გაორება - კვირის პალიტრა

გაორება

საზოგადოდ, ძალიან ძნელია წაგებულ ომზე წერა, ყოველთვის გაორებული გრძნობა გაქვს. ერთი მხრივ, შენ თვალწინ არის ქართველი ჯარისკაცების თავდადებული გმირობის უამრავი მაგალითი და მეორე მხრივ, ასეთი ფრაზები რუსულ პრესაში:

"ხელში ქართული სამხედრო ტექნიკის ის ნაწილი ჩაგვივარდა, რაც გაქცეულმა ქართველებმა დატოვეს". ვიცი, იმ ომის დროს ერთი კაცის გარდა, არავინ გაქცეულა, მაგრამ რუსები გამარჯვებულები არიან და სრული უფლება აქვთ, ჩვენს უკან დახევას გაქცევა დაარქვან. გრძნობები გაორებული გაქვს: ერთი მხრივ, აღფრთოვანებული ხარ ქართველების გმირობით, მეორე მხრივ, გული გწყდება, რომ წაგებული ომის გმირები არიან.

ერთი მხრივ, ამაყობ ამ ვაჟკაცებით, მეორე მხრივ კი ვერაფრით იშორებ დამარცხებულის ფსიქოლოგიას, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ წაგებული ომების თაობა ვართ, - ვნახეთ სამი ომი და სამივე წაგებული, ერთიც სამოქალქო, სადაც იმთავითვე დამარცხებული ხარ.  მე ომის მოტრფილე სულაც არა ვარ, მშვიდობა მირჩევნია, მაგრამ თუ ომია, მოგებული მაინც იყოს.

ქართველი ჯარისკაცების ახალ თაობას თავდადებას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების გმირების მაგალითზე ვასწავლით, მაგრამ გამარჯვებაც რომ შეგვიძლია, ისევ დიდგორისა და ბასიანის ომების მაგალითებით უნდა დავაჯეროთ, ისევ აღმაშენებელი და ერეკლე უნდა გავიხსენოთ.

მათ არ ეყოლებათ ცოცხალი ოფიცრები, რომლებიც თავიანთ გამარჯვებაზე, ახალი საქართველოს ჯარის გამარჯვებაზე მოუყვებიან. ჩვენ ვერ გადავიღებთ ფილმებს ქართული ჯარის წარმატებაზე, ამიტომ ისევ "გიორგი სააკაძე" უნდა ვნახოთ. ჩვენი ხელისუფლება ორი წელია ცდილობს, თავი წაგებული ომის გამო გაიმართლოს, მაგრამ, თუ სწორია გამოთქმა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაშინ ასევე სწორი იქნება, თუ ვიტყვით: დამარცხებულებს არ ამართლებენ.