"რა ვქნა? შორიდან ვუყურო, როგორ მოკვდება?!" - კვირის პალიტრა

"რა ვქნა? შორიდან ვუყურო, როგორ მოკვდება?!"

ამას წინათ, დილაუთენია, ბაზარში რეპორტაჟის მოსამზადებლად მიმავალი საშინელი სანახაობის მოწმე გავხდი. მეტროსადგურ "ახმეტელთან" უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იქვე იყო პატრულისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ჩოჩქოლის მიზეზი ახალგაზრდა იყო, რომელსაც პირიდან დორბლი სდიოდა, წელს ზევით შიშველი, ასფალტზე გაფენილ მუყაოს ნაჭერზე ხოხავდა. ამ დილაადრიან სად მოასწროო, ამბობდა ვიღაც, გადარჩა, მაგრამ მაგრად გაებაო, ეუბნებოდა იქ მყოფთ. ეჭვიც არავის ეპარებოდათ, რომ ეს ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგი იყო.

დაზაფრული იქაურობას გავშორდი და იქვე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი. გვერდით ნანახით დათრგუნვილი ქალბატონი მომიჯდა. ამ ბიჭის შემხედვარეს ჩემი ტკივილი გამიცოცხლდაო, ამოოხვრით მითხრა და ერთ წერტილს მიაშტერდა. მომეჩვენა, რომ რაღაცის მოყოლა უნდოდა და ვერ ბედავდა. მერე მაინც დაიწყო:

- ხალხის მრცხვენია, როგორია, ვთქვა, რომ ნარკომანი და მოთამაშე ქმარი მყავს, ჰოდა, მეც მონდომებით ვთამაშობ უდარდელი ქალის როლს. ამით თითქოს დროებით გავურბივარ რეალობას, რომ გული არ გამისკდეს და ერთადერთი შვილი გასაზრდელი არ დამრჩეს. ჩემი წუთიერი სისუსტეა, თქვენთან რომ ვლაპარაკობ, მაგრამ არ მიცნობთ და ამიტომაც მიადვილდება ამის გამხელა. ფეხმძიმედ ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ბიჭი გვეყოლა, მაგრამ მეორე შვილზე როგორ ვიფიქრებდი... სულ მეგონა, ჩვენი სიყვარული გადაწონიდა მის სენს, მაგრამ... მახსოვს, ბავშვმა ფეხი რომ აიდგა, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა, რომ მეხარებინა. შინ ორ მეგობართან ერთად მოვიდა. მოეფერა პატარას, მერე მომიბოდიშა, საქმე გვაქვს, ოთახში გავალთო. მართლაც გავიდნენ და მალევე დაიშალნენ...

მას შემდეგ წლები გავიდა. 8-10 წლის წინ ქორწილში შევხვდი ჩემი ქმრის იმ მეგობარს, ჩვენი შვილის ფეხის ადგმის მომსწრე რომ გახდა. შეზარხოშებული იყო. ჯერ მითხრა, არ იცით, თქვენზე რამდენჯერ ვფიქრობდიო. დავიბენი, ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა. ბოლოს გამომიტყდა, - რომ მცოდნოდა, პატარასთან ერთად სახლში იყავით, იქ არ გავიკეთებდითო...

2009 წელს ჩემი მეუღლე ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში მოხვდა. მისი მშობლები სირცხვილით პურის საყიდლად ვეღარ ჩადიოდნენ - ვინმემ რომ გვკითხოს შვილის ამბავი, რა ვუთხრათო. ციხიდან რომ გამოვიდა, მუშაობა დაიწყო, ძველ სამეგობროს ჩამოშორდა... მიხაროდა, რომ ვიბრძოლე და გავიმარჯვე! ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმუშევარი დარჩა და ფულის საშოვნელად კაზინოს ხშირი სტუმარი გახდა. დამეწყო ბრძოლის ახალი ეტაპი. შინ გამთენიისას მოდიოდა. თუ თითზე საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა, ესე იგი, წააგო. შარვალში ყოველთვის ედო ბარათი, რომლის ტექსტიც წაკითხვამდე ვიცოდი: "ლომბარდი. მისამართი: პეკინის ქუჩა. საქორწინო რგოლი. 200 დოლარი".

- დღეს როგორ ცხოვრობთ? - ჯერ ბინა გავყიდეთ და ერთოთახიანში გადავედით. ახლა ესეც ბანკშია ჩადებული. ამას წინათ დაბადების დღიდან შინ ვბრუნდებოდით. გზაში ჩემი შეზარხოშებული მეუღლე ბავშვს აყვედრიდა, - სულ მაკარონს და კარტოფილს იმიტომ ვჭამთ, შენი რეპეტიტორების თანხა რომ გადავიხადოთ და აბა, შენ იცი, როგორ ისწავლიო. საუბარს დროდადრო მეგობრის ზარი აწყვეტინებდა. დამელოდე, მალე მოვალო, პასუხობდა. კორპუსთან რომ მივედით - ადით, მეგობარს ვნახავ, გავიგებ, რატომ მირეკავდაო. ჩუმად ავედევნე. მეგობრის ავტოფარეხისკენ აიღო გეზი. თავმოყვარეობას გადავაბიჯე, გასაღების ჭრილში შევიჭყიტე და დავინახე ჩემი მეუღლის გაშვერილი ხელი, რომელსაც მაჯაში გაყრილ შპრიცს აცლიდა ის მეგობარი... ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის...

ბინა ვიქირავე და ბავშვთან ერთად გავეცალე. ასე გავიდა ორი თვე. ამ ხნის განმავლობაში რეკავდა, საქმეებს ვაგვარებ და მოგაკითხავთო. ორი თვის შემდეგ ისეთი დაბერებული მეჩვენა... გამხდარი, თვალებჩაცვენილი და იმედდაკარგული, ხელზე უამრავი ნანემსრით. რა ვქნა? შორიდან ვუყურო, როგორ მოკვდება? არ შემიძლია! ისევ დავდევ. მისი ხელები გადაღებული მაქვს ტელეფონში და რომ მოდის, ვამოწმებ, მოემატა ნაჩხვლეტი თუ არა. შვიდი კვირის თავზე მივაღწიე, რომ აღარც ერთი ნანემსარი არ აქვს, მაგრამ ალბათ, ტაბლეტებზე გადავიდა. სახლთან კერძო აფთიაქია, რომელშიც შეიძლება ბინტი არ ჰქონდეთ, მაგრამ ფსიქოტროპული მედიკამენტები, რამდენიც გინდათ... მუდმივ კლიენტებს რეცეპტის გარეშე ემსახურებიან. ერთხელ ორი მუშტრის საუბარს შევესწარი - აფთიაქის მფლობელზე ამბობდნენ, მაგარი ქალია და "კრიშაც" მაგარი ეყოლება. იმ დღეს ვერ შემოვდიოდით, აფთიაქთან პოლიციელები იდგნენ, მფლობელი გამოუვარდა, აქედან დაიკარგეთ, კლიენტებს მიფრთხობთო. რამდენჯერ მიფიქრია, დავრეკავ პატრულში და ამ საშინელ ჯგროს დავაჭერინებ-მეთქი, მაგრამ... ამდენი გაუბედურებული ადამიანი, დანგრეული ოჯახი ვის შერჩება, ამაზე რატომ არ ფიქრობენ სიმდიდრის მოყვარულები?! დავიღალე, ვეღარ ვხედავ გამოსავალს. ხვალ ორშაბათია. კვლავ ბედნიერი ქალის ნიღაბს მოვირგებ და... ხანდახან მგონია, ბევრს ასეთივე ნიღაბი აქვს მორგებული და იმდენი ხანია არ მოუხსნიათ, მგონი, თვითონაც დაიჯერეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა!

ეკა სალაღაია