ძველთბილისური ლაზათი
ძველთბილისური ლაზათი
თბილისი - ლეგენდების ქალაქი. ხანდახან გგონია, რომ ამ ქალაქზე ყველაფერი­ იცი, მაგრამ ისტორიას რაც უფრო ღრმად ჩაჰყვები, მით ბევრი ფურცელი გადაგეშლება. აი, ასე მივადექი სამ მხატვარს, რომელთა ნახატებში საუკუნის წინანდელი დედაქალაქი ლამის ფოტოგრაფიული რეალობით არის ასახული.­ ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძემ­ მათი შემოქმედება შეისწავლა, ამ მხატვრებიდან ორი, ოსკარ შმერლინგი და ვანო ხოჯაბეგოვი, თბილისში დაიბადნენ, მესამე - პოლონელი ბორის რომანოვსკი, თვით პარიზიდან მიიზიდა თბილისის რომანტიკამ და აქ დასახლდა.

- ოსკარ შმერლინგის ქალიშვილი რენე,
რომელიც საქართველოს ხელოვნების ისტორიის ბრწყინვალე მკვლევარი იყო, ისეთ პატივს სცემდა ქართულ სულიერ ღირებულებებს, რომ მის ექსპედიცი­აში ეკლესიასთან ზურგით დგომასაც ვერავინ გაბედავდა. მხოლოდ იმან გა
დაარჩინა გადასახლებას, რომ ქართველმა მეცნიერებმა მაშინდელ ცეკას მდივან ჩარკვიანს სთხოვეს, მისი სახით ქართული მეცნიერება­ დიდ განძს დაკარგავს და გთხოვთ ნუ გადაასახლებთო. რომანოვსკისა და ხოჯაბეგოვის მკვლევრები შესაძლოა დრომ ვერ გამონახა, დღეს კი ამ მხატვრებით დაინტერესებას რომ ვხედავ, მიხარია.
ჩუღურეთში მივაკვლიე რომანოვსკის შვილიშვილს, ყოფილ ბალერინას. სამწუხაროდ, ბევრი არაფერი იცოდა ბაბუაზე. სამაგიეროდ, ბაბუის იმდროინდელი სურათები მაჩვენა, როდესაც გუდიაშვილის თანადროულად პარიზში ცხოვრობდა და ხატავდა. რომანოვსკის პარიზული ნახატები ისე განსხვავდება თბილისურისაგან, როგორც მზე და მთვარე. თბილისში ის სულ სხვა მხატვრად იქცა: მის ნახატებში იმდროინდელი ქალაქი ჩქეფს: ხმაურიანი ბაზარი, დახლებზე ჩამოკიდებული მსუქანი დედლები, ჩაიხანა, აქლემების ქარავანი და დაბახანაში მრეცხავი ქურთი ქალები... მაშინ აქლემებით ჯერ კიდევ შემოჰქონდათ სპარსეთიდან აბრეშუმი და ხალიჩა-ფარდაგები.

ამ მხატვრებმა ჯერ კიდევ მიუსწრეს აღმოსავლეთის კუდს თბილისში. ეს 1910-იანი წლებია. ამის შემდეგ ჩვენს დედაქალაქში უკვე ევროპა მოაბიჯებს. სხვათა შორის, ბებიაჩემის სპარსული ფარდაგები მეც მახსოვს 40-იანი წლებიდან, როცა დიდუბეში საერთო ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ბანიანი სახლები იყო, ბანის ქვეშ კი სამრეც­ხაო და მთელი ეზოს საერთო ტუალეტი. ამ ფარდაგებს თავისი მრეცხავები ჰყავდა, მოვიდოდნენ, დაახვევდნენ, გარეცხავდნენ და დაგიბრუნებდნენ. სქელი თავსაბურავებიანი ქურთი ქალები სარეცხს მტკვარში რეცხავდნენ, რადგან მდინარე მაშინ კამკამა იყო. კაბებს ფერადი ლენტებისაგან იკერავდნენ, რომლებიც ძალიან იაფი ღირდა, იყიდდნენ უამრავს, გადააკერებდნენ ერთმანეთზე და ისეთი ულამაზესი ჭრელი კაბები ჰქონდათ, რომ თვალი მრჩებოდა. აი, ეს ფერებია რომანოვსკისა და შმერლინგის ნამუშევრებში.
ქურთი ქალები, მალაკნები და სომხები ჩვენს ეზოში პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, ქართველები მაღალ სართულებზე ვიყავით, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ სართულზე ცხოვრობდა­… - ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. მახსოვს­, ეზოში პირველად ჩვენ დავიდგით ტელეფონი. ხანდახან შუაღამისას აწკრიალდებოდა - ჩვენი მეზობელი სირანუშას ნათესავები რეკავდნენ ერევნიდან.­ ზოგჯერ თავსხმა წვიმა იყო, ადგებოდა მამა, ჩაიცვამდა ბოტებს და მიდიოდა სირანუშას დასაძახებლად.

აი, ხოჯაბეგოვი კი ფანქრით ხატავდა, მაგრამ ისე, რომ ჟრუანტელი დაგივლით... არადა, თვითნასწავლი მხატვარი იყო.

- მისი ნახატები თითქოს თბილისის სევდას უფრო აღწერს, ვიდრე სიხარულს.
- შეიძლება იმიტომ, რომ შავი ფანქრ­ით არის შესრულებული. კი, ძველი თბილისის სევდა და დარდიც არის: წელში მოხრილი მეკურტნეები, დარდისაგან დამძიმებული ჭირისუფლები, ცხოვრებაზე გაბრაზებული კინტ­ოები... მაგრამ არის სიხარულის მჩქეფარებაც, აზარტიც: ჭედილებისა და მამლების ბრძოლა. მამლების ბრძოლაში დიდი ფსონები იდებოდა. მაშინ თბილისში მოჩხუბარი მამლების გამოზრდის ლამის მთელი სკოლა იყო. ეს ევროპიდან შემოვიდა, იმიტომაც ამბობდნენ, რომ იმდროინდელი თბილისი ორსახოვან იანუსს ჰგავდა - ერთ ნაწილში ეგზოტიკური აღმოსავლეთით, მეორე ნაწილში კი ევროპული…ადათებით და ეს ყველაფერი ერთმანეთს სულაც არ უშლიდა ხელს. შმერლინგს საოცარი ნახატები აქვს: მის ქუჩებში ერთდროულად დადიან სპარსული ხალიჩებით დატვირთული აქლემები, ცხენებშებმული კონკა, კურტნით დატვირთული ვირები და ურმები, რომლებითაც თბილისში ძალიან შორიდან მოჰქონდათ პროდუქტი.

- ამ ნახატებში სახედრები ყველგანაა. ჩანს, ისინი ძალიან სჭირდებოდათ თბილისელებს.
- დიახ, ვირი იაფი შესანახი იყო. სხვათა შორის, სოფლებიდან არა მარტო მაწონი, არამედ წითელი ხიდიდან ნახშირიც კი შემოჰქონდათ ვირებით. დაღლილი ვირები ხშირად ეცემოდნენ.

- ნახატებში ჩანს, რომ გერმანელ შმერლინგს უფრო მხიარული თბილისი მოსწონდა.
- ასეც იყო. დღეს უკვე მის ზოგიერთ ნახატს ქართული კარიკატურის დასაწყისად მიიჩნევენ. ძირითადად, ისეთ თბილისს ხატავდა, სადაც ხალხი მხიარული და ბედნიერია. მისი თბილისური ეზოების ერთ კუთხეში ევროპულად გამოწყობილი ბანქოს მოთამაშეები რომ ერთობიან, მეორე კუთხეში ჩიხტიკოპიანი ქალები მიმსხდარან და ჭორაობენ, აქეთ გოგო-ბიჭები ცეკვავენ. მოკლედ, ბედნიერება ჩქეფს. სხვათა შორის, შმერლინგს უთქვამს: "დაე, ქართველი ერი მხიარული და ბედნიერი იყოს და სულ იცინოსო". მის ნახატებს სულ ცოტათი მაინც მივყავართ ამ ბედნიერებასთან.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები