"ველურ კაპიტალიზმში ვართ, იქ, სადაც სოციალური ეგოიზმი ყველაზე მწვავედ მოქმედია!" - კვირის პალიტრა

"ველურ კაპიტალიზმში ვართ, იქ, სადაც სოციალური ეგოიზმი ყველაზე მწვავედ მოქმედია!"

ამას წინათ ცნობილი რეჟისორის თემურ ბაბლუანის ქალიშვილმა ოლგა ბაბლუანმა სოციალურ ქსელში ოჯახური ვიდეო გააზიარა, სადაც ალერსიანად ეკითხებოდა ქალბატონ ლიას (მსახიობი ლია ბაბლუანი): "დედა, რომელი შვილი გიყვარს ყველაზე მეტად?" - ამ კითხვამ მოსვენება დამიკარგა. ძალიან მინდოდა ამ ოჯახში გაზრდილი ოთხი შვილიდან, ერთ-ერთთან, ამ ვიდეოს ავტორ ოლგა ბაბლუანთან ინტერვიუს ჩაწერა. მიხარია, რომ ეს ინტერვიუ შედგა.

ფოტოგალერეა

- ოჯახში ყველანი ერთნაირად ვიზრდებოდით: ორი და და ორი ძმა. ძალიან ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული და იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად.

- მერე დადგა დრო, როდესაც საფრანგეთში გადახვედით საცხოვრებლად. - მერე დადგა დრო, როდესაც ყველანი საფრანგეთში ერთად წავედით სასწავლებლად. არ გაგვჭირვებია შეგუება, რადგან ქართული ლაღი ბუნებიდან გამომდინარე ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ აღვიქვამდით და ვითვისებდით.

- ერთხელ მითხარით, "ცხოვრებაში ადგილის პოვნა მაინცდამაინც ერთი წერტილიდან არ იწყება და არც რომელიღაც ასაკში მთავრდება, ეს დიდი პროცესია და სულ გრძელდებაო". დღეს რას ფიქრობთ? - დღესაც იმავენაირად ავხსნიდი: საკუთარ თავში ყოველთვის ეძებ ინტერესის წყაროს, დაუსრულებლად სწავლობ და ვითარდები. ცხოვრებაში ადგილის პოვნა საკუთარი თავის პოვნაა და ბედნიერებაა, როდესაც შენს ადგილას გრძნობ თავს!

- რამდენიმე წელია თბილისში საქმიანობთ. როგორია დღეს თქვენი თვალით დანახული საქართველო? - ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი რეალისტი ქართველის თვალით დანახული: ველურ კაპიტალიზმში ვართ, იქ, სადაც სოციალური ეგოიზმი ყველაზე მწვავედ მოქმედია! ადამიანების სოციალურ კასტებად დაყოფა, უფსკრული კლასებს შორის, რომელიც დღითი დღე იზრდება და საზოგადოებრივი თუ სოციალური ცვლილებები სახეზეა. განათლების და კულტურული ცხოვრების უდიდესი დეფიციტია. ახალგაზრდები ახალი, გახსნილი და პროგრესული აზროვნებით მიიწევენ წინ, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება მომავლის განვითარებაა.

- "ნუ მომკლავ!" - სოლიდარობის ამსახველი ეს წარწერა თქვენი სოციალური გვერდის ფოტოსაც ახლავს. როგორია ამ წარწერის მიღმა თქვენი ფიქრები, გნებავთ, იმედი. - ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო საშინელი კრიზისი ქვეყანაში. ეს იყო ისტორიული სოციალურ-პოლიტიკური დრამა, კატასტროფული პერიოდი ახალგაზრდა თაობისთვის. ყველანაირმა მოვლენებმა მათ ზურგზე გადაიარა. პანაშვიდიდან პანაშვიდზე დავდიოდით. მკვლელობები ყოველდღე ხდებოდა. მეც ამ თაობას ვეკუთვნი! აგრესია ხალხში ჯერ კიდევ დიდია. ამიტომ დამნაშავე უნდა ისჯებოდეს და არსებობდეს სამართლიანობის განცდა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, თითოეულ ქალში ბევრი ქალი სახლობს. მარტო ჩემში, 50 მაინცო... მიამბეთ ამ ქალებზე... - დღეს ჩემში 21-ე საუკუნის მუშაობის სენით შეპყრობილი ქალია წინა ხაზზე. თვეში სამი გადაფრენით, გაუჩერებელ რეჟიმში ვმუშაობ. ვამთავრებ "რა დროს ძილია"ს" გადაცემის სეზონს (კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა "იმედზე" გადის). საკმაოდ ბევრი მაყურებელი უკვე სტაბილურად მოგვყვება, მილიონობით ადამიანმა გვიყურა ფეისბუკგვერდზე, გვყავდა რამდენიმე ათეული სტუმარი, როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ვარსკვლავებიც.

- იმდენ პრობლემაზე ვისაუბრეთ, თითქოს არაფერი გვახარებდეს ამ ქვეყანაში, არადა, ასეც არაა საქმე... - ქართველ ხალხს იმდენი ისტორიული ტრავმა აქვს გადატანილი, ეკონომიურად არ ულხინს, პიროვნული თვითშეფასების დიდი შიმშილი აქვს. როგორც მცენარე ვერ გაიხარებს უწყლოდ, ასევე ადამიანი ვერ იცოცხლებს სიყვარულის გარეშე - ამას ნიჭი და უნარი სჭირდება. სიცოცხლის ხალისი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა. ნებისმიერი სიტუაციიდან არის გამოსავალი, მთავარია, სიცოცხლის სიყვარული.

- რას არ გააკეთებთ არასოდეს? - არ ვიცი... მტკიცე და დამოუკიდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრის გაკეთების და არგაკეთების საშუალება მაქვს. დაბოლოს, მინდა გითხრათ, დღევანდელი დღე შეავსეთ ისე, როგორც უკანასკნელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "საქართველოში ძალადობა ცხოვრების წესია" - რატომ ფიქრობს ასე თემურ ბაბლუანის ქალიშვილი (ექსკლუზივი)

ეკა სალაღაია