"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"
"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"
"ძალიან ბევრი კაცი საქართველოში დანებდა ახალ გამოწვევებს და არც სწავლა უნდა, არც შრომა და ურჩევნია, წამოწოლილი ელოდოს საბერძნეთიდან, თურქეთიდან თუ ამერიკიდან გამოგზავნილ ფულს"


დათო ტურაშვილს დავურეკე, ინტერვიუზე მინდოდა დამეყოლიებინა, რატომაც არაო, მხოლოდ ერთი პირობით, კითხვები უნდა გადმომიგზავნოო. ეს რომ მითხრა, მაშინღა გამახსენდა ერთ ინტერვიუში რომ თქვა, "იმდენად მიყვარს წერა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებსაც კი წერილობით ვპასუხობ, თანაც კაცობრიობას ჯერ ისეთი დიქტოფონი არ მოუგონია, რომელიც სათქმელს ისე გაშიფრავს, როგორც ამას რესპონდენტი
ამბობს. ჟურნალისტები კი მიყვარს (როგორც საერთოდ ადამიანები), მაგრამ არ მიყვარს ინტერვიუები, როცა ისეთი შეკითხვებით მომმართავენ, რომ მათ გამო დროის დახარჯვა მკითხველების შეურაცხყოფად მიმაჩნია". მეც მის პირობას დავთანხმდი და კითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე. ახლა წინ თქვენი საყვარელი მწერლის, დათო ტურაშვილის ხელით დაწერილი ინტერვიუ გიდევთ, სადაც ბავშვობაზე,
ოჯახსა და კიდევ ბევრ რამეზე საოცარი გულწრფელობით საუბრობს.

- მოდი, ბავშვობიდან დავიწყოთ.
- ბავშვობაში ისეთი ცელქი ვიყავი, ბებიაჩემი სულ უკუღმართს მეძახდა, მაგრამ რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე,­ რომ მართლა­ უკუღმა, ფეხებით დავბადებუ­ლვარ... პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ამიტომაც ჩემი მშობლები არასოდეს ყოფილან მდიდრები და ფასეულობების ჩამოყალიბებაც ადრე დამეწყო, თუმცა, ძირითადად, წიგნების წყალობით და წიგნების კითხვაც ბავშვობიდანვე შემიყვარდა. ისე, ფეხბურთელობაზეც ვოცნებობდი,­ მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო (ფეხები ძალიან დაგეღუნებაო) და მეც მოთხრობების წერა დავიწყე.

- თუ ანაწილებთ დროს ისე, რომ იყოთ მწერალი, საზოგადოებრივად აქტიური და ამასთან, კარგი მეოჯახე, მზრუნ­ველი მამა და მეუღლე?
- ადამიანი რაც მეტს შრომობს, უფრო მეტს ასწრებს. დრო იმას არ ჰყოფ­ნის, ვინც არაფერს აკეთებს. ხშირად მომისმენია ჟურნალისტების შეკითხვა, როგორი უნდა იყოს ქალი - დიასახლისი და მეოჯახე, თუ საქმიანი და საზოგადოებრივად აქტიური.
ძალიან ხშირად ყველაზე კარგი დიასახლისები სწორედ ის ქალები არიან, რომლებიც პროფესიულად წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიურობით ხასიათდებიან და ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა უშლიდეს ქალს ოჯახური საზრუნავი პროფესიულ საქმიანობაში ხელს? მით უმეტეს, კაცს წერა რატომ უნდა უშლიდეს ხელს ცოლისა და შვილების სიყვარულში, არ მესმის.

- თქვენი სიტყვებია, "კაცებს, ქალებისგან­ განსხვავებით, ჭკუა და ასაკი არ ემატებათ",­ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ და­მოკ­იდებულება ნამდვილად ჩანს ქალების მიმართ.
- როგორი რთულიც უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც შემიძლია ვთქვა სიმართლე და უკანასკნელი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა დამოუკიდებლობა), ქალები უფრო მობილურები, მოტივირებულები, კრეატიულები და ენერგიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ სწორედ ქალებმა გადაარჩინეს საქართველო - ძმები,­ ქმრები, მამები და საერთოდ, ოჯახები.

- ჩვენს ჭრელ საზოგადოებაში მავანნი თვლიან, რომ ოჯახი დათმენასა და კომპრომისებზე დგას, სხვები ამტკიცებენ, რომ მხო­ლოდ სიყვარულზე... მაგრამ განქორწინებების რიცხვი იზრდება. გაგვიმხილეთ თქვენი ოჯახის მთლიანობის საიდუმლო.
- მგონი, ჩემი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო მარტივია - ეს არის მაკა კეკელიძე, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია და იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს სახლში სიყვარული. დავითვალეთ და წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია. აზრიც არა აქვს ჩხუბს - სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან - მე სულ მცივა და მას სულ სცხელა, რაც მე მომწონს, მისთვის წვალებაა და პირიქით. თითქმის არაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რომ ერთმანეთის გადაკეთებას აზრი არა აქვს და არც ვცდილობთ (რამდენჯერ მსმენია, რომ ვიღაც წყვილი იმიტომ დაიშალა, ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვნენ და ცოტა მეღიმება - სამყაროში ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს და ორი ერთნაირი ხასიათი როგორ უნდა არსებობდეს?), თუმცა ოჯახების დანგრევის მიზეზი კიდევ უფრო ბევრია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ და არ აღიარებენ, თორემ ხშირად ურთიერთობაში გადამწყვეტი სექსია.

- გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენი­ საქმიანობის გამო ოჯახს ყურადღებას აკლებთ?
- კვირის შვიდი დღიდან (ძალიან ხშირად) ორ-სამს მაინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვატარებ და წიგნები მიმაქვს ბავშვებისთვის იმ სოფლებში, სადაც მშობლებს შვილებისთვის წიგნების შეძენა არ შეუძლიათ. მესმის, რომ ყოველდღიურად ჩემს შვილებთან ყოფნა ჩემთვისაც კარგია, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება არ არის ისე მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა.

- ოჯახური ტრადიციები იმისთვის არსებობს, რომ დავიცვათ, თუ მოვირგოთ?
- გააჩნია, რომელ ტრადიციას გული­სხმობ - კარგი უნდა დავიცვათ და შევინახოთ და ცუდს ისედაც დავკარგავთ (ბევრი უკვე დავკარგეთ).

- სად დაიწერა თქვენი წიგნები - სახლში თუ სადმე სხვაგან, მარტოობაში­ გირჩევნიათ მუშაობა? როგორ იქცევიან ოჯახის წევრები, როდესაც დათო მუშაობს?
- რადგან განსაკუთრებული პირობები არასოდეს მქონია, მიჩვეული ვარ და ყველგან შემიძლია წერა (გზაშიც კი) და ყველგან ვწერ, სადაც დრო მაქვს. სამწუხაროდ, დრო ჩემთვის სერიოზული პრობლემაა, ხშირად არ მაქვს და მგონი, ფულიც იმისთვის მჭირდება, რომ დრო ვიყიდო.

- არასდროს გქონიათ სტაბილური სამსახ­ური, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენს ოჯახს, პერიოდულად მაინც, სტაბილურობა აკლდა. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მთლიანობისთვის სტაბილურობის განცდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სწორედ სტაბილურობის ნაკლებობაა ოჯახების ნგრევის მიზეზი?
- რადგან სტაბილური სამსახური და სტაბილური ხელფასი არასოდეს მქონია, რასაკვირველია, ხშირად გვაქვს ფინანსური პრობლემები, ვალები და ტკივილები (რითიც ვერავის გავაკვირვებთ თანამედროვე საქართველოში), მაგრამ მაკას არასოდეს შევუწუხებივარ (ამ მხრივ), რადგან ქურქებისა და ძვირფასეულობისადმი ინტერესი არასოდეს ჰქონია და როგორც ჩანს, დასაწყისშივე მიხვდა, რომ ჩემთან ერთად ეს წვალება სულ ელოდა. სამაგიეროდ, სიყვარული სულ გვაქვს.

- სხვადასხვა ქვეყნის, კანის, ფერისა და რჯულის ქალები აქტიურად ილაშქრებენ­ მოძალადე კაცებზე. იგივე ხდება საქართვ­ელოშიც - ირკვევა, რომ მსჯავრდადებულთა დიდი ნაწილი ჩვენს ციხეებში სწორედ ქალებზე ძალადობის გამო იხდის სასჯელს. ჩვენ, ქალები, გაბრაზებული ვართ მათზე, მაგრამ მოძალადე კაცებზე ჩვენზე მეტად გაბრაზებული მამაკაცები უნდა იყოთ, რადგან მიმაჩნია, რომ მათი საქციელი თქვენს ადგილსა და სახეს გართმევთ. და თუ ეს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა (კაცი მოძალადეა), ოჯახის ინსტიტუტის არსებობასაც უფრო დიდი საფრთხე შეექმნება.
- ბევრი კაცისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ახალი რეალობა, სადაც ქალს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ქმრის მოსამსახურის როლი და ფუნქცია. არადა,
ძალიან ბევრი კაცი საქართველოში უბრალოდ დანებდა ახალ გამოწვევებს და არც სწავლა უნდა, არც შრომა და ურჩევნია, წამოწოლილი ელოდოს საბერძნეთიდან, თურქეთიდან თუ ამერიკიდან გამოგზავნილ ფულს. ამიტომაც ქალი თუ ძლიერი გახდა, ეს იმის ბრალიცაა, რომ კაცმა ვერ დასძლია სისუსტე, რომელიც საბჭოთა სისტემის შედეგია და, სამწუხაროდ, მენტალური პრობლემაც, რომლისგან ასე ადვილად ადამიანი \ვერ გათავისუფლდება.

- ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს.
- ერთი უკვე ვახსენე (მაკა კეკელიძე), მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და ზოგჯერ მგონია, ნებისმიერი ადამიანი არის კიდეც განსაკუთრებული, გამორჩეული, განსხვავებული და ასეთი მომწონს კიდეც ეს სამყარო.

- ამჯერად რას გვპირდება დათო ტურაშვილი?
- არ მიყვარს, ქართველები ძველი ინდიელებივით მესამე პირში რომ მიმართავენ ერთმანეთს, მაგრამ შენ ხომ მიყვარხარ და ამიტომ გიპასუხებ, რომ იმავეს ვაკეთებ, რასაც ვაკეთებდი - ვწერ და ვკითხულობ.


დეა ცუცქირიძე

ქეთი
06 აგვისტო 2018 09:13
გულწრფელი და მართალი...ძალიან მომწონს
ეს რა დარდუბალა გვჭირს?-ს
06 აგვისტო 2018 08:41
ვაიმე რა დიდი, ბუმბერაზი და საზოგადოდ ბოროტი ხააართ?
ნატა
05 აგვისტო 2018 22:02
ძალიან სტანდარტული და არაფრისმთქმელი შეკითხვები.((
ახალი შტრუხების გაგება მინდოდა დათოს შესახებ.
მოსაწყენია((
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები