"შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?" - კვირის პალიტრა

"შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?"

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრის ბექა წიქარიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა მოუგვარებელი რჩება რიგი პრობლემები. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, რასაც სერვისების არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა იწვევს.

"საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ გავრცელდება ჯარიმა, თუმცა ეს არ ნიშნავს ფლობის ლეგალიზაციას, არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, ამისთვის არ დავისჯებით. საუბარია იმაზე, რომ თუ გადაგვიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და აღმოგვაჩნდება მარიხუანას კვალი, აღარ დავისჯებით. საერთო სურათში ეს იმ გამოწვევებს არ პასუხობს რაც ქვეყანაშია. გამოწვევებია პრობლემური მომხმარებლების რაოდენობის მიმართულებით, რომელიც მზარდია, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალური სისტემის მიწოდებაში, ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მცდელობა, რომ რეპრესიული აპარატი შეამციროს, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა სახელმწიფოს და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბექა წიქარიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ლალი მოროშკინა, პიარმენეჯერი:

"სასტიკად არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. რამდენიმე თვეში მივიღებთ სავალალო შედეგებს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი გასაოცარი დემოკრატიისთვის. დაგვეღუპება კიდევ არაერთი ახალგაზრდა და შემდეგ კრიტიკული მასა მოითხოვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას".

გია ბუღაძე, მხატვარი:

"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ვეთანხმები. იმ თაობას ვეკუთვნი, ვისაც უნახავს ადამიანები, რომლებსაც მარიხუანას გამოს სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა არც იმას ვემხრობი, რომ ადამიანი მარიხუანას გამო ციხეში ჩასვა. არ მინდა, გამოვჩნდე რეპრესიული პოზიციით, მაგრამ რადგანაც გამოკვეთილად ფხიზელი გონების თაყვანისმცემელი ადამიანი ვარ, ყველანაირი გამაბრუებელი საშუალება ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვარ ლიბერალური დამოკიდებულების მომხრე, ადამიანებს ამის გამო ციხეში არ უნდა უშვებდნენ, მაგრამ ყველანაირი სანქციის მოხსნის მომხრეც არ ვარ".

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"მე მგონი ხუმრობენ, ბოროტი ხუმრობაა ეს, მეტი არაფერი. ჩვენ გვყავს ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდობა, მაგრამ ეს ის ხალხი არ არის მარიხუანათი კარგი დღე რომ დაადგება. ეს არის მოდაში და რაც მოდაშია, იმის აღმოფხვრა რთულია. საშინლად ინანებს ამ გადაწყვეტილებას მთელი ქვეყანა. ჩემ შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?

ევროპისგან კარგი გადმოვიღოთ, რაღა ცუდს მივადექით, ძალიან შეწუხებული ვარ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ თუ იყო ფხიზლად, ნეტავ?!"

იხილეთ ასევე: "სად ქართველი და სად მარიხუანა?.. როგორც ჩანს, სურთ დასავლეთს აჩვენონ ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა"

(სპეციალურად საიტისთვის)