩასაცმელი მაგით იყო ჩვენი. სად მქონდა მე ფული, რო მოვწყობილიყავ, სტიპენდია იყო ჩემი გზის ფული და მართლა ეგრე იყო. ერთხელ ეგრე დავსველდი, ზონტი არ მქონდა, სულ ჩავლპი, მამისწრო წვიმამ ინსტიტუტადნ შინამდე მისვლაჩი და 10 მანეთი მამაცა ბებიამ და ვიყიდე ზონტი. ეგე ეგრე.

დავამთავრე უმაღლესი და გროზნოში ვმუშაობდი განაწილებით. იქ სამი წელი მოვიხადე. იმათ ვიფიცავ დღემდე, ისე კარგად მექცეოდენ. ისე პატივს მცემდეს. 25-26 წლისა ვიყავ. კაცები რომ დამინახავდნენ, მეორე მხარეს გადადიოდნენ, ისე პატივს გვცემდენ. დღე და ღამე ვემსახურებოდი, არა რაის მეშინოდა. გროზნოში იცი რამდენს ვუნდოდი. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ქრისტიანი მუსულმანს გაჰყვარიყო?! ჩეჩნებსაც აგეთი წესი ქონდათ. ერთ ჩეჩენს ვუნდოდი ცოლად, ჩამამაკითხა და გზაში მანქანა არ გაუფუჩდა?! ჯიგული ყავდა მაშინ. ეგრე დამთავრდა ეგ ამბავი.

გროზნოდან რომ მოვე, ჩემი რაიონის მთავარ ექიმს ჩემს მამასთვის ეთქვა, არსად არ გაუჩვაო. არ მიშვებდეს კი, არც ასპირანტურაში, არც ორდინატურაში, არც თბილისში არ გამიჩვა. თბილიჩი მითხრეს, მაიტანე საბუთებიო და დღესვე გავაგზავნით ნებისმიერ საავადმყოფოშიო და აბა არ გამამატანეს საბუთები. დამაგდეს ყაზბეგში. ნეტაი ქალაქში მაინც გავთხოვილიყავი. რაი მინდოდა სნოს საავადმყოფოში.

მადიოდნენ ავადმყოფები, იცი რამდენი მადიოდა? შემოსევა მქონდა. მე ვპატრონობდი ყველას. გიჟადღა იყო მთავარი ექიმი, იმდენი პაციენტები მყავდა, ვეღარ ვასწრებდი მომსახურებასა. ერთი წელი სულ უხელფასოდ კი არ მავლია იმ ექიმმა? სახლშიც მოდიოდნენ პაციენტები, ეგეთი შეშინებული მოდიოდნენ დედაკაცები და აქ ვმკურნალობდი. ჩემი წესი იყო არ უთხრა პაციენტსა რაი სჭირს, სანამ ფეხზე არ დადგების.

სალოცავი გვაქვს გერგეთზე. საღვთო წიგნში ამოვიკითხე, იფრინა არწივმა, გადფრინდა მლეთასა და ეგე მაგ ვიწროზე დაფრინდა და ააშენეს ეკლესია გერგეთზე. ლამაზიცაა. აბა რაისთვის დადიან?! რიგი დგა. ფეხით დადიან, მანქანებით დადიან. მეც კი ვარ ნამყოფი მანდა. მას შემდეგ რაც ტურისტობანა შემოვიდა გააკეთეს ეს გზა მანდ. არც შაიძლებოდა მანდ სამებაში თურმე ასვლა მანქანითა, იმიტომ რომ მანდ ხატია. ორჯონიკიძიდანა, 28 აგვისტოს ქალები ფეხშიშველები მოდიოდნენ, რამდენი დღე სჭირდებოდეს, მანქანაზე არ ჯდებოდეს, რომც გეთქვა რომ დამჯდარიყვნენ. აიდიოდეს მანდ იგრე. სწამდათ რომ იმ ხატობამდე ფეხით უნდა ასულიყვნენ, ადიოდნენ.

ეგეთი ლამაზი მთა არ არის, როგორც მყინვარია. ემას სულ სურათებს უღებენ. ერთ დღეს ჩემმა შვილმა მომიყვანა ალპინისტები, სვანები, 7 კაცი, სტუდენტები. გავათენებინე ღამე და წავიდნენ. წავიდნენ და ერთი კვირა არ დაიგვიანეს? ამინდი შეცვლილიყო, ქარი არ გვიშვებდაო. მაინც ავიდნენ მყინვარის წვერზე. რომ ჩამოვიდნენ, ვუთხარი, ეგრე შამაწუხეთ, აღარ ახვიდეთ მანდა, მთელი კვირა ვიცქირებოდი მაღლა, რამე არ დგმართნიყოთ.

პატარა სახლი მაქვს და ტურისტები ვერ მოდიან. ნეტაი მქონოდა დიდი სახლი, რად მინდა ფული, ეგრე გავათენებინებდი ღამეს ნებისმიერსა.

4 წელია აღარ ვმუშაობ და პენსიაზე ვარ. მთელი დღე ვერთობი: ზამთარში ვქსოვ, ვკითხულობ, აგერ რადიოს ვუსმენ. დავსეირნობ ქუჩაჩი. ბალახებსაც ვაგროვებ სამკურნალოსა და ვარიგებ მეზობლებში. პიტნასა ვსვამ. ყავა არც ვიცი რაი არის. ვასწავლი ყველას, რა რისთვისაა კარგი.

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან