"საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ აფხაზეთს!" - კვირის პალიტრა

"საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ აფხაზეთს!"

"თვალი გადავავლე ჩემს ქალაქს, მერე ჩავჯექი მანქანაში და ტირილით გული ვიჯერე"

"ქართველმა" სადღაც დარეკა, უშიშროება დაგვეცა თავზე და მე და ჩემი ქმარი მილიციაში წაგვიყვანეს"

"ვიჯექი უმწეო ჭირისუფალი და ქართველების დაკარგულ საფლავებს დავტიროდი"

ამ სტატიის დაწერა ჩემი მოსკოველი ნაცნობის ნაამბობმა მაიძულა. არ ვიცი, საიდან დავიწყო. როგორია ახლა აფხაზეთი? - ვაი რომ, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით!

სამი წლის წინ, 2007 წლის აგვისტოში, აფხაზეთში, სოხუმში ჩავედი. ჩემმა მასპინძლებმა თბილად მიმიღეს (არ იცოდნენ, ვინ ვიყავი), სუფრაც გაიშალა და ლხინი რომ გახურდა, აფხაზმა ახალგაზრდებმა ნატვრა გამიმხილეს, - თბილისის ნახვა ძალიან გვინდაო, ლამაზაივნიანი სახლების დათვალიერებაზე ვოცნებობთო. მეც მაშინვე მოვიპატიჟე, ჩამოსვლას რა უნდა, ამ ოცნების ასრულებას ვინ გიშლით-მეთქი.

შიში და შფოთი ჩაუდგათ თვალებში, რას ამბობთ, ჩვენ ხომ დაგვხოცავენო! ვერაფრით დავარწმუნე, რომ ქართველებს აფხაზები არ სძულთ და არც მათი დახოცვა უნდა ვინმეს. მას შემდეგ სამმა წელმა განვლო. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ჩანს, აფხაზეთში მმართველი ძალა ისევ შიშია და ვაი რომ, ქართველებისა!

ამჯერად გიამბობთ, თუ როგორია ქართველი და რუსი ტურისტის თვალით დანახული აფხაზეთი.

ნინო: - 14 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ გამოვიქეცით. ახლა რუსეთის მოქალაქე ვარ, რუსი მეუღლე მყავს. აფხაზეთში ომის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ძალიან მენატრებოდა იქაურობა და მეუღლეს ვთხოვე, აფხაზეთში დაგვესვენა. გავბედეთ და ბავშვებთან ერთად გავემგზავრეთ. პრობლემები კი ფსოუდან დაიწყო. მართალია, რუსეთის მოქალაქის პასპორტი მაქვს და მეუღლის გვარს ვატარებ, მაგრამ ჩემს პასპორტში დაბადების ადგილად სოხუმია მითითებული.

როგორც კი საზღვარზე ჩემს პასპორტში ჩაიხედეს, მაშინვე ქალიშვილობის გვარი მკითხეს. ქართველი ვარ-მეთქი, არ დამიმალავს. აფორიაქდნენ, დამიწყეს დაკითხვა, სად ვცხოვრობდი ომამდე, რა მისამართზე. ბოლოს მითხრეს, თქვენი შეშვება არ შეგვიძლიაო. როგორც შევატყვე, რუსეთის მოქალაქე ქართველების აფხაზებს ძალიან ეშინიათ, მათ ხომ შეუძლიათ იჩივლონ და პრეტენზია განაცხადონ სახლ-კარსა და ქონებაზე.

რადგან ძალიან მინდოდა სოხუმის ნახვა, ვიცრუე, ბარაკებში ვცხოვრობდით, იქ ახლა ყველაფერი დანგრეულია-მეთქი. მაინც არ შეგვიშვეს, გვითხრეს, "ნაჩალნიკს" უნდა დაელოდოთო. იმ ღამეს ფსოუს საზღვარზე მანქანაში გვეძინა. მეორე დილით, როგორც იქნა, მოვიდა "ნაჩალნიკი" და მანაც იგივე გაიმეორა, ქართველს აფხაზეთში ვერ შევუშვებთო. ჩემს მეუღლეს უთხრეს, თქვენ შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად წასვლაო.

KvirisPalitra.Geიძულებული გავხდით, მოსკოვში ერთ გავლენიან პირთან დაგვერეკა. ეს რომ დაინახეს, შეშინდნენ, - პრობლემა არ გვჭირდება, შეგიშვებთ, ოღონდ მოგვეცით გარანტია, რომ სახლსა და ქონებაზე პრეტენზია არ გექნებათო. პარასკევი იყო, აფხაზეთში რომ ჩავედით. შთაბეჭდილება?- უმჯობესია, არ მკითხოთ! საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ აფხაზეთს! ეს არის ღვთისა და კაცისგან მიტოვებული უპატრონო ადგილი. თითქოს უხეირო მდგმურებს დაუქირავებიათ იქაურობა და ისე მოიხმარენ, როგორც სურთ.

- არაფერი შენდება?

- გვითხრეს, გზები გააკეთესო. სოხუმამდე მართლაც არის გზა, სოხუმის იქით Kკი ყველაფერი გაპარტახებულია. მმართველობა აფხაზებს აქვთ განაწილებული. საბაჟოზე, პოლიციაში და სხვა მაღალ თანამდებობებზე აფხაზები მუშაობენ. მომსახურე პერსონალი უფრო მეტად ყაბარდოელები და სომხები არიან.

სოხუმში უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, არ ვიცი, შიში იყო თუ სხვა რამ. წარმოიდგინეთ, ხეირიანად სურათიც კი არ გადამიღია. ჩემმა გოგონამ კარგად იცის ქართული, მაგრამ გავაფრთხილე, ქართულად სიტყვა არ დაეძრა. ვიფიქრე, შარს არ გადავეყაროთ-მეთქი. თვალი გადავავლე ჩემს საყვარელ ქალაქს, მერე ჩავჯექი მანქანაში და ტირილით გული ვიჯერე. სოხუმში ბინის დაქირავებას ვაპირებდით, მაგრამ გულმა  არ გამიძლო  და ათონში დავბინავდით.

- აფხაზების ოჯახში?

- არა, სომხურ ოჯახში. კაცი 10-12 დოლარი ღირს. სახლში სხვა დამსვენებლებიც იყვნენ. მართალია, არ მითქვამს, ქართველი ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც  მიხვდნენ, რუსი რომ არ ვიყავი. რომ მკითხეს, უყოყმანოდ ვუთხარი, რომ ქართველი ვარ. სახლის პატრონები შეფიქრიანდნენ, მაგრამ რომ ვისაუბრეთ, დამშვიდდნენ.

პირველ ღამეს თითქმის არ მიძინია, ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, ნეტავ ეს სახლი ქართველების ხომ არ არის-მეთქი, საბედნიეროდ, არ ყოფილა. ომის შემდეგ დაბრუნებულან ჩემი მასპინძელი სომხები აფხაზეთში. ისე, სომხები ძალიან უკმაყოფილონი არიან აფხაზებით. აყვედრიან, თუ აფხაზეთში ცხოვრება გინდოდათ, იარაღი უნდა აგეღოთ და ქართველებთან გეომათ, აქ ცხოვრების უფლება არა გაქვთ. თქვენთვის მოვიპოვეთ ეს მიწა და ამისთვის ყოველდღე მადლობა უნდა გვითხრათო!

ორშაბათი გათენდა თუ არა, გადვწყვიტე სოხუმში ბაბუის საფლავზე მივსულიყავი. ვიცოდი, სად იყო ბაბუა დაკრძალული, მაგრამ საფლავი ვეღარ ვიპოვე. 1998 წლიდან გარდაცვლილთა საფლავებია მხოლოდ. იქ, სადაც ბაბუას საფლავი მეგულებოდა, ყვავილები დავაწყვე და სანთლებიც დავანთე. ვიჯექი აღარ არსებულ საფლავთან უმწეო ჭირისუფალი და ქართველების დაკარგულ საფლავებს დავტიროდი.

სომხებს ვკითხე, რატომღაც სულ ახალი საფლავებია, ძველი ქართული საფლავები ვერ ვნახე, საფლავების მითვისებაც დაიწყეს-მეთქი? გამიმხილეს, - ვინ იცის, რამდენი ცოდვა დაიდეს, რამდენი მიცვალებული შეურაცხყვეს, რამდენი ქართველის ძვლები ამოყარეს მიწიდანო.

ერთ დღეს დამსვენებლებმა პიკნიკი მოვაწყვეთ. მშვენიერ ადგილას გავჩერდით, ცოტა ვიმხიარულე კიდეც. წამოსასვლელად რომ მოვემზადეთ, ახალგაზრდა მომიახლოვდა, თურმე ქართველი ყოფილხართ, მეც ნახევრად ქართველი ვარო (რამაზი ერქვა).

- ქართულად ლაპარაკობდა?

- არა, რუსულად. გამიხარდა აფხაზეთში ქართველის დანახვა და საუბარი გავაბით. უცებ "ქართველმა" მკითხა, შენ  რომელ ქვეყანაში ჩამოხვედი დასასვენებლადო? აფხაზეთში-მეთქი. აი, ხომ ხედავთო, - გაუხარდა. მაშინ ჩავწვდი მისი სიხარულის მიზეზს და ავუხსენი: აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო და ახლაც ასეა. გადაირია, როგორ ბედავ ამის თქმას, ვინ შემოგიშვა ამ მიწაზეო.

გავცეცხლდი, როგორ თუ ვინ შემომიშვა, ეს ჩემი მიწაა, ჩემი სახლი, ჩემი ფუძე აქ არის-მეთქი. შენი აქ არაფერიაო. თუ ასე გიყვარდა აფხაზეთი, რატომ ჩვენთან ერთად არ იომე, ჩვენ ხომ გიტირეთ დედაო? ვუპასუხე - არ გვეგონა, თუ ასეთი მზაკვრები იყავით. ეს რომ მცოდნოდა, მეც ავიღებდი იარაღს და აუცილებლად ვიომებდი-მეთქი. მოკლედ, "ქართველმა" სადღაც დარეკა, უშიშროება დაგვეცა თავზე და მე და ჩემი ქმარი მილიციაში წაგვიყვანეს.

რამდენიმე წუთში გაივსო იქაურობა, ვინც საზღვარზე გამოგვიშვა და ვინც საშვი გამოგვიწერა.

- ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ "ქართველთან" საუბრის გამო?

- პრობლემა ის იყო, რომ არ დამიმალავს, აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რომ არ ვაღიარებდი და ამან გაამწარა აფხაზები, - თუ ასეა, უფლება არა გაქვს ამ მიწაზე ფეხის დადგმისო.

საზღვარზე ბარემ პლაკატები გააკარით, რომ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხსენება და ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, აფხაზეთში არ შემოვუშვებთ-თქო! მე ტურისტი ვარ და ჩემი აზრი მაქვს, დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ და  თუ აფხაზეთში აზრის თავისუფლება აკრძალულია, მაშინ ეს საქვეყნოდ უნდა აღიაროთ-მეთქი.

ხუთ წუთს გაძლევთ აფხაზეთის დასატოვებლადო, - გამოგვიცხადეს. სხვათა შორის, ჩემი ვაჟის სახელის გამოც აგვიხირდნენ, მიშა ჰქვია, ეტყობა, მიშა სააკაშვილის პატივსაცემად დაარქვითო! გამწარდნენ, ასეთი ქართველი ქალი ჯერ არ შეგვხვედრია, რამდენს გვეტლიკინებაო! ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სახლში წაგვიყვანეს, ბარგი ჩაგვალაგებინეს და გაგრის პოსტამდე მიგვაცილეს.

ჩვენი ამბავი იქ დამსვენებელმა რუსებმაც გაიგეს, გაგიჟდნენ, ამიერიდან ჩვენი ფეხი არ იქნება აფხაზეთშიო. რუსი ბიჭები ჩემს ქმარს ამოუდგნენ გვერდში, ხომ არ დავზილოთ ესენიო. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ ღირდა, ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთის დატოვება იყო.

ალექსეი, ნინოს მეუღლე: - რაც უნდა იყოს, ჩემი მეუღლე დაზარალებულია და სავსებით გასაგებია მისი ემოცია. მე უფრო ობიექტურად შევაფასე აფხაზეთში არსებული ვითარება. ის, რაც თავს გადაგვხდა, ნორმალური ნამდვილად არ არის. ისეთი აგრესიულები არიან, კამათიც აღარ ღირდა. აფხაზეთში ახლა სიმართლის დამტკიცება ძნელია, ჯერჯერობით მაინც. აფხაზეთი გაპარტახებულია. ალბათ, რუსი ტურისტები იქ აღარ ჩავლენ.

- პოლიტიკური სიტუაციის გამო?

- დიდ პოლიტიკაზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით. ძალიან მიყვარს ლუდი და თევზი, მაგრამ ვერსად ვიშოვე. არადა, ზღვა 30 მეტრშია. ელემენტარული რამეები არ აქვთ. კარგია, რომ ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი ის, რასაც ჩემი მეუღლე მიყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა კარგად მესმის დევნილი ქართველების ტკივილი. ახლანდელი მეპატრონეები ეგრეთ წოდებულ თავიანთ მიწას არ უვლიან, არ არსებობს ინფრასტრუქტურა.

- რუსი მოქალაქისთვისაც?

- მე შედარებით თავაზიანად მექცეოდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აფხაზები ჩემს ნაციონალურ თავმოყვარობაზე ზემოქმედებას შეეცადნენ. დაჟინებით მიმეორებდნენ, ქართველები რუსებს ღორებს ეძახიანო... მთავარია, მშვიდობით დავბრუნდით აფხაზეთიდან.