"რომ არ გესწავლა კაცობა, დაფასება, გატანა, ურთიერთგაგება სხვაგვარად არ შეიძლებოდა" - კვირის პალიტრა

"რომ არ გესწავლა კაცობა, დაფასება, გატანა, ურთიერთგაგება სხვაგვარად არ შეიძლებოდა"

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა.

სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. ის რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან.

აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური ("ამბავი სიყვარულისა"), უფლისწული ("სიბრძნე სიცრუისა"), ზაზა ნაკაშიძე ("საბრალდებო დასკვნა"), გერა ("გვადი ბიგვა"), გოგი ("კავკასიური ცარცის წრე"), გრეი ("რიჩარდ III"), ნიკოლოზ II ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), საფრანგეთის მეფე ("მეფე ლირი"), როსსი ("მაკბეტი").

ფოტოგალერეა

2 წლის წინ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან.

"რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზრდებოდი"

- მამაჩემი 32 წლის ასაკში დახვრიტეს, 1937 წელს. ომის დროს დედაც გარდაიცვალა, ერთხანს მამიდა მზრდიდა, უკვე სკოლის პერიოდიდან ბიძაჩემის, მამაჩემის ძმის, კომპოზიტორ რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც შესანიშნავი ადამიანები გვსტუმრობდნენ...

როდესაც წამოვიზარდე, რეზოს სანადიროდაც დავყვებოდი, მასთან ერთად იყვნენ ხოლმე არჩილ ჩხარტიშვილი, ბიძინა კვერნაძე, პეტრე გრუზინსკი...

ძველი "მოსკვიჩით" დავდიოდით, "ჭიჭიკოს" რომ ეძახდნენ. ერთხელ მოულოდნელად მანქანა გააჩერა და სიგარეტის ქაღალდზე დაიწყო ნოტების მოხაზვა... "თბილისოს" დაწერის მომენტშიც ერთად ვიყავით, თბილისის 1500 წლისთავს მიუძღვნა ეს სიმღერა.

- თქვენ თუ მღერით?

- ზოგჯერ სუფრაზე მეგობრებს ბანს შევაპარებ ხოლმე. რეზო ლაღიძე მოქეიფე კაცი იყო, მაგრამ თუ მუსიკას ჩაუჯდებოდა, მთელი დღე წერდა და წერდა, ინსტრუმენტს აღარ შორდებოდა... ერთ ოთახში გვეძინა მანამ, სანამ იქორწინებდა. იმხანად ტელმანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ერთ დღეს რეზო შინ მოვიდა, უბიდან თინა შატბერაშვილის ფოტო ამოიღო და მაჩვენა, მოგწონსო? ძალიან მომეწონა. მეორე დღეს იქორწინა. შესაბამისად, მეორე დღეს გადავბარგდი სხვა ოთახში. თინას 2 მცირეწლოვანი შვილი მოჰყვა - იდა და სოსო. რეზომ ამაგი დასდო მათ, გაზარდა, შეიყვარა. თინა არაჩვეულებრივი ქალი იყო. მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე. მეც ძალიან მიყვარდა. ლელა რომ შეეძინათ, უკვე სკოლას ვამთავრებდი.

მახსოვს, რეზო როგორ მოვიდა სამშობიაროდან, ამბობდა, გოგო გაჩნდა მაინცდამაინცო, ბიჭი უნდოდა, მაგრამ მერე ჭკუას კარგავდა ლელაზე...

"რობიკომ ააყვავა რუსთაველის თეატრი"

- ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა. ურიგოდაც არ ვთამაშობდი - ერთ გუნდში ვიყავით მე, მიშა მესხი და სერგო კოტრიკაძე. მოგვიანებით ჯერ მიშა, შემდეგ სერგო თბილისის "დინამოში" გადაიყვანეს, მე კი, სწორედ იმ პერიოდში ფეხი მომტყდა და საფეხბურთო კარიერაზე ოცნება შევწყვიტე. მაშინ სპორტსმენებს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ლიმიტი ეძლეოდათ. ქალბატონმა თინამ იაქტიურა: ამ ბიჭს თეატრი უყვარსო. ბიძაჩემმა თავის მეგობრებთან, კაკო დვალიშვილსა და მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა. შემხედეს, მოვეწონე, კარგი შესახედაობის ვიყავი, გაბრწყინებული თვალებით. მომამზადეს და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ კი, რუსთაველის თეატრში მოვხვდი... ეროსი მანჯგალაძემ მომკიდა ხელი, მამობილივით იყო. რომ არ გესწავლა კაცობა, დაფასება, გატანა, ურთიერთგაგება სხვაგვარად არ შეიძლებოდა. რუსთაველის თეატრმა ბევრი რამ მომცა - არა მხოლოდ პროფესიაში.

ამ თეატრში ყველა რეჟისორთან ვარ ნამუშევარი. ბოლოს რობიკო სტურუასთან მოვხვდი ისეთ სპექტაკლებში, რომლებითაც მსოფლიო შემოვიარე. რობიკომ ააყვავა რუსთაველის თეატრი.

- თქვენ და რობიკო სტურუა, როგორც ვიცი, ერთხანს მეზობლებიც იყავით.

- ჩემი მეუღლე იყო რობიკოს მეზობელი. ქიაჩელის ქუჩაზე #5-ში ცხოვრობდნენ მაშინ. ძალიან შემიწყო ხელი რობიკოს დედამ, დეიდა ცუცამ, და ძია რობერტმა, რობერტის მამამ. ხომ იცით, სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, ოჯახიც შეიქმნა. ახლა მყავს შვილები, შვილიშვილები. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა