ფერადი სახლის პატარა დიასახლისი
23-07-2018
ფერადი სახლის პატარა დიასახლისი
"ამდენი სტრესის გამო, ჩვენ რომ გვჭირს, ერთი კარგი ამბის დაწერა­ მომინდა... ახლა ბახმაროში ვარ, ვსუნთქავ ოდების სუნით გაჟღენთილ სიგრილეს და სიამოვნებით შევცქერი საღებავებით მოთხუპნილ 18 წლის მარიამ ეჯიბიას, რომელიც აქვე ახლოს, ბაბუის ბაბუის დანატოვარი უძველესი ოდის მოხატვას ასრულებს. უფრო სწორად, არტკაფესი! ამ დღეებში მან თავის არტკაფეში მსოფლიოს 27 ქვეყნის კარიკატურისტის ნახატები უნდა გამოფინოს!…შარშან მარიამმა ჯერ ოდა მოხატა­, მერე ძველი ნივთები შეზიდა და ქართველი მხატვრების ის არაჩვეულებრივი ნახატები გამოფინა, რომლებიც ამერიკაში,
მანჰეტენზე იყო გამოფენილი. მას შემდეგ ამ ფერად სახლს სტუმარი არ მოჰკლებია, მე კი მათი ხმაურით რაღაცნაირი სიმშვიდე მეუფლება: - ჩვენ კარგი ახალგაზრდობა გვეზრდება და მომავლის არ უნდა გვეშინოდეს.
თამარ შარაშენიძე~

ქალბატონი თამარის წერილი სიამოვნებით გა
დავიკითხე და ბახმაროშიც სიამოვნებით ავედი - როგორც მარიამი, მეც გურიიდან გახლავართ და უკეთესი წასასვლელი არსად მეგულება. მარიამი არტკაფეს წინ, ძველებურ რკინის საწოლზე იჯდა (ისე ირწევა, ჩამოჯდომაზეც კი რიგი დგებაო, მითხრა!) და ფურცლებს ჩასჩერებოდა.
- საუკუნეზე მეტია, რაც ბახმარო არსებობს და პირველი კულტურული დაწესებულების გახსნამ შენ მოგიწია... წლები რომ გავა, შენს შვილებს ამას ხომ მოუყვები?
- აბა, რას ვიზამ, ოღონდ ამ ოდის მოწყობაში დედა ძალიან დამეხმარა. ბახმა­როში ყოველთვის დავდიოდი და სულ ერთი განცდა მქონდა, აქ რატომ არაფერია ისეთი, რომ გავერთო-მეთქი. ახალი სახლებიც აშენდა, მაგრამ ისეთი ადგილი არსად იყო, კარგი მუსიკა მოგვესმინა და დაგვესვენა. ჰოდა, რომ გავიზარდე, დედას ვუთხარი, მოდი, ჩვენი სახლი მოვხატოთ, ნახატები გამოვფინოთ, ღონისძიებები ჩავატაროთ­ და სტუმრებსაც გავუმასპინძლდეთ-მეთქი. დღეს…ბახმაროს შესახებ ყველამ იცის, უცხოელებიც ბევრი მოდიან. არტკაფეში კი ყველაფრით გამასპინძლება­ შეიძლება, მით უფრო, რომ ხაჭაპურის ცხობა თავადაც მშვენივრად ვიცი. მგონი, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა, გახსნის დღიდან სტუმარი არ მომკლებია. თავიდან მიმტანიც მე ვიყავი და სტუმრები რომ მოდიოდნენ, მეშინოდა, ვაითუ, გამასპინძლება ვერ მომესწრო, Mმაგრამ შიში მალე გადავლახე... ჩემი სტუმრები მუსიკას უსმენენ, ნახატებს ათვალიერებენ და კარგ ხასიათზე დგებიან. მუსიკოსებიც ამოდიან და უკრავენ.

- 27 ქვეყნის კარიკატურისტის დაყოლიება როგორ მოახერხე?
- მე და ჩვენმა კარიკატურისტმა მეგობარმა ეს შევძელით. წელს არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაბარებ, ხატვას ათი წელიწადი ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში, ასე რომ, ხატვის სიყვარული არტკაფეს გახსნაში ძალიან დამეხმარა. მიხარია, რომ ადამიანებს ჩემთან ერთად უხარიათ.

რედაქტორის რჩევით