"საბჭოთა ხელისუფლებამ თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი­ მოსახლეობა აყარა.…" - კვირის პალიტრა

"საბჭოთა ხელისუფლებამ თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი­ მოსახლეობა აყარა.…"

საჩხერის მუნიციპალიტეტში თსუ-ის ექსპედიციის მონაწილეები 50-მდე ნასოფლარს წააწყდნენ... ექსპედიცია დაიწყო ერთი პატარა პროექტით, რომელიც თსუ-ის გეოგრაფმა სტუდენტებმა "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების კვლევას" მიუძღვნეს. პროექტის რეკომენდატორი ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილია.

გიორგი დვალაშვილი: - წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, მრავალი წელია საჩხერის მუნიციპალიტეტსაც ვიკვლევ, მეგონა, ვიცნობდი, მაგრამ მე და ჩემი სტუდენტები აქ ისეთ მიგრაციის კვალსა და ობიექტებს წავაწყდით, შეგვძრა: ჩვენ წინ 50-მდე ნასოფლარია გადაშლილი, საიდანაც მხოლოდ 60 წელიწადი გვაშორებს. აქ 54 მოქმედი სოფელია, 50 გაუდაბურებულ სოფელს კი დღეს სტატუსი აღარ აქვს.

- ამდენი ნასოფლარი ერთბაშად რატომ გაჩნდა და თანაც, მშვიდობიან პერიოდში? - 1948-52 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეთნობალანსის შეცვლის მიზნით მორიგი გადასახლება გადაწყვიტა საზღვრისპირა რეგიონებში (ადიგენში, მარნეულში, ლაგოდეხსა და სოხუმში). ამჯერად თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი მოსახლეობა აყარა.…ეს, ერთი მხრივ, გონივრული გადაწყვეტილება ტრაგედიად იქცა -…ადამიანებს აყვავებული კარ-მიდამოები დაატოვებინეს... მოგვიანებით რამდენიმე სოფელში (ჩონთო, ეთო, ეხვევი, უზუნთა, დურევი) ხალხი თავის ფუძეს დაუბრუნდა, მაგრამ ვინაიდან ეს ადგილები რუკაზე ამოშლილი იყო, უკან დაბრუნებულები მეზობელ მოქმედ სოფლებს მიაწერეს... აქაურობა ხელუხლებელ ედემს ჰგავს არა მხოლოდ სილამაზით, ზომიერი კლიმატითაც: თბილისში რომ +40 გრადუსი დავტოვე, ძირულას ხეობაში +28 გრადუსზე მეტი არ იყო. ამ 50 აყრილი სოფლიდან უკვე ნასახლარებიც აღარ არის შემორჩენილი, ჩანს მხოლოდ ყორეების ნაწილი და მოჩუხჩუხე წყაროები, რომელთა სახელები მოქმედი მეზობელი სოფლების მოსახლეობას კვლავ ახსოვს (მაგალითად, დავითის ან ღვთისმშობლის წყარო)…და კიდევ ალაგ-ალაგ დაბურული კორომები, სადაც ნაეკლესიარი ადგილებია. ეს კორომები ასე ხელშეუხებლად იმიტომაც შრიალებს, რომ წმინდა ადგილზე ამოსულ ხეს მოსაჭრელად ხელს არავინ ახლებს. ამ ადგილებში XVII საუკუნეში ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო და როგორც ჩანს, გაპობილი გალავნები სწორედ იმდროინდელია, შემდგომში კი უკვე 1991 წლის მიწისძვრაც ჩამოანგრევდა და ცხადია, მათ აღსადგენად არავინ გარჯილა. ერთ-ერთი ეკლესია, რომლის აღდგენა საბედნიეროდ მიმდინარეობს, შუა საუკუნეების ურუნას ეკლესიაა... ძირულას ხეობაში, სოფელ ღოდორას მახლობლად, აქედან წასულების შთამომავლები ვარდობის დღესასწაულზე ამოდიან. ვარდობა პეტრე-პავლობის…მარხვის დასაწყისში აღინიშნება. სოფლების სახელები, რომლებიც სუფთა ქართულია, საუკუნოვან კვალზე მეტყველებს. მაგალითად, დამწვარა, ქვაყუნთია, ჭაბუკმთა, საკანაპურა, დედაბერა, საბანყური... ტოპონიმიკა ერის ისტორიის განძია, შესაძლოა მტერმა ან ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ყველაფერი წაშალოს, მაგრამ ტოპონიმიკა რჩება და ის ღაღადებს, მიწა სინამდვილეში ვისია. ამ დაცარიელებული სოფლების ტოპონიმიკა უნდა გადავარჩინოთ, ამისთვის კი კვლევაა აუცილებელი. უძველესი ნასაყდრალებიც საკვლევია, არქეოლოგებმა შესაძლოა მეცნიერულ აღმოჩენებს დაუდონ სათავე.

- ტურიზმს რა პერსპექტივები აქვს აქ? - იშვიათად მეგულება მსგავსი სილამაზის ადგილები. მთავარია, შევისწავლოთ და მომავალში მაინც გამოვიყენოთ.

მოამზადა ეთერ ერაძემ