"სექსი დიდ ქალაქში" გადასაღებ მოედანს მიღმა - კვირის პალიტრა

"სექსი დიდ ქალაქში" გადასაღებ მოედანს მიღმა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პროდიუსერი დარენ სტარი ფილმის მესამე ნაწილის გადაღებას აპირებს. ამერიკული სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა, რომელიც 4 დაქალის ნიუიორკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, 1998 წლის ივნისში გაიმართა, პერსონაჟები კი 20 წლის შემდეგაც არ კარგავენ პოპულარობას. ამჟამად მთავარი გმირები სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული.

მირანდა

მირანდას როლის შემსრულებელი სინთია ნიქსონი ნიუ-იორკის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და წინასაარჩევნო ციებ-ცხელების გამო გადაღებისთვის არ სცალია.

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამოცემებმა დარენ სტარის კომენტარი გაავრცელეს: "მოდი, დაველოდოთ სინთია ნიქსონის მერად არჩევას. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფილმის მესამე ნაწილზე შეთანხმება. მერსაც ხომ სჭირდება "დასვენება"? ცოტა ხნით მოვწყვიტოთ ისეთი მშვენიერი ქალაქის მმართველობას, როგორიც ნიუ-იორკია და ფილმში გადავიღოთ".

2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, სინთია ნიქსონმა და მისმა მეგობარმა კრისტინ მარინიონმა იქორწინეს.

სინთიას ორი შვილი ჰყავს, რომლებიც 1988-2003 წლებში სკოლის მასწავლებელ დენი მოზესგან შეეძინა. 2006 წელს ქალს მკერდის კიბო აღმოაჩნდა, რასაც ორი წელი მალავდა, თუმცა 2008 წლის აპრილში სატელევიზიო გადაცემაში აღიარა, რომ ამ სენს ებრძოდა. მას შემდეგ მირანდა მკერდის კიბოს პროგრამების აქტივისტია.

კერი

სარა ჯესიკა პარკერი განაგრძობს სამსახიობო კარიერასა და თავისი სახელობის ფეხსაცმლის ბრენდის პოპულარიზაციას. ახლახან დაასრულა სერიალ Dივორცე-ს გადაღებები, სადაც მთავარ როლს თამაშობს.

ხშირად ისმის კითხვა: ჰქონდათ თუ არა რომანი კერისა და მისტერ ბიგს რეალურ ცხოვრებაში? რამდენიმე დღის წინ კრის ნოტმა "ინსტაგრამის" გვერდზე სატრენაჟორო დარბაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. "გადასარევად გამოიყურები" - სწერს პარკერი, რამაც კვლავ აქტუალური გახადა კითხვა მათი რომანის შესახებ.

სერიალის გმირისგან განსხვავებით, სარა ჯესიკა ცხოვრებაში პარტნიორთა სიმცირით გამოირჩევა. მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი და პრეზიდენტ ჯონ კენედის ვაჟი, ჯონ კენედი-უმცროსი, სარას მეგობარ მამაკაცთა სიაში მისი და მეთიუ პროდერიკის შეხვედრამდე ირიცხებოდნენ. 1997 წელს წყვილი დაქორწინდა და სუროგაციით ტყუპი შეეძინა. ისინი ყველაზე მოსიყვარულე წყვილად ითვლებიან ჰოლივუდში.

შარლოტი

ყველაზე მოკრძალებული და მიამიტი შარლოტი (კრისტინ დევისი) ამჟამად ცხოველთა აქტიური დამცველია. სერიალის გმირისგან განსხვავებით, ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა ალკოჰოლდამოკიდებულებით და პერიოდულად სარეაბილიტაციო ანონიმურ კურსებს გადიოდა."ვსვამდი, რადგან ძალიან მორცხვი ვიყავი და კომპლექსებისგან გათავისუფლებაში სასმელი მეხმარებოდა", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სამანტა

სერიალის ყველაზე ტემპერამენტიანი გმირი, სამანტა ჯონსი, წარმოშობით ბრიტანელია. კიმ კეტროლი ფილმში მონაწილეობას აღარ აპირებს. საქმე ის არის, რომ კიმი "დაქალებზე" 10 წლით უფროსია და ასაკში სხვაობამ დიდი როლი ითამაშა. ამასთან, სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის სკანდალი გაჩაღდა - კეტროლი ირწმუნება, რომ გადასაღებ მოედანზე ისინი მხოლოდ კოლეგები იყვნენ და სერიალის გმირებისგან განსხვავებით, არასდროს ყოფილან მეგობრები. ფილმის გადაღების შემდეგ კიმი ბრიტანეთში დაბრუნდა და მას შემდეგ ნიუ-იორკს იშვიათად სტუმრობს.

ჯერ კიდევ გასულ წელს დაგეგმილი მესამე ფილმის გადაღება კიმ კეტროლის ზღვარგადასული მოთხოვნების გამო შეწყდა. "არ მივიღებ მესამე ფილმში მონაწილეობას!" - აცხადებდა კატეგორიულად. კიმ კეტროლის სხვა მსახიობით ჩანაცვლებაზე ფილმის პროდიუსერს ჯერ არ უფიქრია.

კიმ კეტროლის მრავალრიცხოვან საყვარლებს შორის კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამა, პიერ ელიოტ ტრიუდოც მოხვდა. ამჟამად მსახიობის ხილვა უფრო ხშირად თეატრის სცენაზე შეიძლება.

P.S. გაგრძელდება თუ არა 4 მეგობრის ცხოვრება და მათი სასიყვარულო თავგადასავლები, ამას მირანდას ნიუ-იორკის მერად არჩევის შემდეგ გავიგებთ. ჩვენ კი ისღა დავგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ!

მოამზადა ნინო წიფურიამ