"რა გვეკინოებაო, უკვე მერამდენე მთავრობისგან გვესმის" - კვირის პალიტრა

"რა გვეკინოებაო, უკვე მერამდენე მთავრობისგან გვესმის"

"ლაზარეს თავგადასავლის" გადაღება რეჟისორმა ქართლოს ხოტივარმა 1970 წელს დაიწყო. ამ დროს ჩვენი რესპონდენტი ბუბა ხოტივარი ფილმის მეორე რეჟისორად მუშაობდა. დაახლოებით 30% იყო გადაღებული, როდესაც ბატონი ბუბა დამოუკიდებლად შეუდგა ფილმის სრულყოფას, უკვე როგორც დამდგმელი რეჟისორი. მართალია, "ლაზარეს თავგადასავალი" რამდენიმე ათეული წლის წინ არის გადაღებული, მაგრამ ფილმი დღესაც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

ბუბა ხოტივარი: - ბევრი ფილმი მაქვს გადაღებული, მაგრამ ყველაზე ადვილი და ყველაზე ძნელი იყო "ლაზარეს თავგადასავალზე" მუშაობა. ძნელი იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული თემაა ფილმში განხილული, ადვილი კი იმიტომ, რომ ჩემ გვერდით დიდი პროფესიონალები ი-დგნენ, რომელთაც გამიადვილეს მუშაობა. ფილმში 4 ნოველაა, პირველი 2-ის ნაწილი ჩემმა ძმამ გადაიღო, მე-3 და მე-4 კი - მე.

რაც უნდა ნიჭიერი მსახიობები, კარგი სცენარი, ბევრი ფული გქონდეს, როგორი შემოქმედებითი ძალაც აქვს რეჟისორს, ისეთი ფილმი გამოუვა. ამიტომ მე ვერ მივიწერ პირველი ნახევრის შემოქმედებით ხარისხს, ეს ჩემი ძმის დამსახურება იყო, უბრალოდ, მე ნაკლებად გავაფუჭე იმით, რაც შემდგომ იქნა გადაღებული.

- მსახიობებზე რას გაიხსენებთ?

- ავთანდილ მახარაძეს თავიდან შახტიკოტე უნდა განესახიერებინა. წაიღო შინ სცენარი და მეორე დილას ცხვირჩამოშვებული მოვიდა. რა მოგივიდაო, ქართლოსმა. შახტიკოტე კარგი როლია, მაგრამ იქნებ ბრმა მათამაშოთო. ბრმის როლზე სპარტაკ ბაღაშვილი მოიაზრებოდა, რამდენიმე რეპეტიცია გაიარა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ავთო დავამტკიცეთ. ამ როლზე მუშაობისას მან გარდასახვაზე უარი თქვა, უბრალოდ უსინათლო გახდა და მორჩა! ეს 28 წლის კაცი დაბერდა, გამათხოვრდა და სრულიად გულწრფელად ესაუბრებოდა არა გეგა კობახიძეს, არამედ ლაზარეს.

- გეგა კობახიძე შემთხვევით გიპოვიათ. - გეგა ჩვენი მეგობრების, ნათელა მაჭავარიანისა და მიშა კობახიძის შვილი გახლდათ. ძალიან მოგვწონდა ამ როლისთვის გიორგი კარბელაშვილიც, დღეს რომ პოლიტსახედ იცნობს უმრავლესობა. ბევრი გავსინჯეთ, მაგრამ გეგაზე იმიტომ შევჩერდით, რომ ძალიან სხარტი იყო. ისეთი თვალები ჰქონდა... თან თავისი სამუშაოს მიმართ არაბავშვური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ინტუიციით ხვდებოდა რა სჭირდებოდა ლაზარეს სახეს. თვითონ ხომ იყო სულში რაღაც ფარული საიდუმლოს მატარებელი, მის ლაზარესაც ამ თვისებებით ავსებდა. დარწმუნებული ვარ, რომ დასცლოდა, დღეს გეგას სახით უდიდესი მსახიობი გვეყოლებოდა, გიორგი შავგულიძის დონის ტალანტი ჰქონდა, რობერტ დე ნიროს დონის.

საოცარი იყო კახი კავსაძე, ვასო ჩხეიძე, ჯემალ ღაღანიძე... თუ ვინმე არ არის ცხოვრებაში შახტიკოტე, ეს ჯემალ ღაღანიძეა. მას ყველა თვისება მედუქნეების საპირისპირო აქვს, მაგრამ ასეთია მსახიობის ბედი, იძულებული ხარ, სულ სხვა ხასიათი განასახიერო და ჯემალმაც ითამაშა ისე, ძნელია დაჯერება, რომ ეს თავიდან ბოლომდე გარდასახვაა.

მახსოვს, შახტიკოტესა და ლაზარეს ჩხუბის სცენა არ გამოდიოდა: ჯემალი ვერაფრით ვერ სცემდა პატარა გეგას ისე, როგორც მოითხოვდა ეპიზოდი. რამდენს ვთხოვდით მეც, გეგაც - არა და მორჩა! თავს იმართლებდა: მე კი მინდა, მაგრამ ხელი არ მემორჩილებაო. გეგა უმტკიცებდა, არ მტკივა, ჯემალ ბიძია, უფრო მაგრად დამარტყით, ასეა საჭირო, თუ მაგარი დარტყმები არ აიტანა, რისი ვაჟკაცი იქნება ლაზარეო. იმდენი ვთხოვეთ, ბოლოს ჯემალი იძულებული გახდა, მაგრად ეცემა. გეგა სიმწრით ითმენდა და ნაღდი ჩხუბი გამოვიდა...

დიაკვანს კახი კავსაძე ასახიერებს. წამში შეუძლია სხვა კაცად გადაქცევა. მასთან მუშაობა სიხარულია! დიაკვნის ამ გარეგნულად თითქოს მსუბუქ სახეში კახიმ ჩააქსოვა დაფარული თვისებები - ცინიზმი, ურწმუნოება, მღვდლის მიმართ სიძულვილი, კარიერიზმი. გადაღებისას თქვა კიდეც, ფუი, რა საზიზღარ ვიღაცას ვთამაშობო.

- ფილმის გამოსვლას რა რეაქცია მოჰყვა? - კინოს სახლში რამდენიმე ჩვენება გაიმართა. მახსოვს, მიშა კობახიძე ძალიან ნერვიულობდა, სამივე სეანსს დაესწრო და აღფრთოვანდა გეგას თამაშით. ისეთი ბედნიერი მიშა კობახიძე არ მახსოვს.

- რომ არა 1983 წელს "თვითმფრინავის ბიჭების" ამბავი, კიდევ ერთ შესანიშნავ ფილმში იგეგმებოდა გეგა კობახიძისა და ავთო მახარაძის დუეტი - "მონანიებას" ვგულისხმობ. - თავისუფლებისმოყვარე ბიჭი იყო. არ უყვარდა დიქტატი. იყო ნაკითხი, წესიერი, ძალიან კარგი ადამიანი. საწყენია, რომ ასეთი ბიჭი დავკარგეთ.

- იმ მძიმე წუთებსა და წლებშიც თქვენ გეგას მშობლების გვერდში იყავით... - ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ. ეს იყო ჩემი ერთადერთი მორალური დახმარება. ჩვენი გვერდში დგომა იმაში გამოიხატა, რომ როდესაც ადვოკატმა თქვა, შევაგროვოთ შეწყალების პეტიციაო, მე და ნოდარ რჩეულიშვილმა ხელმოწერების შესაგროვებლად მთელი საქართველო მოვიარეთ.

მაშინ ისეთი სისტემა იყო, თუ ისეთ ვინმეს ექომაგებოდი, ვისაც დამნაშავედ მიიჩნევდნენ, შეიძლება აქეთ დაეჭირე, მაგრამ ჩვენ წავედით ამაზე, იმდენად დიდი იყო სურვილი, იქნებ არ გამოეტანათ ის საშინელი განაჩენი. სხვათა შორის, ვინც ამის გამო გვისაყვედურა, ისინიც აფასებდნენ ჩვენს თავდადებას. ამას მათ გამოხედვაში ვკითხულობდი.

- დღეს რა მდგომარეობაშია ქართული კინო? - ძალიან ძვირი გვიჯდებაო და ტელეფილმების სტუდია დახურეს. არასწორი შეხედულებაა, რომ კინომ ფული უნდა მოიტანოს. კინომ ხელოვნება უნდა მოიტანოს და შემოქმედება. ქართულ კინოს იმაზე ბევრად მეტი მოჰქონდა, ვიდრე ფულია. რა დარჩა მე-20 საუკუნის საქართველოსგან? - კინო. როგორი იყვნენ მაშინდელი ქართველები, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ აზროვნებდნენ, არაფერი ისე არ აჩვენებს, როგორც კინო. ვერავითარი ეკონომიკითა და დიდი შემოსავლით ვერ შეიძენ კულტურას, პირიქით, დოვლათმა უნდა შექმნას კულტურა. რა გვეკინოებაო, უკვე მერამდენე მთავრობისგან გვესმის.

"ლაზარეს თავგადასავალი" საბავშვო ფილმად იყო ჩაშვებული წარმოებაში. ბოლშევიკებსაც კი ესმოდათ, რომ საბავშვო ფილმები საჭიროა. დღეს კი რა ხდება

- წლების განმავლობაში ვერ მივაღწიეთ განათლების, ეკონომიკის თუ კულტურის მინისტრებთან შეხვედრების შედეგად, რომ ერთი 10-წუთიანი მულტფილმი დაგვიფინანსონ წელიწადში. ბავშვები ძალადობის ამსახველ მულტფილმებზე იზრდებიან. წელიწადში ერთხელ მაინც გადავიღოთ ვაჟას ან თუნდაც ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით ანიმაციები. მოგისმენენ, კი, როგორ არაო, გეფერებიან და მერე არაფერი...

ეკა სალაღაია