ფერადი კენჭებით შექმნილი სამყარო - კვირის პალიტრა

ფერადი კენჭებით შექმნილი სამყარო

ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ზღვის სანაპიროზე, ტბისა თუ მდინარის პირას არაფერი შეედრება, მით უფრო მაშინ, როცა სასიამოვნოდ გატარებული დღეები არათუ დაუვიწყარ მოგონებად, ხელოვნების ნიმუშადაც კი შეიძლება აქციო. როგორ? შეაგროვეთ ფერადი კენჭები და ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს წერილი. ამ შედევრების ავტორი იტალიელი მსახიობი სტეფანო ფურლანია, რომელიც ზღვისპირა ქალაქში გაიზარდა და ბავშვობიდან ნაირფერი ქვების შეგროვებით იყო გატაცებული. ერთ მშვენიერ დღეს ქვის უცნაური ფიგურებით ზღაპრული სურათების აწყობას შეუდგა. ბავშვური გატაცების კვალდაკვალ სტეფანოს ნელ-ნელა დაუგროვდა ნამდვილი ხელოვნების ქმნილებები.

მისი ფერწერა ძალიან ბუნებრივი და ცოცხალია, მას ხომ თვით ბუნება ეხმარება ფერებით წერაში, მის მხატვრობას ხომ ქვაში არეკლილი ოთხი სტიქია აძლევს იდუმალ ფორმასა და ელფერს. მისი საღებავი ზღვის ტალღებია, ხოლო ფუნჯი მზის შუქი, რომელიც ქვებს ეტყობა. განსაკუთრებით ემოციურია ის დინამიკური სურათები, სადაც ქვის ფიგურებისგან შექმნილი ადამიანები მოძრაობენ, მღერიან, ცეკვავენ, სეირნობენ. სტეფანოს შვილმაც მიჰბაძა და მამა-შვილი ერთად ქმნის ორიგინალურ ფერწერას, შემდეგ კი უსასყიდლოდ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, რათა სხვებმაც მიიღონ ის სითბო და ემოცია, რაც ამ "ტილოებიდან" იღვრება.

მოამზადა კახა მჭედლიშვილმა