ინტერიერი თეთრი ფინჯნებით - კვირის პალიტრა

ინტერიერი თეთრი ფინჯნებით

"სიმართლეს პირდაპირ არასოდეს არავის ვაჯახებ. ვისაც დააინტერესებს, ჩემს ნახატებს დააკვირდება და იპოვის კიდეც პასუხს"

თოვლივით ქათქათა ფაიფურის ფინჯანში ჩაი დაასხა... ფინჯანი იყო უპრეტენზიო, სრულიად უმტვერო, თეთრი. რაკი თვალი მომტაცა, მასპინძელს გულღიად გაეღიმა:

- თეთრი სერვიზი საგანგებოდ ავარჩიე, იმიტომ, რომ ამ გარემოში ჭრელი ჭურჭელი აუტანელი იქნებოდა, ისედაც იმდენი ფერია... მართალია, "ისედაც იმდენი ფერია", და განა მარტო ფერი - იმდენი ცხოვრებაა კედლებზე, იმდენი ფიქრი და ადამიანი...

ჩემ წინ მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ზის. ქათქათა ფინჯანში ჩასხმულ ჩაის მთავაზობს და საოცრად გაწონასწორებული, სასიამოვნო ხმის ტემბრით მიამბობს გამოფენებზე, რომლებიც უკვე შედგა და ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მალე მოეწყობა; ადამიანებზე, რომლებიც უყვარს, ცხოველებზე, მცენარეებზე... მოკლედ, იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია.

რუსუდან ფეტვიაშვილს, რომელიც, ბავშვობიდან აოცებს ნიჭიერებით ყველას, სრულიად არა აქვს განსაკუთრებულობის შეგრძნება. ყველაფერს ისე ჩვეულებრივად იღებს, თითქოს ყოველ მეორეს უწყობენ გამოფენებს ევროპის საუკეთესო გალერეებში. ამიტომაცაა, იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზეც კი, დღეს მთელი საქართველო სიხარულით რომ უნდა ლაპარაკობდეს, ხმას არც თვითონ იღებს და, შესაბამისად,  სხვამაც არაფერი იცის.

საშველს არ ვაძლევ. პარიზზე ვეკითხები. ისე მპასუხობს, ვითომ სულ არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ საფრანგეთის დედაქალაქში სულ მალე მისი ნახატების გალერეა გაიხსნება. ეს მაშინ, როცა კრიზისის გამო საფრანგეთში ორასი გალერეა დაიხურა!

KvirisPalitra.Geბერლინში რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების გამოფენა მიმდინარეობდა, მხატვარი გახსნას დაესწრო, რამდენიმე დღეში კი სამშობლოში დაბრუნდა. ბერლინიდან დაურეკეს,  რომელიღაც დამთვალიერებელს უთხოვია, მინდა მხატვარს დავუკავშირდე, საინტერესო წინადადება შევთავაზოო. ხელმეორედ მოუხდა ბერლინში ჩასვლა.

ადამიანი, რომელიც მოხიბლული იყო რუსუდანის შემოქმედებით, საოცარ წინადადებას სთავაზობდა, - ის მზად იყო, რუსუდანისათვის სახელოსნო და გალერეა შეეთავაზებინა პარიზში, სენტ-ლუში. დღეს რუსუდან ფეტვიაშვილს სახელოსნო აქვს პარიზში. შეუძლია იქ მუშაობა, სტუმრების მიღება, პირველ სართულზე კი გალერეაა, ისიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა... ეს უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყველა აღიარებს, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო კულტურაში.

- ჩემი ნახატი დამთვალიერებელზე ზეწოლას არ ახდენს, რადგან მის შიგნით ხდება ყველაფერი. იქ ირკვევა ყველა ურთიერთობა. ამ ფიგურებს საქმე აქვთ ერთმანეთთან და არა დამთვალიერებელთან. როცა ვხატავ, ის გადამაქვს ფურცელზე თუ აბრეშუმზე, რაც მაინტერესებს, ან რაც ხდება დღევანდელ დღეს.

სიმართლეს პირდაპირ არასოდეს არავის ვაჯახებ. ვისაც დააინტერესებს, დააკვირდება და იპოვის კიდეც პასუხს. 2008 წლის ომის თემა რამდენიმე ნამუშევარშია გატარებული, თუმცა დამთვალიერებელი შეიძლება ერთი შეხედვით ვერც მიხვდეს, რომ აქ ომის თემაა.

რუსუდანის სიტყვები მენიშნა. თურმე როგორ ჰგვანან თქვენი ნახატები! ზეწოლას არავისზე ახდენენ, სათქმელს მჭახედ არასოდეს ამბობენ, გამარჯვებას ტრიუმფალურად არ ზეიმობენ, სევდიანი თვალებით უყურებენ სამყაროს და გეოგრაფიულად თუ მენტალურად საზღვრებს არ ცნობენ. თუ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ნახატები საქართველოში შეიქმნა?

- ეგ უმნიშვნელოვანესია. მშვიდად უნდა შეხედო და დაინახავ, რომ ყველაზე მგრძნობიარე და სათუთი ქვეყანა გვაქვს. სწორედ ამისი განცდა განსაზღვრავს ბევრს ხელოვნებაშიც...

...დაჰკვირვებიხართ, როგორ ქალებს ხატავს რუსუდან ფეტვიაშვილი? როგორ აცვიათ გრძელი, სადედოფლო კაბები; თავზე უცხო საბურველი ახურავთ, ზოგჯერ მათში უცნაური ფრინველი შეიძლება ამოიცნო, გულისპირზე კი დიდი პეპლები ახვევიათ. მოკლედ, შეიძლება არც ერთი იყოს ჩიტი და არც მეორე - პეპელა. რუსუდანისათვის ცოცხალი არსებების ერთიანობა სულ სხვაგვარად აიხსნება.

- ჩიტი არ მყოლია, იმიტომ, რომ მან უნდა იფრინოს. ძალიან მეცოდება გალიაში. სამაგიეროდ, პატარები რომ ვიყავით, გვყავდა ნაირ-ნაირი ცხოველები. ერთხელ ჩოჩორიც კი ჩამოგვიყვანა კიკეთიდან ახლობელმა. ზღვის გოჭებიც მყავდა, ძალიან მიყვარდა მათი ყურება, მაგრამ დედამ დამარწმუნა, რომ სჯობდა, გამეშვა... ერთხელ ძაღლი მოგვისვეს, ავადმყოფი თვალები ჰქონდა... მამამ წაიყვანა ვეტექიმთან, ვუმკურნალეთ და როცა გამოჯანმრთელდა და გახალისდა, მერე გაქრა... ალბათ, პატრონმა წაიყვანა.

KvirisPalitra.Geვუსმენ და ვხვდები, რას ნიშნავს ცოცხალი არსება რუსუდანისათვის. ოღონდ არ იფიქროთ, ცოცხალი მარტო ის არის, ვინც ფეთქავს, დადის, დაბობღავს და დაფრინავს... ცოცხალია კენჭიც, მიწაც, კლდეც...

- ერთხელ ისრაელში ვიყავი. გადავწყვიტე, ყველა ადგილიდან პატარა სამახსოვრო ჩამომეტანა მეგობრებისათვის. უამრავი სუვენირი, ხატი იყიდებოდა და შევიძინე, მაგრამ მომეჩვენა, რომ წმინდა ადგილიდან აღებული პატარა კენჭები უფრო ცოცხალი და მგრძნობიარე საჩუქარი იქნებოდა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ამიტომ ჩემმა კენჭებმა დიდი პარკი აავსო, მოვდიოდი და მომქონდა ძალიან მძიმე ჩემოდანი, კენჭებით სავსე, - ძალიან მიყვარს ძველი ეკლესიები.

თუ დაჰკვირვებიხართ, ჯვრის მონასტერში არის შედარებით გვიანი და ძალიან ადრეული, გაცვეთილი, დრო-ჟამით მომრგვალებული ქვები. ვგიჟდები, ისე მიყვარს მათი შეხება. დავადებ ხელს და ვფიქრობ, როდინდელები არიან, როგორ უცხოვრიათ და როგორ დგანან დღემდე. საშინლად მოქმედებს ჩემზე ნასახლარები, მათთან გაჩერებაც კი მიჭირს, თითქოს ნასახლარით წერტილი ესმება ყველაფერს.

მერე რუსუდანს ძველი ხალხური ლექსი ახსენდება: "სიკვდილმა ჩამოიარა, ბერკაცი დახვდა წინაო, შაუჭახუნა ბერკაცმა, სიკვდილი შააშინაო"... - სიკვდილს ობოლი ეხვეწება, მომკალი, მაინც არავის დავაკლდებიო და სიკვდილი კი არ კლავს, ინდობს. ამ ლექსზე ბევრი ნახატი ჰქონია შესრულებული. ძალიან მოსწონს, დაუნდობელი სიკვდილიც კი რომ გრძნობით სავსე დაუხატავს ხალხურ გენიას.

თეთრ ფინჯანში ჩაი ცივდება. მე აღარც მახსოვს ჩაი...

ნახატების ფერად ხვეულებში, კედელზე დახატული ანგელოზების სველ თვალებში, ხელით მოხატული ტორშერის სინათლეში, ოთახის შუაგულში გაუკვალავი თოვლის სითეთრე ციაგებს. ეს სიქათქათე რუსუდანისაგან მოდის.