ერთგული ჩოლოყაშვილი - კვირის პალიტრა

ერთგული ჩოლოყაშვილი

XVI  საუკუნის დასაწყისში სამთავროებად დანაწილებული საქართველო სულს ღაფავდა. 1513 წელს კახეთის მეფე ავ-გიორგი გარდაიცვალა. ქართლელები შეეცადნენ,

ესარგებლათ ამით და კახეთის ტახტი დაეჭირათ. ავ გიორგის დარჩა მცირეწლოვანი ძე, ლევანი, რომელიც კახელებმა საგულდაგულოდ გადამალეს და გადაწყვიტეს მისი გამეფება.

ლევანს თავადი გარსევან ჩოლოყაშვილის ოჯახი იფარავდა. ამ ამბავმა ქართლის სამეფო კარამდეც ჩააღწია და  მეფე დავით X-მ თავისი ძმა, ბაგრატ მუხრანბატონი მიავლინა კახეთს, თან ჯარიც გააყოლა, - თუკი საჭირო იქნებოდა, ძალის გამოყენებასაც არ უნდა მორიდებოდნენ ქართლელები.

გარსევანმა ბაგრატს საარაკო პურობა გაუმართა. როცა ქართლელები შეზარხოშდნენ, სტუმრობის მიზეზიც გაუმხილეს მასპინძლებს: კარგად ვიცით, ლევანი  შენთან არის და კარგს იზამ, თუ გადმოგვცემო.

გარსევანმა იუარა, ალავერდის ხატზე დავიფიცებ, რომ ვისაც თქვენ ხედავთ, მათ მეტი ჩემს სასახლეში არავინააო და თავისი პატიოსნების დასამტკიცებლად ხატი გამოაბრძანებინა და დაიფიცა. სტუმრებმა მასპინძლის არგუმენტი სარწმუნოდ ჩათვალეს, ქეიფი გააგრძელეს და მეორე დღეს უკან გაბრუნდნენ.

საქმე ის იყო, რომ გარსევანი მართალს ბრძანებდა, - მის სახლში მყოფი ყველა პიროვნება იქ ტრიალებდა, მათ შორის - უფლისწული ლევანი, რომელიც მერიქიფედ იყო გადაცმული. მალე ლევანი კახელებმა გაამეფეს. მისი მმართველობა ერთ-ერთი ხანგრძლივი და წარმატებული ხანა იყო კახეთის სამეფოსთვის.

მამუკა ნაცვალაძემ