"ზოგი კაცი ხომ კაცი არ არის, ქალებს დაასხდნენ თავზე, ასეთ ოჯახში ბავშვიც აგრესიულია" - კვირის პალიტრა

"ზოგი კაცი ხომ კაცი არ არის, ქალებს დაასხდნენ თავზე, ასეთ ოჯახში ბავშვიც აგრესიულია"

დღეს ასე პოპულარული და ცნობილი სიტყვა "ბულინგი" ინგლისურია და ქართულად ჩაგვრას, აბუჩად აგდებას ნიშნავს. ბულინგი უმეტესად სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება. ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, მაგრამ უფრო მეტად ისინი, ვინც თანატოლებისგან რაღაც ნიშნით განსხვავდება. როგორ დავიცვათ მოზარდები ამ მოვლენისგან? - ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ:

"ბულინგისგან დაზღვეული არც ერთი თაობა არ არის"

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: - ეს მოვლენა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა. ბოლო წლებში დაერქვა ბულინგი, თორემ ადრე დაცინვას ან ჩაგვრას ვეძახდით. ჩემი აზრით, ამ ეტაპს ნებისმიერი ადამიანი გადის და ბულინგისგან დაზღვეული არც ერთი თაობა არ არის. მოზარდი გოგონას დედა ვარ და მიმაჩნია, რომ ბავშვს თავის დაცვა უნდა შეეძლოს. თავდაცვაა ისიც, პასუხს რომ არ გასცემ, დაფიქრდები და სიტუაციიდან გამომდინარე, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებ. თუ ჩემი შვილი დახმარებას მთხოვს, ბუნებრივია, დავეხმარები და რჩევასაც მივცემ, მაგრამ ზედმეტი რჩევების მიცემაც არ მიყვარს. მხოლოდ საკუთარ მაგალითს მოვუყვები: მე ასე დამემართა და ახლა შენ როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე-მეთქი.

"შვილის ცხოვრება ხელიდან არ უნდა გაგექცეს"

ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი: - დაკვირვებული მშობელი ყოველთვის მიხვდება, რომ მისი შვილის თავს რაღაც ხდება. ბავშვზე ძალიან კარგად მოქმედებს მეგობრული ლაპარაკი და არა ზედმეტი დარიგება. შვილის ცხოვრება ხელიდან არ გაგექცეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სიყვარულში იზრდება და არა სიძულვილში, რა დიდი პრობლემებიც უნდა ჰქონდეთ მის მშობლებს. შვილისთვის მეგობარიც უნდა იყო, მამაც და თუ საჭიროა, საყვედურიც უნდა უთხრა, რაღაცები კიდეც აუკრძალო, ოღონდ ისე, რომ თავი დაჩაგრულად და დამცირებულად არ იგრძნოს. საბედნიეროდ, ჩემი შვილი ახერხებს ურთიერთობების მოწესრიგებას, არც არავის ჩაგრავს და არც სხვას დააჩაგვრინებს თავს.

"ჩემი შვილიშვილი საშინელ აგრესიას უყურებს და კმაყოფილია"

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი: - ძალიან მაფიქრებს, რომ ეს თაობა ზედმეტად არის მიჯაჭვული კომპიუტერთან - ბავშვები 24 საათის განმავლობაში უყურებენ, როგორ სჭრის თავს ერთი ადამიანი მეორეს, როგორ სცემს სხვას. ჩემი 7 წლის შვილიშვილი საშინელ აგრესიას უყურებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კმაყოფილია. ამიტომ, ვცდილობ თანდათან უფრო მსუბუქ, გასართობ თამაშებსა და პროგრამებზე გადაერთოს. თანატოლებთან კონფლიქტის შემთხვევაში ვეცდები, პირველ რიგში ჩემი ბავშვი დავაწყნარო. ასეთ დროს მშობელმა თუ ყველაფერი გაამწვავა, შეიძლება მერე ჩვენი შვილი გახდეს აგრესორი და იგივე გაუკეთოს სხვას. ამ აგრესიას კიდევ ბევრი რგოლი მოჰყვება, ჯადოსნური წრე შეიკვრება და საბოლოოდ მივიღებთ "ხორავას ქუჩა 2"-ს.

"ზოგი კაცი ხომ კაცი არ არის, ქალებს დაასხდნენ თავზე, ასეთ ოჯახში ბავშვიც აგრესიულია"

გივი სიხარულიძე, მწერალი: - ქალს ხუთმეტრიანი სიგარეტი რომ უჭირავს და ცხრაასჯერ გათხოვდება, ბავშვს როგორ აღზრდის. თანამედროვე ქართულ ოჯახში დედა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, იგივე უნდა ვთქვა მამებზეც: ზოგიერთი კაცი ხომ კაცი არ არის, ქალებს დაასხდნენ თავზე და ასეთ ოჯახში ბავშვიც აგრესიული იზრდება. ახლანდელი ქალები იცით, როგორ ფიქრობენ? - ყველა დაიხოცოს, ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგადო - ასეთი დედის გაზრდილი შვილი მკვლელიც გამოვა და მჩაგვრელიც. შვილები ძიძებს გადააბარეს... ჯერ სად ვართ? აწი ნახეთ, კაცი რომ კაცზე დაქორწინდება, მერე ისინი შვილს აიყვანენ, გაზრდიან და მერე რა თაობა წამოვა.

"ახლანდელი ქუჩა სულ სხვაა"

გრიშა ჩიგოგიძე, პედაგოგი: - რამდენიმე ათეული წელია ბავშვებს ვასწავლი და ზუსტად ვიცი: თუ მოზარდი დაკავებულია იმ საქმით, რომელიც უყვარს, ცუდს არ ჩაიდენს. ზოგი თვლის, ბავშვს ქუჩა ზრდისო, მაგრამ არავინ დაიჯეროს: ახლანდელი ქუჩა სულ სხვაა. ახლა ბალანსი დარღვეულია, ზოგი კარგად ცხოვრობს, ზოგი ცუდად და ბავშვებში ეს აგრესიას იწვევს...

"მამებო, ბიჭები ისე აღზარდეთ, რომ თავისზე სუსტს არ დასცინონ"

ირმა სოხაძე, მომღერალი: - მე ვთხოვ ქართველ მამებს: ბიჭები აღზარდონ ადამიანებად, რომლებიც თავისზე სუსტს კი არ დასცინებენ, პირიქით, მფარველობას გაუწევენ. ყველაფრის საფუძველი ოჯახია და თუ ოჯახმა არ მოინდომა, ამ საქმეს ვერც სამინისტროები უშველის, ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი.

ხათუნა ჩიგოგიძე