გამონაბოლქვი ტოქსიკური აღარ იქნება?! - კვირის პალიტრა

გამონაბოლქვი ტოქსიკური აღარ იქნება?!

ქართველი მეცნიერების გამოგონება, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო გააოცოს!

ქართველი მეცნიერების გამოგონებამ, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, შესაძლოა, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში გადატრიალება მოახდინოს. ეკოლოგიურად კატასტროფის პირას მყოფ ჩვენს ეპოქაში ეს გამოგონება შეიძლება მსოფლიო დონის აღმოჩენად იქცეს. როგორც შევიტყვეთ, ახალი გამოგონების პრაქტიკაში დანერგვა საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება.

მალხაზ ბოჭორაძე, მეცნიერი: - პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ. მე და ჩემი მეგობარი, ექიმი ირაკლი გარსევანიშვილი ალერგიის პრობლემებზე ვმუშაობდით. დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადებებია და ამ საკითხით ძალზე ვიყავით დაინტერესებული. რადგან ლაბორატორია არა გვაქვს, ამიტომ ჯერ თეორიულად ვამუშავებდით საკითხს და მერე ანალიზებს მოქმედ ლაბორატორიებში ვუკვეთდით.

პასუხები ადასტურებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით, ჩვენი ვარაუდი მართლდებოდა. ერთი სიტყვით, მივაკვლიეთ პრეპარატს, რომელიც ალერგიასთან ბრძოლაში ძალზე ეფექტურია, მაგრამ ხანგრძლივ მოხმარებას საჭიროებს.

რადგან ალერგიის გამომწვევი მთავარი მიზეზი საავტომობილო გამონაბოლქვი და მასში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებაა A(აზოტის და გოგირდის ჟანგეულები, მხუთავი გაზები), გვინდოდა, უფრო მასშტაბური, პრევენციული საშუალებისათვის მიგვეგნო. გადავწყვიტეთ, ჩვენი პრეპარატი, რომელიც ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება, ავტომობილის საწვავში გაგვეზავებინა (დანამატი სითხეა. - ავტ.).

ვვარაუდობდით, რომ პრეპარატი გამონაბოლქვის სახით გამოიყოფოდა გარემოში და ალერგიის პრევენციას შეუწყობდა ხელს. ასე დავიწყეთ, მაგრამ მერე, ცდები რომ ჩავატარეთ და პრეპარატის პრაქტიკული გამოცდა დაიწყო, საოცარი შედეგი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატის დამატებისას გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა ძალზე მცირდებოდა, - მხუთავი გაზი 40-45%-ით, აზოტის ჟანგეულები კი 60%-ით ნაკლები გამოიყოფა. ეს აღმოჩენა ეკოლოგიისათვის ძალზე პერსპექტიულია.

- საერთაშორისო დონეზე თუ აღიარეს თქვენი გამოგონება?

- ჩვენი მეგობრის მეუღლე  ინგლისში მაკლარენის ფირმის შვილობილი კომპანიის  მფლობელია. მისი ფირმა სპორტული ავტომობილების ექსპერტიზასა და რემონტს ატარებს. პირველად მან შეამოწმა ჩვენი გამოგონება და პირველი რეზულტატიც მან გამოგვიგზავნა. შედეგით თვითონაც გაოგნებული იყო. შემდეგ ჩვენი გამოგონება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო

მიმართულების კათედრამ შეისწავლა და ექსპერიმენტის დროს CO2-ის გამონაბოლქვის 40=-45%-ით შემცირება დაფიქსირდა. კასპიის ნავთობის ინსპექტორატის (ეს ფრანგული ორგანიზაციაა) წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში და ცდები "ჰიუნდაის" ცენტრში ახალ ავტომანქანაზე ჩაატარეს. მათ CO2-ის 43%-ით კლება დააფიქსირეს. მერე ცდები ჩავატარეთ ქალაქში მოძრავ ავტომობილებზე.

ავიღეთ ორი ზუსტად ერთნაირი მონაცემების მქონე ავტომობილი. ერთი წლის განმავლობაში ერთი დანამატს მოიხმარდა, მეორე კი - არა. ორივე ავტომობილზე სპეციალური ხელსაწყოთი, გაზოანალიზატორ "ტესტოთი" შემოწმდა გამონაბოლქვი. იმ ავტომობილის გამონაბოლქვში, რომელიც დანამატს რეგულარულად მოიხმარდა, CO2-ის 70%-იანი კლება იყო, ხოლო აზოტის ჟანგეულები საერთოდ აღარ დაფიქსირებულა.

საქართველოში ჩატარდა რეგიონული ეკოლოგიური კონფერენცია, სადაც მოხსენებით გამოვედით. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა ჩვენი მოხსენება დასკვნებითურთ კოპენჰაგენში გადაგზავნა. ჩვენს გამოგონებას გაეცნო ამერიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტიც, ეს ავტორიტეტული სტრუქტურაა და ჩვენი დანამატი იქაც არის რეგისტრირებული. ცდების ჩატარებას ტორონტოში უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.

- ბრძანეთ, რომ დანამატი სითხეა, ეს საწვავის ღირებულებას ხომ არ გააძვირებს?

- პროპორცია ძალიან დაბალია, - 1 მილილიტრი 10 ლიტრ 92-93% ოქტანობის საწვავში (რეგულარი) უნდა გაზავდეს. თუ საწვავი უფრო მაღალი ხარისხისაა და მისი ოქტანობა 95% და მეტია, ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, ან ისეთი მიზერული იქნება, რომ იმ სიკეთესთან, რასაც ეს დანამატი მოგვიტანს, შედარებაც არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, ქალაქში ავტომობილების 45%-ით ნაკლები მოძრაობდეს!

- ხელისუფლება არ დაინტერესდა თქვენი გამოგონებით?

- თავიდან სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან დაინტერესდნენ. საქართველოსთვის მცირე საწარმოც საკმარისი იქნება, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მალე მთელი საქართველო გაიცნობს ჩვენს გამოგონებას.