რატომ იყო დავით აღმაშენებელი საქართველოს უძლიერესი მხედართმთავარი
16-07-2018
რატომ იყო დავით აღმაშენებელი საქართველოს უძლიერესი მხედართმთავარი
დავით მეოთხე ბაგრატიონი საქართველოს ისტორიაში იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ ის აღმაშენებლად შეირაცხა. მის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა და გარდაქმნა, რომელმაც ქვეყნის განვითარება სწორ გზაზე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი სამხედრო რეფორმაა, რომლის წყალობითაც აღმაშენებელი დაუმარცხებელი მთავარსარდალი გახლდათ.
რატომ იყო დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში უძლიერესი წინამძღოლი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მან ლაშქრის რეორგანიზაციის კუთხით, გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:

ლაშქრის რეორგანიზაცია

საქართველოს სამეფო კარს კარგად ჰქონდა აწონ-დაწონილი სამხედრო რეფორმების გატარების დიდი მნიშვნელობა და
გეგმაზომიერად, თანდათანობით შეუდგა ამ საქმეს. უპირველესად საჭირო იყო ლაშქრის ორგანიზაციის მოწესრიგება.

დავით აღმაშენებელი ახალისებდა თავდადებულ ერთგულ მოლაშქრეებს, ამასთან, იგი მკაცრი იყო ჯაბანთა მიმართ. როგორც ჩანს, მხდალ მოლაშქრეებს დასამცირებლად ქალის ტანსაცმელს აცმევდა და ასე აჩვენებდა მთელ ლაშქარს.

XII საუკუნის პირველი მეოთხედის სამხედრო ძალები მტკიცედ არიან დისციპლინირებული,
მათში დიდია სამხედრო სამსახურის მოვალეობის მტკიცედ აღსრულების შეგნება. საქართველოს მეფემ ლაშქრის წვრთნაშიც ბევრი სიახლე შეიტანა. დავით აღმაშენებელი მოლაშქრეებს პირადი მაგალითით უნერგავდა გამბედაობასა და გულადობას.

საქართველოს სამეფო კარმა მოქმედების სისწრაფისათვის ქვეითი ჯარი შეცვალა ცხენოსანი რაზმებით, რომლებიც ყველა დროს მზად უნდა ყოფილიყვნენ.

ესოდენ გადახალისებულ-გარდაქმნილი ჯარი მტერს ახალი ტაქტიკით უნდა შეჰბმოდა. მის ხელმძღვანელობასაც ახალი სტრატეგიული ხერხები უნდა გამოეყენებინა. დავით აღმაშენებელი ხშირად მიმართავდა ისეთ მარჯვე ხერხს, როგორიცაა მტრის შემოტყუება და შემდეგ მოულოდნელად მასზე თავდასხმა. იგი თურქ-სელჩუკთა თვალის ასახვევად დასავლეთ საქართველოში გადადიოდა. სელჩუკები ეგებოდნენ დაგებულ ანკესზე და ქართლს შემოესეოდნენ. დავით აღმაშენებელი მოულოდნელად, თავის სარდლებთან ერთად, რომლებსაც წინდაწინ უთანხმდებოდა, მოუსწრებდა მტერს და ერთიანად მუსრს ავლებდა. ამ საქმეში ის ფართოდ იყენებდა მზვერავებს, რომელთაც მემატიანე მსტოვრებს უწოდებს. "მსტოვარნი" თვალყურს ადევნებდნენ მტრის მოძრაობას და ყველაფერს დროულად აცნობებდნენ მეფეს. მსტოვარი ქვეყანაში მოთვალთვალის - ჯაშუშის მოვალეობასაც ასრულებდა. "მსტოვართა" ძლიერი ჯგუფი მეფემ მის "მაბრალობლებს" დაუპირისპირა.

დავით აღმაშენებელმა თავისი ლაშქარი სწრაფად მანევრირებადი გახადა. ეს უნარი საერთოდ მნიშვნელოვანი თვისებაა ჯარისა. ლაშქრის სწრაფი მოძრაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მეფემ გაუვალ მდინარეებზე ააგო ხიდები და "საწყინოდ სავალნი" გზებიც "ქვა-ფენილ ყვნა". ყოველივე ამან კი ხელი შეუწყო "სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სვლას".

დავით აღმაშენებელმა, როგორც ჩანს, შეცვალა საომარი ტაქტიკაც. საომარი ტაქტიკის შეცვლის შესახებ ჩვენ პირდაპირი ცნობები არ მოგვეპოვება (თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ორიოდე ცნობას, რომელიც ჯარის ფრონტზე განაწილებასა და დაწყობას ეხება). XII საუკუნის პირველ მეოთხედში, ე.ი. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს, საქართველოს ლაშქარს მიღებული ჰქონდა ბიზანტიური, ანუ რომის საომარი დაწყობა ჯარისა, ე.წ. მწკრივებრივი ტაქტიკა. ეს ტაქტიკა მოითხოვდა, რომ რამდენიმე რაზმი ორ მწკრივად დაწყობილიყო ჭადრაკის ფიგურების მსგავსად. ორივე მწკრივის რიცხვი თანასწორი უნდა ყოფილიყო. პირველი მწკრივი იერიშით მიდიოდა და თუ სიგრძეზე მტრის მოწინავე ჯარს აღემატებოდა, მაშინ ფრთებს შლიდა და მოეხვეოდა მოწინააღმდეგეს. მეორე მწკრივი პირველს შველოდა და ა.შ.

დავით აღმაშენებელს შეუცვლია ეს წესი: ორის მაგიერ სამი მწკრივი შემოუღია. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. პირველი - წინამძღოლი ჯარი იყო, მეორე ყოლბი ჯარი, ხოლო მესამე - მაშველი ჯარი. მაშველ მწკრივად ითვლებოდა როქის სპა, რომელსაც მეფე მეთაურობდა. დიდგორის ბრძოლაში ძალთა არათანაბარი დანაწილების შაბლონისაგან თავისუფალი "დიდი ტაქტიკური პრინციპის" გამოყენებით დავით აღმაშენებელმა სტრატეგიის სფეროში მკვეთრად გაზარდა მოულოდნელ დარტყმათა შესაძლებლობანი, ხოლო ტაქტიკაში საბრძოლო მოქმედების ფორმათა მრავალფეროვნება დაამკვიდრა. ეს სიახლე იქცა ქართული არმიის ხელში საომარი მოქმედების ინიციატივის გადასვლის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად.
დავით აღმაშენებელს კარგად ჰქონდა აწყობილი სამობილიზაციო სისტემა. მუდმივ მზადყოფნაში იყო სასიგნალო კოშკები, პირდაპირი და ესტაფეტის წესით მოქმედი "ჭენებითმავალნი", რომელთა საშუალებით წვევის წიგნები ან მეფის სიტყვიერი ბრძანება გადაეცემოდა. ქართული ჯარის ასე სწრაფი თავმოყრისა და პირდაპირი გალაშქრებისათვის მუდმივი მზადყოფნა, როგორც სტრატეგიული, ისე ტაქტიკური მასშტაბის დარტყმათა დასწრების დიად შესაძლებლობას ქმნიდა.

დავით აღმაშენებელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ლაშქრის ზურგის სამსახურსაც. როგორც ჩანს, ზურგის განკარგულებაში იყო ბევრი "ცხენი ბარგისა", ჯორი, აქლემი, ხარი და ბორბლიანი ტრანსპორტი, რითაც გადაიზიდებოდა როგორც ლაშქრის საკვები, ისე სხვადასხვა საჭურველი, სალაშქრო ტექნიკა და სხვ., აგრეთვე გამოიყენებოდა ალაფის წამოსაღებად და დაჭრილთა ტრანსპორტირებისათვის.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ დავით აღმაშენებელს ჰქონდა საჭირო საალყო ტექნიკა, სატყორცნი იარაღი, ბუნებრივია, ჰყავდა ამ ტექნიკას დაუფლებული პერსონალიც. სწორედ ტექნიკის გონივრულად გამოყენების შედეგი იყო ციხესიმაგრეთა "ადვილად და მოსწრაფედ" აღება. შინაგანი საოპერაციო მიმართულებების, ზურგისა და საომარი მოქმედების თეატრის გამართულობა დიდად უწყობდა ხელს დავით აღმაშენებლის ლაშქრის წარმატებებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით