ჭანჭათის უცნობი სტელა
ჭანჭათის უცნობი სტელა
როგორც გურიის სოფელ ჭანჭათში ამბობენ, იმ აღმოჩენასავით მნიშვნელოვანი, როგორიც თავიანთ სოფელში იპოვეს, დიდი ხანია ქვეყანაში არაფერი ყოფილა. შეიძლება მართლებიც არიან - მონადირემ ზურიკო ჩიჩუამ ჭანჭათის გაუვალ ბორცვზე არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით ხუთი საუკუნით ადრე აღმართული სტელა აღმოაჩინა. სტელის დანახვით გაოცებულს ნადირობაზე აღარც უფიქრია, სოფელში გავარდა და ბიძას, რომან ჩიჩუას შეეხვეწა, ტყეში ადამიანის ქანდაკება ვიპოვე და აუცილებლად უნდა წამომყვე მის სანახავადო. ბატონმა რომანმა, ჭანჭათში ვარ გაზრდილი და დაბადებული,
არც მე და არც ჩემს მამა-პაპას მაგ ტყეში არასოდეს არაფერი გვინახავს და მაინცდამაინც შენ როგორ ნახეო! არადა, ბიჭი მართალი იყო.

რომან ჩიჩუა: - როდესაც ზურაბმა მითხრა, ქანდაკების სანახავად უნდა წამომყვეო, არ დავუჯერე. მთელი ჩემი ცხოვრება ჭანჭათთან არის დაკავშირებული, სულ მის მთებზე დავცოცავდი და როგორ დამეჯერებინა,
რომ რაღაც უნახავი დამრჩა! არადა, ბიჭი მართალი ყოფილა. სტელას დადგმიდან იმხელა დრო ყოფილა გასული, მაგ ადგილებს ტყე და მიწა დაფარავდა; მერე კი ისევ, ალბათ, დრო-ჟამმა გადარეცხა და სტელაც გამოაჩინა! მოკლედ, დავუძახე მეზობელს, ჩავსხედით მანქანაში და ასე ვიარეთ სამანქანო გზის დასასრულამდე, მერე კი ზურიკოს ნაჩვენებ გზას ფეხით გავუყევით. იქამდე ეკალბარდებით დაფარული საშიში 5-კილომეტრიანი გზაა და ნაგაზიც კი გავიყოლეთ, რომ მგელი არ დაგვსხმოდა თავს. მაგრამ ღირდა გავლად - იმ ეკალბარდში რომ სტელა დავინახე, კინაღამ დავმუნჯდი. მერე ეკლები გავკაფეთ და იქაურობა მოვასუფთავეთ. როგორ აღვწერო, რაც ამ უძველესი ქანდაკების შეხებისას დამემართა - თითქოს საუკუნეების წინანდელ წინაპარს წავადექი თავს! მაგრამ შეცდომაც მოგვივიდა - ხავსის შემოცლისას სტელას უეცრად თავი მოსძვრა, როგორც ჩანს, დრო-ჟამისაგან იყო გამოფიტული! მოკლედ, თავი ფრთხილად ავიღე, მანქანაში ჩავდე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორთან, პროფესორ ამირან კახიძესთან ჩავიტანე. ის ამის დანახვისას ფეხზე წამოხტა, წავიდეთ, ახლავე ვნახოთ, სავარაუდოდ, ეს ქრისტეს დაბადებამდეა დადგმულიო!

ასეთ ქვის სტელებს სწორედ მაშინ დგამდნენ. არადა, კოკისპირულად წვიმდა. რომ ვუთხარი, სტელა აჭარაში კი არა, გურიაშია-მეთქი, მითხრა, მაგის შესწავლა თბილისის ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნისო და ერთ-ერთ არქეოლოგს დაურეკა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფებოდა. შემდეგ ადგილობრივ ისტორიკოსს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის დირექტორ ნონა იმნაძეს დავუკავშირდი. გამაოცა მისმა შემართებამ, არ მეგონა სტელამდე მისასვლელ მძიმე გზას ქალი თუ გადალახავდა, მაგრამ მას დაღლა არ დასტყობია. მანაც ბატონი ამირანის ნათქვამი გაიმეორა, სავარაუდოდ, ქრისტემდელ ნაკეთობასთან გვაქვს საქმეო.

ჩვენ ქალბატონ ნონა იმნაძეს დავუკავშირდით:

- აჭარა-გურიის ქედის მონაკვეთზე, სადაც სტელა აღმოჩნდა, უძველეს დროში აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საქარავნე გზა გადიოდა. მოსახლეობა სწორედ ამ ქედის მიდამოებში ცხოვრობდა, ვინაიდან დაბლობები დაჭაობებული იყო. კლიმატის შეცვლის შემდეგ ხალხი დაბლობში ჩავიდა, საქარავნე გზაზე მდებარე ნასახლარები კი დრომ დაფარა. მერე კი, როგორც ჩანს, ეს ადგილები ისევ ჩამოირეცხა და სტელაც გამოჩნდა. ის უზარმაზარი ლოდის საგანგებოდ ამოჭრილ ნაპრალშია ჩადგმული. გამორიცხული არ არის, აქ ნასახლარები იყოს, რომელთა შესწავლა ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები