"საკვირველია, როგორ გადარჩნენ" - ექიმი, რომელმაც არღუნში გადაჩეხილი რუსი ტურისტები გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"საკვირველია, როგორ გადარჩნენ" - ექიმი, რომელმაც არღუნში გადაჩეხილი რუსი ტურისტები გადაარჩინა

"არღუნმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის გელა დაიაურის ოჯახი, ჩემი პირველი მეუღლეც"

"რუსი ტურისტები გადავარდნენ, მიხა ექიმს ხუთი კაცი მიუყვანეს, ხუთივე გადარჩა. ამ მდინარეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე მიუღია მსხვერპლად... მათ შორის მიხა ექიმის მეუღლის და გელა დაიაურის ცოლ-შვილის", - დაწერა ამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ოლიკო ცისკარიშვილმა და მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის ვიდეოც გამოაქვეყნა.

შემთხვევა 3 ივლისს, პირიქითა ხევსურეთში, მუცოს ხეობაში მოხდა -  მდინარე არღუნში ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც რუსი ტურისტები ისხდნენ, მანქანაში მყოფი 8 ადამიანიდან ხუთი დაშავდა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება პირიქითა ხევსურეთის ექიმმა მიხეილ ჭინჭარაულმა საკუთარ სახლში აღმოუჩინა, შემდეგ ისინი უღელტეხილამდე ააცილა, სადაც მათ სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდათ.

შატილის მკვიდრი მიხეილ ჭინჭარაული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს #6 სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი და ექიმი-თერაპევტია. მას მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს მუშაობა. ხეობაში ერთადერთი ექიმი დაახლოებით 42 წელია, რაც ათ სოფელს ემსახურება და ხეობის დიდი იმედია. მდინარე არღუნმა კი მისი პირველი მეუღლე შეიწირა.

"ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ჩემიანს კი არა, მტერსაც არ ვეტყვი უარს მკურნალობაზე. თერაპევტი ვარ, თუმცა გინეკოლოგიც ვყოფილვარ და ქირურგიც - ჭრილობებიც დამიმუშავებია და ნაკერებიც დამიდვია, ტრავმატოლოგობაც შემითავსებია... მუცოში - ზამთარ-ზაფხულს ფეხით მიწევს კილომეტრების გავლა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს", - გვეუბნება ბატონი მიშა და იხსენებს რუსების ფათერაკიან მოგზაურობას ხევსურეთში:

- მესაზღვრეებმა რაციით გადმოგვცეს, რომ მუცოს ხეობაში მდინარეში მანქანა გადავარდა და იყვნენ დაშავებულები. მაშინვე გავედი. საბედნიეროდ, მგზავრებმა მინებჩატეხილი ფანჯრებიდან გადმოძრომა და წყლიდან ამოსვლა შეძლეს. რვიდან ხუთს სხეულის დაზიანებები ჰქონდა - ნეკნების, მხრის და სხვა მოტეხილობები. მათ სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებოდათ. დაშავებულები შატილში, ჩემს სახლში გადავიყვანეთ, სადაც ჭრილობები დავუმუშავე, ნაკერები დავადე, მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ და ღამის 10-ის ნახევარზე მანქანებით უღელტეხილამდე ავიყვანეთ, საიდანაც სასწრაფომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა. კიდევ კარგი, გადარჩნენ.

რუსები ექსკურსიაზე ყოფილან, მუცოს კოშკების (კერძოდ, თორღვას კოშკის) ქვემოთ ვიწრო გზაა, იქ მოცურებულა მანქანა და შიგ მდინარეში ჩავარდნილა მდინარეს შაროარღუნს, ანუ შარიან არღუნს ეძახიან. მართლაც შარიანი და საშიშია ეს მდინარე, ღრიალით მოედინება. მდინარემ მანქანა იქეთ მხარეს, ნაპირისკენ გადააგდო, თორემ შუაში რომ დარჩენილიყო, ვერც ერთი ვერ გადარჩებოდა. მძღოლმა თქვა, მიკროავტობუსს საბურავი მოძვრა და ხევში გადავეშვითო. ვნახე ის მანქანა, საკვირველია, როგორ გადარჩნენ. არღუნმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის გელა დაიაურის ოჯახი, ჩემი პირველი მეუღლეც მანდ დაიღუპა 2000 წელს - ყინულზე ფეხი დაუსრიალდა და წყალში ჩავარდა, ცხედარი მესამე დღეს ვიპოვეთ მდინარეში...

ზოგადად, აქ გზები ვიწროა და მიხვეულ-მოხვეული, ამიტომაა საფრთხილო, მდინარეც რომ დიდდება, გზებსაც ანგრევს. აქ ყველა მძღოლი ფრთხილობს, სწრაფად არავინ დადის, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ხშირად ხდება უბედური შემთხვევები.

იხილეთ ასევე: "იმ ჩეჩენს ვუცნივარ, უთქვამს, - ამ ექიმმა გადამარჩინა, ვერ მოვკლავო..." - ხევსურები ღვთის და მიშა ექიმის იმედად

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)