"მაშინდ­ე­­ლმა ვარსკვლავებმა საკუთარი ხმებით აამეტყველეს პერსონაჟები" - როგორ იქმნებოდა "ბატი ტასიკო" - კვირის პალიტრა

"მაშინდ­ე­­ლმა ვარსკვლავებმა საკუთარი ხმებით აამეტყველეს პერსონაჟები" - როგორ იქმნებოდა "ბატი ტასიკო"

მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც კლასელმა გამჭვირვალე და სქელ ფირფიტაზე დახატული ბატი ტასიკოს პორტრეტი მოიტანა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა მაჩუქაო. მეც მინდოდა მყოლოდა ასეთი მეგობარი. მერე უამრავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ეს სურვილიც გადამავიწყდა და იქნებ აღარც გამხსენებოდა, რომ არ გამეცნო მულტფილმ "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალის" მხატვარი და რეჟისორი დათო სიხარულიძე. მასთან საუბარი მისი მულტიპლიკაციაში მოსვლით დავიწყეთ.

- სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ "ქალაქპროექტში" გამანაწილეს. მომცეს ხელში რულეტი და გამგზავნეს, წადი და ზომე ქალაქის ესა თუ ის ობიექტებიო. მეც შევუდექი დავალების შესრულებას და მალევე მივხვდი, რომ ეს საქმე საჩემო არ იყო. სწორედ ამ დროს გამოცხადდა თეატრალურ ინსტიტუტში მულტიპლიკაციის რეჟისორების მიღება. კინო ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მულტიპლიკაციაზე არც მიფიქრია. ვიფიქრე, ჩავაბარებ მულტიპლიკაციის რეჟისურაზე და მერე გადავალ კინოსარეჟისოროზე-მეთქი. თუმცა სტუდენტი რომ გავხდი, მულტიპლიკაციამ გამიტაცა.

- პირველი ანიმაციური ფილმი იყო "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი", რომლის მხატვარიც თქვენ იყავით... - ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი გელა კანდელაკი იყო. მან მომცა მზია კეკელიძის სცენარი, გადახედე, ხომ არ გადაიღებო. მომეჩვენა, რომ სცენარი თავისი ესთეტიკით მხატვრული ფილმის თხრობას ჰგავდა. ვთქვი, გადავიღებ, მხატვარიც მე ვიქნები-მეთქი. კომპოზიტორი თემო ბაკურაძე და ხმის რეჟისორი მადონა თევზაძეც ამომიდგნენ მხარში. ამ მულტიპლიკაციაში მაშინდელმა ვარსკვლავებმა საკუთარი ხმებით აამეტყველეს პერსონაჟები. ამხელა კორიფეებს ვერ გავუბედავდი, მულტფილმის გმირები გაეხმოვანებინათ. მრავალი ვარიანტი ვსინჯე, ნაცნობი, ნაცნობის ნაცნობი, მაგრამ \ვერაფრით შევუსაბამე გამოსახულებებს ხმა. ბოლოს გელა კანდელაკს ვთხოვე დახმარება. მასაც ერიდებოდა, როგორია, მედეა ჯაფარიძე და სინჯი?!

- დანარჩენი პერსონაჟები ვისი ხმით მეტყველებენ? - ტასიკოს გადამრჩენელ მეგობარს დოდო აბაშიძე ახმოვანებს, მგელს - ირაკლი უჩანეიშვილი, ტასიკოს რომ ახელებს, ბატი გიწოდესო, მარინა თბილელი. ბატონი დოდოს მახსოვს, ტექსტთან ჰქონდა პრობლემა. ვუთხარი, გაჩვენებთ ეპიზოდს და სათქმელი როგორც გნებავთ, ისე, გამოსახულების შესაფერისი განწყობით თქვით-მეთქი. კი ბატონოო, გაუხარდა. თუ გახსოვთ, ვასო გოძიაშვილი "ძველ ვოდევილებში" ირაკლი უჩანეიშვილმა ჩაანაცვლა. სპექტაკლებს ვესწრებოდი, ხმებსაც ვაკვირდებოდი და ერთ მომენტში მივხვდი, რომ ეს ის ხმა იყო, რომელსაც ვეძებდი. გახსოვთ, ნაცემი, საქანელაზე გადაფენილი რომ ამბობს, "წადი რა, გაიარე, რა" სპექტაკლის მსვლელობისას წარმოვიდგინე, როგორ იტყოდა ამ ფრაზას ბატონი ირაკლი. საბოლოოდ გაახმოვანა და როგორიც მინდოდა, ისეთი გაბღენძილი და თავდაჯერებული გმირი შექმნა. ამ დიდმა მსახიობებმა ჩემი გმირები გააცოცხლეს, აამეტყველეს და ძალიან პოპულარულები გახადეს. შემდეგში შოკოლადები გამოვიდა ბატი ტასიკოს ეტიკეტით, კაფე-ბარებს "ტასიკოს" არქმევდნენ.

- როგორც ვიცი, საკავშირო ფესტივალზე ეს ფილმი საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოეს. - ასეა. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გამოვიდა საფოსტო მარკა ბატი ტასიკოს პორტრეტით.

- ძალიან მომწონს "კვაჭი კვაჭანტირაძის" თქვენ მიერ გადაღებული ანიმაციური ვარიანტი. - ამ სატელევიზიო სერიალის იდეა მე მეკუთვნოდა. ცოტა თავხედურია, მაგრამ ხელოვნებაში ცოტა თუ არ ითავხედე, რა გამოვა. ბოლოს საერთოდ გავრეკე და ფონოგრამად "როლინგ სტოუნის" მელოდია დავადე. კარგი მხატვრისა და ზაზა პაპუაშვილის გახმოვანების ხარჯზე ამანაც ივარგა. ახლა "ჩაკრულოზე" მინდა გადავიღო მულტიპლიკაციური ფილმი. ამერიკელებმა კოსმოსში რომ გაუშვეს "ჩაკრულო", რა მოხდა იქ.

დღეს აღარც კინოსტუდია არსებობს და აღარც მულტგაერთიანება. მულტიპლიკატორებს არ გვაქვს ეთერი, არ გვყავს მაყურებელი - სრულმეტრაჟიან ფილმებს ვერ ვიღებთ, ჩვენი პროდუქცია არაკომერციულია.

- ლექციებსაც კითხულობთ. - კი, სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურ უნივერსიტეტში. იცოცხლე, იმათ ვგეშავ და ვქოქავ; კარგი სტუდენტები მყავს... მგონია, მათ შორის რამდენიმე თავს დაგვამახსოვრებს.

ეკა სალაღაია