"ზედიზედ ჩატარებული გამოცდები გარკვეულ ინტერესს ემსახურებოდა" - კვირის პალიტრა

"ზედიზედ ჩატარებული გამოცდები გარკვეულ ინტერესს ემსახურებოდა"

ნატალია ბ.: "ქვეყანა შეძრეს, არიქა, აბიტურიენტებს პირობები შევუქმენით - საწერკალამი აღარ "აუდუღდებათ" და სიცხით გული არ წაუვათ, კონდიციონერები შევიძინეთო. თითქოს მხოლოდ ეს იყო პრობლემა... ჩემი ქალიშვილი ეროვნულ გამოცდებს 103-ე სკოლაში აბარებდა. გამოცდების მსვლელობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუ თვალს დავხუჭავთ რამდენიმე შემთხვევაზე. მაგალითად, როგორ გაერთნენ ჭორაობაში დამკვირვებლები და როგორ იწონებდა თავს ზოგიერთი აბიტურიენტი, რამდენიმე საკითხი გადავწერეო. ყველა მოხერხებული ხომ ვერ არის?.. დავიწყებ იმით, როგორ მივიყვანეთ ცოცხალ-მკვდარი, წამლებით გაბრუებული შვილი გამოცდაზე. წნევის პრეპარატები დასჭირდა, როდესაც გაიგო, რომ გამოცდები 5 და 6 ივლისს, ერთმანეთის მიყოლებით უნდა ჩაებარებინა.

ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცეს ბავშვებს ამ ცხელ დღეებში, როდესაც აზროვნებაც კი ჭირს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი ინტერვალი ყოფილიყო გამოცდებს შორის? ახლა, რაც შეეხება უნარების გამოცდას... ძალიან რთული ვარიანტები იყო შედგენილი. ამასთან, მიმაჩნია (ჩემსავით ბევრი მშობელი და რეპეტიტორი ფიქრობს), რომ უნარ-ჩვევების საგამოცდო საკითხების ამოხსნისთვის განკუთვნილი დრო არ შეესაბამება დავალებების სირთულეს, განსაკუთრებით - ვერბალურ ნაწილში. ბოლო, მაღალქულიან დავალებებს უმეტესობა "გარტყმაზე" ვასრულებდითო, ამბობდნენ გამოცდიდან გამოსული ბავშვები. საინტერესოა, სკოლებში ისეთ ცოდნას აძლევენ, რომ ამ სირთულის ტესტების ამოხსნა მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე?! ამდენი სტრესისგან ბავშვები ფსიქოლოგიურად ნადგურდებიან. ვინღა ჩივის რეპეტიტორების გასასტუმრებლად აღებულ კრედიტებს, ბავშვებს აქეთ ვაწყნარებთ. ყველას ერთნაირად ხომ არ აქვს ნერვული სისტემა მოწყობილი! შემდგომში სხვადასხვაგვარად ვლინდება გამოცდებზე მიღებული სტრესი".

მირიან ლ.: "რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ 5-6-ივლისს ორი გამოცდის დანიშვნა ამ პაპანაქებაში? ამასთან, გარდა იმისა, რომ უნარების გამოცდა განსაკუთრებული სირთულის აღმოჩნდა, ვფიქრობ, ამ გამოცდის დასაძლევად ბავშვებს არათანაბარ პირობებში უწევდათ ბრძოლა - ვინც, დავუშვათ, მათემატიკურზე აბარებს, მათთვის უფრო იოლად დასაძლევია, მაგრამ ვინც თეატრალურზე ან უცხო ენებზე აბარებს, ეს საკითხები დილემად ექცათ. რა საჭიროა, თანაბარ დონეზე იცოდნენ ეს საგანი მათემატიკოსმა და ხელოვანმა?!

აუტანელი სიცხე, ცუდად შედგენილი გრაფიკი, განსაკუთრებული სირთულის საკითხები - საბოლოოდ, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების ნერვებზე, ფინანსებსა და გამოცდის შედეგებზე. სკოლაში მიღებული განათლება არ უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული საგამოცდო კომისიის მოთხოვნებს? ამ ორ ინსტიტუტს შორის დიდი და შეუსაბამო ნაპრალია".

სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი:

- რაც შეეხება უნარების გამოცდას, შესაძლოა, აბიტურიენტებს სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვა სირთულის მოეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველა ვარიანტის ქულები თანაბრდება. თუ აღმოჩნდება სირთულის მიხედვით განსხვავება, რთული ვარიანტის 30 ქულა, შესაძლოა, შედარებით იოლი ვარიანტის 40 ქულას გაუთანაბრდეს.

მისაღები გამოცდების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ტესტის სირთულე დამოკიდებულია კონტინგენტზე. სკოლა თუ გაძლიერდება, ტესტებიც უფრო გართულდება და მორგებული იქნება იმ თაობას, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადება. ამ ტესტების საფუძველზე შესაძლებელი ხდება, აბიტურიენტები ერთმანეთს შეეჯიბრონ. თუ ყველა მაღალ ქულას მიიღებს, მათ შორის შეჯიბრება ვერ შედგება. უსაფუძვლოა იმაზე ოცნება, რომ სკოლა ისეთ ცოდნას მისცემს აბიტურიენტს, უმრავლესობამ უმაღლესი ქულა მიიღოს. მხოლოდ სკოლა ვერ მოამზადებს აბიტურიენტს, ამას საუკეთესო სკოლაც კი ვერ შეძლებს. აბიტურიენტს რეპეტიტორთან სიარული ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება, მით უმეტეს, თუ ისეთ მიმართულებაზე აბარებს, სადაც მაღალი კონკურსია. აბიტურიენტმა არასდროს იცის, რამდენად უკეთესად არის მომზადებული მისი კონკურენტი, ამიტომაც დაინტერესებულია, რეპეტიტორთან იაროს.

მეორე მხრივ, ფაკულტეტებზე, სადაც დაბალი კონკურსია, აბიტურიენტს რეპეტიტორი არ სჭირდება, რადგან ადგილების რაოდენობა მსურველების რაოდენობაზე მეტია. დაბალი კონკურენციის პირობებში უნდა დავსვათ კითხვა: რაში გვჭირდება გამოცდები იმ ფაკულტეტებზე მოსახვედრად, რომლებზეც კონკურსი არ არის? რაში გვჭირდება კონკურსი იქ, სადაც კონკურსის საფუძველი არ არსებობს?

გარდა იმისა, რომ მისაღები გამოცდები ზიანს აყენებს სკოლების რეპუტაციას, ის საზიანოა უნივერსიტეტებისთვისაც, რადგან ჩვენს სისტემაში უნივერსიტეტი არ არჩევს სტუდენტს. რომ არ უნდოდეს, მაგალითად, ქსენოფობიაში, რასიზმში, კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში შემჩნეული სტუდენტი, მაინც მიიღებს, თუკი მან გამოცდები წარმატებით ჩააბარა, არადა, ასეთ აბიტურიენტს იშვიათად თუ მიიღებდა მსოფლიოს ნორმალური უნივერსიტეტი. ახლა წარმოიდგინეთ საპირისპირო ვითარება - როდესაც უნივერსიტეტს უნდა, მიიღოს ნიჭიერი ადამიანი, მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტს სურს მიიღოს აბიტურიენტი, რომელიც გადასარევად ერკვევა ფოლკლორში და პრიორიტეტი აქვს, განავითაროს, მაგალითად, ხალხური სიმღერების კვლევის სფერო. ისეთი გამოცდა არ არსებობს, რომელიც ამ ცოდნას შეაფასებს და ასეთი აბიტურიენტიც მათემატიკაში, ქართულსა და უცხო ენებში უნდა შეეჯიბროს დანარჩენებს, ამიტომ მოსალოდნელია, სხვამ აჯობოს, რომელმაც არც ისტორია იცის კარგად და არც აინტერესებს აღნიშნული სფერო, მაგრამ ეს ფაკულტეტი იმიტომ აირჩია, რომ იქ სახელმწიფო დაფინანსებაა და დიდი ხარჯის გაღება არ სჭირდება... მთავარი ის არის, რომ გვაქვს სისტემა, რომელიც უნივერსიტეტებს ავტონომიას ართმევს, სკოლებს კი ძირს უთხრის, რადგან რეპეტიტორები მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ მათ გარეშე გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, რაც მართალიც არის.

სკოლის მასწავლებელიც ხშირად დაინტერესებულია, ბავშვს ასწავლოს მხოლოდ ის, რაც ჩაბარდება გამოცდებზე და არ მიაჩნია საჭიროდ, მრავალმხრივად განავითაროს მოსწავლე. ამ სიტუაციით სარგებლობენ გარკვეული ადამიანები - რეპეტიტორები, პოლიტიკოსები, რომლებიც ქულებს იწერენ ხან პრობლემის გადაჭრით, ხან მისი გამოაშკარავებით; სარგებლობენ ტესტების შემქმნელები, გამსწორებლები, განსაკუთრებით კი ის გამსწორებლები, რომლებიც თვითონ არიან რეპეტიტორები (მათთან მომზადება გაცილებით ძვირი ღირს) და ა.შ. 5 და 6 ივლისს რომ ზედიზედ ჩატარდა გამოცდები, ესეც ბიუროკრატიის ინტერესებს ემსახურებოდა.

- უფრო კონკრეტულად?... - სურდათ, გამოცდა ნაკლები ხარჯით ჩატარებულიყო, რათა საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები დიდხანს არ დარჩენილიყვნენ სხვადასხვა ქალაქში. ფული დაზოგეს და აბიტურიენტების ჯანმრთელობაზე თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არც იფიქრეს... სისტემას ნაკლებად აინტერესებს, სტრესულია თუ არა გამოცდა, ამას არავინ ზომავს. შედეგებზე კი მოქმედებს ისიც, თუ რამდენად ივარჯიშა ამ სტრესის დაძლევაში აბიტურიენტმა გამოცდილ რეპეტიტორთან.

- რა დასკვნამდე მივდივართ? - არსებობს კვლევები, რომ რაიონებიდან ჩამოსულები, განსაკუთრებით - მაღალმთიანი სოფლებიდან, მაღალი ალბათობით, ირჩევენ ყველაზე არაპოპულარულ და არაპრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და სპეციალობებს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მოიპოვებენ საკმარის დაფინანსებას და დაძლევენ სხვა სირთულეებს. არადა, ნიჭი ხომ არ არის გეოგრაფიულად განაწილებული? მხოლოდ რესურსებია განაწილებული არათანაბრად... მოკლედ, ეს სისტემა ხელს უწყობს, რომ დაბადებიდან პრივილეგირებული პრივილეგირებულადვე დარჩეს. ამ შეხედულების გასაქარწყლებლად იქმნება მითები და გვაჩვენებენ, რომ მისაღებ გამოცდებზე ქულების რაოდენობით პირველ ან მეორე ადგილზე გავიდა გოგონა რაჭიდან. ხედავთ, როგორი სამართლიანი სისტემა გვაქვსო, აღნიშნავენ და გოგონა რაჭიდან რომ გამონაკლისია, დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსწავლეები რომ ჯობნიან დანარჩენებს, ამაზე არასდროს ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ცხარე დისკუსია იმართება იმაზე, ცხელა თუ არა ტესტირების დღეს. ეროვნული გამოცდების პრინციპი რომ უსამართლოა, ამაზე იშვიათად ლაპარაკობს ვინმე.

- მიმინოშვილის ადგილას რომ იყოთ, რას შეცვლიდით მისაღებ გამოცდებში? - უპირველესად, სახელმწიფოს შევთავაზებდი, რომ მისაღები გამოცდების სისტემა იყოს მრავალმხრივი და არა - მხოლოდ გამოცდებზე დაფუძნებული. გამოცდა შეიძლება იყოს მისაღები კრიტერიუმი, მაგრამ არც სავალდებულო უნდა იყოს და არც - გადამწყვეტი. დღეს გამოცდაზე თუ შეუძლოდ გახდი, მერე მთელი წელი უნდა ელოდო, რომ ძალები ხელახლა მოსინჯო. ამასთან, რატომ უნდა იღებდნენ სტუდენტებს მხოლოდ მაშინ, როცა გამოცდების ცენტრს სცალია? ძირითადი განმსაზღვრელი იმისა, რის საფუძველზე ჩააბარებს აბიტურიენტი, უნდა იყოს უნივერსიტეტები. სხვაგვარად გვექნება მუდამ უსამართლო და არაეფექტური სისტემა.

ძალიან ბევრი ფული იხარჯება სკოლების შემოწმებაზე, დამამთავრებელი გამოცდების ორგანიზებაზე, მერე - მისაღებ გამოცდებზე, უნივერსიტეტების აკრედიტაციაზე, მასწავლებლების სერტიფიცირებაზე, მაგრამ განათლების განვითარებაზე - თითქმის არაფერი. ეს პრინციპი უნდა შეიცვალოს! ის ხალხი, რომელიც 10 წლის წინ გვიმტკიცებდა, რომ გამოცდები დაეხმარებოდა განათლების ხარისხის ამაღლებას, დღესაც ამ სისტემაშია და გამოცდებით ხეირობს. რა შედეგი მივიღეთ მათი ინიციატივებით?! რატომ არ გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რომ სკოლაში ევლოთ? რატომ აბარებს უმცირესობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდებს და საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებებზე? რატომ არ გვაქვს ის შედეგი, რომელსაც გვპირდებოდნენ მეტი სავალდებულო გამოცდის შემოღებით? ვფიქრობ, ამის გამო მათ საზოგადოების წინაშე პასუხი უნდა აგონ.

ეკა სალაღაია