მსოფლიოს გაშინაურებული მუსიკა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს გაშინაურებული მუსიკა

პირველად იყო სიტყვა...

მერე - სხვა ყველაფერი...

მერე კი "ადიო" - ჯგუფი, რომელმაც სრულიად გამიზნულად დაიწყო მუსიკის ენაზე თავისი ფესვების მოძიება, გათავისება.

"ადიოს" ისტორია რუსთაველის თეატრში დიდ მაესტროებთან, რობერტ სტურუასა და გია ყანჩელთან მუშაობის რამდენიმე გასაოცარ წელსაც მოიცავს. ეს წლები იყო შემოქმედებითი "კურთხევა" მათი მომავალში გასავლელი გზისთვის.

მერე იყო მსოფლიო მუსიკის სივრცეში ქართული აზროვნების გატანა და დამკვიდრება. ეს იყო და არის მთავარი ზეამოცანა, რომელსაც მაშინაც და ახლაც ემსახურებიან.

ჯგუფის ისტორია გერმანიაში, შავი ზღვისგან მოშორებით, 1993 წელს დაიწყო, სადაც ხუთი ქართველი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი "ადიო" ევროპელი მსმენელის დასაპყრობად გაემგზავრა.

იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება. ბევრი რამ იყო... მთავარი სირთულე კი წასვლის გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა, მაგრამ არანაკლებ რთული, მაგრამ იმედიანი, დაბრუნების გადაწყვეტილება იქნება... ოდესმე.

KvirisPalitra.Geჯგუფის ისტორიას (მომავალსაც) ორი ასპექტი აქვს. ერთი - გარეგანი, ვითომ ადვილად გასაგები; მეორე - შინაგანი, ჩასაფიქრებელი. პირველი იყო სამოქალაქო ომის შემდგომი საქართველო, დასავლეთში სწრაფად კარიერის გაკეთების ილუზია...

მეორე მიზეზი კი... ალბათ, "შინის" მუსიკის შექმნა, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით.

ევროპული კარიერა წარმატებული აღმოჩნდა, მუსიკა - გასაოცარი, მსმენელი - აღფრთოვანებული. რამდენიმე წლის შემდეგ ჯგუფი "ადიო" დაიშალა, ზაზა მიმინოშვილმა და ზურაბ გაგნიძემ კი ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ მამუკა ღაღანიძეც შეუერთდა. ამ მუსიკოსებს შექმნილი აქვთ მუსიკა თბილისის სახელმწიფო თეატრისთვის, სხვადასხვა ფილმისთვის, ტელევიზიისა და რადიოსათვის... ისინი მუსიკოსთა ელიტას წარმოადგენენ.

ჯგუფი, სახელწოდებით "შინ", საქართველოსგან მოშორებით ქმნის მუსიკას, რომელშიც ქართული პოლიფონია და რიტმიკა საოცრად ერწყმის ჯაზს, ფლამენკოსა და აღმოსავლურ მუსიკას. ჟღერადობა დახვეწილია, გამაოგნებელი, მოდური, იუმორით გაჯერებული და გასაოცრად აზარტული. "შინის" მუსიკალური დიალოგები უსაზღვრებოა, ყოველი მოსმენისას აუცილებლად აღმოაჩენთ ახალს, განსაკუთრებულს.

"შინის" რეპერტუარი დამოკიდებულია პროექტებზე, აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანია.

"ეგ არი" - დამყარებულია მთლიანად ქართულ ფოლკლორზე. ეს იყო ბუნებრივი დასაწყისი;

Bლაცკ შეა Fირე - პროექტი, რომელიც ეხება შავი ზღვის ხალხების მუსიკალური კულტურების ერთნაირობა-სხვადასხვაგვარობას;

"ეს არი" - ლატვიურ-ქართული პროექტი. ძალიან ჩრდილოურისა და ძალიან სამხრეთულის უცნაური შერწყმა;

Open world Project - პარადოქსული სინთეზი ლათინურამერიკულის, კერძოდ, არგენტინულის, ჩრდილოაფრიკულსა და კავკასიურ-ქართულთან.

კორსიკულ-ქართული - "შინისა" და ყველაზე ცნობილი კორსიკული გუნდის,  Filetta-ს ერთობლივი პროექტი. ძალიან იდუმალი და ამავე დროს, თითქოსდა უახლოესი ნათესაური კავშირი აღმოსავლურ-ქართულის კორსიკულ-სარდინიულთან....

"შინის" ყველა პროექტში უცვლელი რჩება მხოლოდ ჯგუფის მუსიკალური აქსიომა:

"შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს".

"შეიცან სამყარო და შეიცნობ, ვინ ხარ შენ".

"შინ" პროექტის - "ჩვენი ხმების საგანძურის" შესახებ:

- ქართული ჰანგი საოცარი და რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, სამყაროსთვის აუცილებელი ნაწილია. ამ ერთმა ციდა ქვეყანამ ის ღრმად შეიმეცნა და საოცარი რუდუნებით მოიტანა დღევანდლამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომლებიც ემსახურება დიდ საქმეს და იმის გარკვევაში გვეხმარება, თუ საიდან მოვდივართ, რანი ვართ და საით უნდა წავიდეთ.

"ბომონდი" "შინის" შესახებ:

"შინ" შინ თითქმის არასდროს არის, მაგრამ "შინმა" საკუთარი კულტურა, ისტორია, ფესვები მსოფლიოს გაუ-"შინ"-აურა...

"შინ"...

აურა...

ცეცხლი, რომელიც არ ქრება.

მზე, რომელიც მათშია და მათ გარშემო - შავი ზღვის ცეცხლოვანი მზე...

ეს მუსიკაა, რომელიც ფეთქავს. გრძნობს!

იგრძენი "შინ" შენში!

ახალმა პროექტმა სტარტი აიღო -

"ჩვენი ხმების საგანძური" -

პირველი დისკი შენთვის -

"შინ"...

"ბომონდი", აგვისტო, 2010