"საბჭოთა კავშირმა კი არ გამხადა პოპულარული, არამედ..." - როგორ აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე 80 წლის იუბილეს?
"საბჭოთა კავშირმა კი არ გამხადა პოპულარული, არამედ..." - როგორ აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე 80 წლის იუბილეს?
19 ივლისს ვახტანგ კიკაბიძე 80 წლის გახდა. ვულოცავთ ბატონ ბუბას იუბილეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ. აქვე შემოკლებით გთავაზობთ რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»  გამოქვეყნებულ მის ინტერვიუს:

მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი "მიმინო", მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს თავისი პოლიტიკური განცხადებებით გვაკვირვებს. მისმა კრიტიკამ საბჭოთა ღერბის მიმართ გამოხმაურებათა "ქარიშხალი" გამოიწვია, თუმცა, რასაკვირველია, როგორც ხდება ხოლმე, უსიამოვნო ამბები ჩაივლის და გულში მაინც სუფთა, გულწრფელი "ჩიტო-გვრიტო" და "წლები ჩემი სიმდიდრეა" რჩება, ვახტანგ
კიკაბიძის შესრულებით. და თვითონ ისიც - ნათელი ღიმილით.

ჩვენ ვახტანგ კონსტანტინოვიჩს 80 წლის იუბილეს წინ დავურეკეთ. პირველი კითხვა ტრადიციულია: სად და ვისთან ერთად ემზადება დაბადების დღის აღსანიშნავად.

- 19 ივლისს ჩვენ ვიწრო წრეში ვიკრიბებით, ნათესავებთან ერთად ბათუმში მდებარე ჩემს სახლში, მომდევნო დღეს კი, ალბათ, რესტორანში
წავალ და მეგობრებთან კარგად ჩავჯდები. ზაფხულს ბათუმში ვატარებ, სადაც 19 ივლისს ჩემი საიუბილეო კონცერტი ჩატარდება. მე ბევრი ახალი სიმღერა დავწერე. ერთი კვირის შემდეგ ბაქოში ჩავალ, სადაც სიმღერების ფესტივალი "ჟარა" უნდა გაიმართოს... შემდეგ ისევ ბათუმში. შემოდგომით თბილისში დავბრუნდები, ოქტომბერში კონცერტების ჩატარება მაქვს განზრახული, - ამბობს ვახტანგი. მის ხმას ხველა შეერია.

- ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, ხომ არ გაცივდით?
- არა, არა. იმიტომ ვახველებ, რომ 71 წელია ვეწევი.

- დროა თავი დაანებოთ...
- ექიმები ნებას არ მაძლევენ. ცხრა წლისა ვიყავი, თამბაქოს წევა რომ დავიწყე...

- რუსეთში ხომ არ გაქვთ კონცერტები დაგეგმილი?
- მე თქვენთან უკვე ცხრა წელია აღარ ვყოფილვარ (ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემდეგ - ავტ.). მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსი ხალხი და რუსული საზოგადოება აღარ მიყვარს. გადაეცით ჩემი მოკითხვა რუსეთის ყველა მცხოვრებს. მე მათ მიმართ დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი.

- თქვენს მოსკოველ მეგობრებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, მაქვს! გუშინწინ გიორგი დანელიას ვესაუბრე. იგი თავს ცუდად გრძნობს და, სამწუხაროდ, თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლია. რას ვიზამთ, ჩვენ უკვე ახალგაზრდები აღარ ვართ...

- კინოს თუ იღებთ?
- სცენარი მაქვს დაწერილი, სახელწოდებით, "დიაგნოზი - ქართველები"..

- რას ნიშნავს ასეთი დიაგნოზი?
- სამედიცინო დიაგნოზია. მე დამისვეს. მე ხომ ქართველი ვარ (იცინის). ჯერ კიდევ 80-იან წლებში გადავიღე ორი ფილმი საკუთარი სცენარით: პირველი - კომედია "იცოცხლე, გენაცვალე!" (ოთხი ნოველისაგან შედგება) და მეორე - "მამაკაცები და სხვები" (შედგება ათი ნოველისაგან ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე). ამჟამად კი ჯერ ვერ გადამიწყვეტია, ვინ იქნება რეჟისორი და რომელი მსახიობები იქნებიან მიწვეულნი გადასაღებად.

- თქვენ ბოლო დროს ხამურიან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ...
- კარგით, რა... აბა, რა განცხადებებს ვაკეთებ?! ვთქვი, რომ საბჭოთა ღერბი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ ამას მე ადრეც ვამბობდი. მე ესთეტიკა მიყვარს. მომწონს კარგი მხატვრები. როცა მხატვარი რაღაცას ხატავს, ეს ჭკვიანურად და ლამაზად უნდა იყოს გამოხატული. ჩემი აზრით, საბჭოთა ღერბი - ჩაქუჩ-ნამგალი დედამიწის ფონზე, ირგვლივ თავთავების კონით შემოვლებული, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ მოჩანს. აი, მხოლოდ ეს ვთქვი და ამის გამო მეცნენ...

- საბჭოთა პერიოდის ყველა ღერბი ხომ ერთმანეთს ჰგავდა? განსხვავება, ვთქვათ, საქართველოს სსრ-ის ღერბში ის იყო, რომ ჩაქუჩ-ნამგალი დათოვლილი მთების ფონზე ჩანდა...
- ჰოდა, მეც ეგ ვთქვი. მე საბჭოური სიმბოლიკა ესთეტიკური თვალსაზრისით არ მომწონს. ჩემი ინტერვიუს შემდეგ ("დოიჩე ველე", 20 ივნისი) ჟურნალისტებმა დამირეკეს და მეუბნებიან: "ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, რატომ ლანძღავთ საბჭოთა კავშირს? თქვენ ხომ საჭოთა პერიოდში გახდით პოპულარული". მე მათ ვუპასუხე: "მე საბჭოთა კავშირმა კი არ გამხადა პოპულარული, არამედ მე თვითონ გავხდი-მეთქი". თუ მაყურებელს და მსმენელს ჩემს კონცერტზე მოსვლა არ სურს, მას ძალით ვერ მოიყვან.

- სხვა დრო რომ იყოს, თქვენ დისიდენტად მოგნათლავდნენ...
- რომელი დისიდენტი მე ვარ? მე რუსეთი ძალიან მიყვარს. ჟურნალისტებს რაც უნდათ, იმას წერენ. მათ ღერბთან დაკავშირებული ისტორია, უბრალოდ, გაბერეს. ძალიან ულამაზო და მოუხერხებელი სკანდალი გამოვიდა. ამას წინათ თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგა ჟურნალისტმა მე ისეთი ფრაზა მომაწერა, რომელიც მე კი არა, სხვა ცუდმა კაცმა შეთხზა. რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი რომ გარდაიცვალა, სადღაც ასეთი რამ გამოაქვეყნეს: "რა უნდოდა კიკაბიძეს გოვორუხინისაგან?". დაუმთავრებელი ფრაზაა, მაგრამ ქვეტექსტი ასეთია: ვახტანგ კიკაბიძე სტანისლავ გოვორუხინს იმიტომ აკრიტიკებდა, რომ რეჟისორი რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილიო. არადა, ეს ასე არ იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე იგი არასოდეს გამილანძღავს, პირიქით, ვმეგობრობდით. მან თავისი სურათიც კი გამომიგზავნა, რომელიც სახლში, კედელზე ჩამოვკიდე.

- საქართველოში როგორ აღიქმება თქვენი განცხადებები?
- მე არ მაინტერესებს, საქართველოში ვის როგორ ესმის ჩემი ნათქვამი, ვინ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს. მე ჩემი პირადი ცხოვრებით ვცხოვრობ. დავდივარ სათევზაოდ. ამას წინათ ყვარლის ტბაში შვიდკილოგრამნახევრიანი თეთრი ამური დავიჭირე. აუცილებლად დაწერეთ წონა. მეთევზისათვის წონის სიზუსტეს ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც აფთიაქში წამლის დოზას.

- ოჰო... ასეთი დიდი თევზი ანკესით?
- საინტერესოა არა მარტო თევზის წონა, არამედ სატყუარაც: თევზი თუთით დავიჭირე.

- თუთის ნაყოფით?
- დიახ, მართალი ბრძანდებით. ტბის პირას თუთის ხე დგას, რომელიც შავ ნაყოფს ისხამს. მწიფობის სეზონში ნაყოფი ტბაში ცვივა, თევზი მას ჭამს. მიეჩვია. ადგილობრივმა მეთევზეებმა ეს იციან. მაგრამ თუთის ნემსკავზე წამოცმასაც ცოდნა უნდა, ეს ცოტა ძნელი საქმეა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

გიორგი
20 ივლისი 2018 14:40
78 სიჩქარით მბრუნავ თხელ ფირფიტაზე ჩაწერილი მეფაიტონე 70-ანი წლების ჰიტი, ხოლო ბუბა კიკაბიძე ჩვენი კუმირი იყო. გილოცავთ ბატონო ბუბა იუბილეს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ. ძალიან გვიყვარხართ.
იასონი
20 ივლისი 2018 14:37
იუბილარს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ. დიდხანს ამშვენებდეს ქართული ესტრადას მისი თავისებური ხმით! დაუვიწყარია ანსამბლი ო რ ე რ ა!
ლიანა
20 ივლისი 2018 11:58
ბუბა კიკაბიძეზე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანზე საუბარი, თითქოს მათი პოპულარობა რომელიღაც წყობის, ან ქვეყნის დამსახურებააო, სრული აბსურდია. იგივე "ლოგიკით" ყველაფერი შეიძლება გააუფასურო. მაგალითად: ფეხბურთი რომ არ გამოეგონათ, მარადონა(ან სხვა) ცნობილი ვერ გახდებოდა, ან შექსპირს ინგლისში რომ არ ეცხოვრა, ვერაფერს შექმნიდა და ა.შ. მოკლედ, ეს ადამიანი იმ სახელმწიფოში და ეპოქაში ცხოვრობდა და მიაღწია იმას, რასაც მიაღწია. ბრიტანეთში, ან იაპონიაში შეიძლება მეტისთვის მიეღწია, ან პირიქით. ამის განხილვა უაზრობაა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებას, ვაკრიტიკებ, რადგან "ნეცების" მხარდამჭერი იყო(შესაძლოა ახლაც არის). ოკუპანტ ქვეყანას რომ არ ელაქუცება, ესეც სწორი საქციელია. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები