ვინ არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, რომელიც მერიაში შეხვედრებზე ველოსიპედით დადის - კვირის პალიტრა

ვინ არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, რომელიც მერიაში შეხვედრებზე ველოსიპედით დადის

გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა?

მამუკა მუმლაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსია. ტიპური ჩინოვნიკებისგან ბევრად განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ დაამსხვრია სტერეოტიპი, თითქოს წარმატების მისაღწევად აუცილებელია ევროპაში მიღებული განათლება, თუნდაც იმით, რომ მერიაში თათბირებზე ველოსიპედით მიდის და ამით ბევრის გაკვირვებას იწვევს, არ აშინებს შეცდომებზე საუბარი და არც თვალს ხუჭავს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"გუბერნატორის მრჩეველი გავხდი. შემდეგ ქვემო ქართლის ტრანსპორტის სამმართველოს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი. მუშაობისას ბევრ საინტერესო ფაქტს წავაწყდი, მაგალითად, რეგულარი და პრემიუმი ერთი ბაკიდან მარაგდებოდა, ფასს კი განსხვავებულს ახდევინებდნენ მომხმარებლებს, ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა ატყუებდნენ. ამის შემდეგ იყო ბევრი სამსახური... განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო რუსთავში 2008-დან 2012 წლამდე ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობის წლები. მახსოვს, 2012 წელს მძღოლები გაიფიცნენ და არგუმენტად მამუკა მუმლაძის სიმკაცრე დაასახელეს. მძღოლებს არ მოსწონთ, როდესაც მაქსიმალურ კონტროლში არიან..."

"დღესდღეობით 1100 ავტობუსი რომ მუშაობდეს თბილისში, მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ 1800 მიკროავტობუსი და 530 ავტობუსი მუშაობს. მისახედი და მოსაწესრიგებელია საქალაქთაშორისო მარშრუტებიც, სადაც ავტოავარიებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდია..."

"მართლაც ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, რომელ ქვეყანაში მიიღე განათლებაო და სიამაყით მიპასუხია, რომ საქართველოში! ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამან ხელი შემიშალა და უკან დამწია. დანარჩენი უკვე პრაქტიკისა და გამოცდილების შედეგია..."

"ამბობდნენ, მანქანა ჰყავს და ველოსიპედით ვითომ რატომ დადისო? ამ საქციელს უფრო არასერიოზულად აღიქვამდნენ, გამიზნულს - იმიჯისთვის. არადა, ბავშვობიდანვე მიყვარდა ველოსიპედი და რა "ჯიშის" აღარ მყავდა, შიდა შეჯიბრებებს ვაწყობით ხოლმე ბავშვები. ამიტომაც ჩავიციკლე, რომ თბილისში გაკეთებულიყო ველობილიკები, მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატიული ტრანსპორტი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 ივლისის ნომერში წაიკითხავთ...

ნინო ჯავახიშვილი