ვინ არის "შანელის" სახლის ქართველი კალიგრაფი? - კვირის პალიტრა

ვინ არის "შანელის" სახლის ქართველი კალიგრაფი?

ქართველი კალიგრაფი გიორგი სისაური, რომელმაც ქართულ ანბანს მეორე სიცოცხლე შესძინა და ხელოვნების ნიმუშად აქცია, ცნობილი მოდის სახლის "შანელის" ყურადღების ცენტრში მოექცა და "შანელის" მოდის სახლის კალიგრაფი გახდა. როგორც აღმოჩნდა, შანელის სახლის წარმომადგენლები რუსეთში ახალი კოლექციის წარდგენას აპირებდნენ, სტუმრებისთვის ყველაზე ორიგინალური და საინტერესო მოსაწვევები სჭირდებოდათ, საბოლოოდ კი ისინი გიორგის დაუკავშირდენ. გიორგი სისაური: "უკვე დიდი ხანია ვქმნი ქართულ ხელნაწერებს და ამისთვის სხვადასხვა ტექნიკა შევიმუშავე, ერთ დღესაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით, "შანელის" სახლის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. როგორც აღმოჩნდა, კალიგრაფი სჭირდებოდათ. ჰქონდათ გამოცხადებული შესარჩევი ეტაპი, თუმცა 30 აპლიკანტიდან არცერთი კონკურსანტი არ მოეწონათ. საბოლოოდ, ჩემს შესახებ გაიგეს და მთხოვეს ხელნაწერები რუსულ ენაზე შემექმნა.

ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო ეს, რადგან აქამდე მხოლოდ ქართული ანბანით ვწერდი, ამჯერად კი რუსულად უნდა დამეწერა. შესარჩევმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და მოსაწვევებზე, რომელიც სპეციალური სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, კოკო შანელის გამონათქვამები უნდა დამეწერა. როგორც შემდეგ გავიგე, სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ განსხვავებული და საინტერესო მოსაწვევებით.

"შანელის" სახლის წარმომადგენლები სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი პროექტის გაკეთებას. გაფართოვდა ასპარეზი და ითხოვენ, რომ შემდეგ ღონისძიებებზეც მე გავაფორმო მოსაწვევები და ბარათები, სადაც კი საჭირო იქნება კალიგრაფიული სამუშაოს შესრულება".

იხილეთ ასევე: მხატვარი, რომელმაც ქართულ დამწერლობას ახალი სიცოცხლე აჩუქა

(სპეციალურად საიტისთვის)