ბერძნული "არმაგედონი" - კვირის პალიტრა

ბერძნული "არმაგედონი"

ბოლო ათწლეულის უძლიერესი ხანძარი, რომელსაც ბერძნებმა"არმაგედონი უწოდეს, საბერძნეთში დიდხანს ემახსოვრებათ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 82 კაცი, ორასამდე კი ისევ საავადმყოფოებშია. დამწვარია 1550 სახლი, თუმცა ჯერ მხოლოდ ხუთასი სახლის დათვალიერება მოხერხდა. აქამდე ეძებენ 30-მდე დაკარგულ ადამიანს. მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს, გახსნილია არაერთი პუნქტი, სადაც ხალხი სისხლს აბარებს.

ხანძრის კერა ატიკის პროვინციის რამდენიმე ქალაქსა და ათენის შემოგარენში, ფაქტობრივად, ერთდროულად გაჩნდა და გამომწვევ მიზეზებზეც სხვადასხვა ვერსია გამოითქვა, ხანძრის ლოკალიზების შემდეგ კი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ტოსკასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, ათენის სიახლოვეს ხანძრები, შესაძლოა, განზრახ იყოს გაჩენილიო. ტოსკასის თქმით, სატელიტის სურათები მოწმობს, რომ რამდენიმე ხანძარი დროის მოკლე მონაკვეთში დედაქალაქიდან დასავლეთით გაჩნდა და მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი აღმოსავლეთით სწრაფად გავრცელდა. "განზრახ გაჩენილი ხანძრის არა მხოლოდ ინდიკატორები, არამედ ნიშნებიც არის," - განაცხადა ტოსკასმა, თუმცა დეტალები, ვის ან რა მიზნით შეიძლებოდა ხანძარი გაეჩინა, არ დაუზუსტებია. ჯერჯერობით არც მეხანძრეები აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია 23 ივლისს აალება საკურორტო ქალაქ კინეტასთან, ქალაქებთან რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან და პენდელის მთის ფერდობებზე. ცეცხლს 600-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა და სამასზე მეტი სახანძრო ავტომანქანა იყო მობილიზებული. სამაშველო სამსახურები მოსახლეობის ევაკუაციისთვის ნავებსა და ვერტმფრენებსაც იყენებდნენ. საბერძნეთის მთავრობამ დახმარება ევროკავშირსაც სთხოვა. დახმარებისთვის მზადყოფნა მაშინვე გამოთქვეს ესპანეთმა და კვიპროსმა.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საქართველოს სამ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა.